საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი II)
01 Jun 2012 3 Comments
in ამერიკული, ესპანური, ლიტერატურა, რუსული, ქართული, ჩეხური Tags: ბურუსი, გრიგოლ რობაქიძე, დიქტატურა, თეოდორ დოსტოევსკი, კომუნიზმი, კუნდერა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარადი ქმარი, ნუ მოკლავ ჯაფარას, ოკუპაცია, უნამუნო, ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე, ჩეხეთი, ჰარპერ ლი, ჰიტლერი
მილან კუნდერას “ყოფიერების აუტანელი სიმსუბუქე” - ოკუპირებული ჩეხეთი, ტანკებით სავსე პრაღა, დაჩაგრული ინტელიგენცია, ემიგრაცია, დიდი ძმის ყოვლისმომცველი თვალი და რეპრესიები – ასეთ ფონზე დახატა კუნდერამ ურთიერთობათა ლაბირინთში დაკარგული გმირები (ანუ თავისი განუხორციელებელი შესაძლებლობები): ტომაში, ტერეზა, საბინა და ფრანცი – მათ ერთმანეთთან გრძნობების გარდა აუტანელი სიმსუბუქით სავსე ყოფიერება აკავშირებთ, რადგან ცხოვრება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არასდროს არაფერი მეორდება – არც ცხოვრება და არც ისტორია… ეს მილან კუნდერასთან პირველი ნაცნობაა, ისევე როგორც ჩეხეთთან (ჩეხეთის ისტორიაზე, რა თქმა უნდა, წარმოდგენა მქონდა, მაგრამ ამჯერად სხვა თვალით შევხედე ჩვენთვის ასე ნაცნობ მოვლენებს). ახლო მომავალში აუცილებლად დავუბრუნდები “შეუცნობელით”. იმედია, არანაკლებ საინტერესო მოგზაურობა იქნება…
ჰარპერ ლის “ნუ მოკლავ ჯაფარას” - ამ ნაწარმოებს უკვე წლებია ვუტრიალებ, მაგრამ რატომღაც მხოლოდ ახლა გადავშალე. როგორც ჩანს, ატიკუს ფინჩის გაცნობის დრო ჯერ არ იყო დამდგარი (წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება) : ) უფრო ადრე რომ წამეკითხა, დარწმუნებული ვარ, ბევრად დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა, თუმცა უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ. იუმორით “შეზავებული” ბავშვური ისტორიები, მათი აღზრდა საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებით რასიზმის თემამ დამაინტერესა. ბიძია თომას გაცნობისას ჯერ არ მქონდა კარგად გათვიცნობიერებული ამ სიტყვის მნიშვნელობა, ჰარპერ ლიმ კი შემახსენა, რომ ამერიკაში ასეთი დროც არსებობდა… More
თბილისის წიგნის მე-14 საერთაშორისო ფესტივალი
27 May 2012 16 Comments
in ამერიკული, გერმანული, თურქული, ლიტერატურა, ფრანგული, ქართული, შვეიცარიული, ჩეხური Tags: ავარია, ამერიკული ზღაპრები, ბაბუაწვერას ღვინო, ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები, გობლინთა ნაკრძალი, გურჯი ხათუნი, დამსვენებელი, დაცემა, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მე რომ ფეხბურთელი ვიყო, მებრძოლთა კლუბი, სიტყვები, სტამბული, ულისე ბაღდადიდან, უმანკოების მუზეუმი, შავი ჭირი, შეუცნობელი, შიმშილის თამაშები, ჩაძირული ქალაქის ღამე, წიგნის ფესტივალი, ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები, ჰიტლერი

მოგეხსნებათ, წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენაა (არა მხოლოდ ბიბლიოფილებისთვის). მიუხედავად იმისა, რომ არასტაბილური გრაფიკი მაქვს, ფესტივალის პირველი ორი დღე მაინც სამუშაო დღეებს დაემთხვა და მხოლოდ მესამე დღეს გავემართე ექსპო-ჯორჯიასკენ (სამაგიეროდ, პირველი ხელფასით “ჯიბედამშვენებული”)
პირველ რიგში, ჩემი ყურადღება იმან მიიქცია, რომ წელს “პალიტრა L”-ის წიგნები ცალკე პავილიონში იყო განთავსებული, შესაბამისად ტრადიციული უზარმაზარი რიგი აღარ იდგა და საერთო პავილიონშიც უფრო თავისუფლად გადავადგილდებოდით. სამაგიეროდ, მაკულატურით “შეიარაღებული” ხალხი იყო მრავლად… More
სინიორ უმბერტო და “პრაღის სასაფლაო”
19 May 2012 8 Comments
in იტალიური, ლიტერატურა Tags: ალექსანდრ დიუმა, ზიგმუნდ ფროიდი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, პრაღის სასაფლაო, უმბერტო ეკო
სინიორ უმბერტოს ქართველი მკითხველი უკვე იცნობს, მაგრამ რატომღაც მის ბოლო რომანს (იმედია, არა უკანასკნელს) წიგნის მაღაზიების თაროებზე ვერ წავაწყდი (არადა, “ვარდის სახელის” წარმატების შემდეგ წესით უნდა ეთარგმნათ). საბედნიეროდ, ქართულ რეალობაში არსებობს მეზობლების და მათი ნაცნობ-მეგობრების ფენომენი : ) მათი წყალობით “პრაღის სასაფლაო” დროებით მფლობელობაში გადმომეცა და გზასაც გავუდექი.
მაშ ასე, თქვენს წინაშეა სიმონე სიმონინი – ნაწარმოების ერთადერთი გამოგონილი და ჩემი ლიტერატურული გამოცდილების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი გმირი. თავად ავტორს თუ დავუჯერებთ, ის რეალური პიროვნება არ არის, მაგრამ აერთიანებს დღემდე არსებულ ადამიანთა თვისებებს. დანარჩენი გმირები არსებობდნენ და მნიშვნელოვან როლსაც ასრულებდნენ მე-19 საუკუნის ისტორიაში. სწორედ ამ საუკუნეში მოხდა არაერთი საიდუმლოებით მოცული ამბავი: დაიღუპა გარიბალდის რაზმის გამორჩეული წევრი იპოლიტო ნიევო, გაყალბდა სიონისტური ოქმები (რომელიც შემდეგ ჰიტლერის “შთაგონების” წყაროდ იქცა), მოეწყო უამრავი შეთქმულება სხვადასხვა ქვეყნების საიდუმლო პოლიციის, მასონების და იეზუიტების მონაწილეობით… მოკლედ, ჭეშმარიტად დიუმას შესაფერისი ჟამი იდგა… More
ბულგაკოვის საიდუმლო
10 May 2012 12 Comments
in ლიტერატურა, რუსული Tags: აზაზელო, ბეჰემოტი, ბულგაკოვი, ვოლანდი, იეშუა, კოროვიევი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ოსტატი და მარგარიტა

მიხეილ ბულგაკოვის “ოსტატს და მარგარიტას” ალბათ ყველა ბიბლიოფილი იცნობს, მაგრამ ბოლომდე მისი საიდუმლო ვერავინ ამოხსნა. რა თქმა უნდა, ამას ვერც ამ მორიგი რიგგარეშე პოსტით შევძლებთ, თუმცა კიდევ ერთხელ თუ გავიხსენებთ ამ ამოუცნობ ნაწარმოებს, არაფერი დაშავდება. ამჯერად მას მხოლოდ ანტისაბჭოთა კუთხით მივუდგებით.
ჟანრობრივად “ოსტატი და მარგარიტა” რთული დასახასიათებელია. ის შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც მისტიკას, ასევე სატირას, ფარსს, ფანტასტიკას, მელოდრამას ან სულაც ფილოსოფიას. მათი მოსაზრების სასარგებლოდ კი, ვინც ამ ნაწარმოებში პოლიტიკურ ქვეტექსტებს ხედავს, არაერთი ფაქტი მეტყველებს. ვოლანდი, ანუ სატანა ზუსტად იმ დროს აღმოჩნდება მოსკოვში, როცა ღმერთის აღარავის სწამს. ოსტატიც სწორედ ასეთ დროს წერს რომანს იეშუაზე და ცენზორების მიერ უარყოფილი საგიჟეთში ხვდება. ნაწარმოების გმირები კი ყველა იმ “სენით” არიან შეპყრობილნი, რაც 30-იან წლებში იყო გავრცელებული (მექრთამეობა, ლოთობა, სიხარბე,…). “ცუდი ბინიდან” ხალხის გაქრობაც საეჭვოდ ჰგავს რეპრესიებს. თან ბულგაკოვი “ძაღლის გულშიც” “შემჩნეული” იყო პოლიტიკურ სატირაში. More
ჯონ სტაინბეკი და მღელვარების ზამთარი
27 Apr 2012 17 Comments
in ამერიკული, ლიტერატურა Tags: გზააბნეული ავტობუსი, ზამთარი ჩვენი მღელვარებისა, თაგვებსა და ადამიანებზე, კვარტალი "ტორტილა-ფლეტი", ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, მარგალიტი, მრისხანების მტევნები, რუსული დღიური, სამოთხის საძოვრები, ტომ ჯოუდი, ჯონ სტაინბეკი

ჯონ სტაინბეკის მიმართ რომ გულგრილი არ ვარ, ერთხელ უკვე ვთქვი. ორიოდე წლის წინ ზაფხულის არდადეგები თითქმის სულ მას “მიეძღვნა”, შარშანდელ საზაფხულო მოგზაურობებშიც მიიღო მონაწილეობა და თავის ჟანრში ფავორიტ მწერლებში გადაინაცვლა.
ყველაფერი “მარგალიტით” დაიწყო. მექსიკურ ლეგენდაზე დაფუძნებული ისტორია იმისა, თუ როგორ გამდიდრდნენ მოულოდნელად კინო და ხუანა და როგორ შემობრუნდა ორჯერ მათი ბედის ბორბალი, ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა. შემდეგ იყო “სამოთხის საძოვრები” – მოთხრობები ერთი ამერიკული ველის მოსახლეობის ცხოვრების შესახებ, “თაგვებსა და ადამიანებზე” – უნარშეზღუდულ ადამიანზე, “კვარტალი ტორტილა-ფლეტი” – ასევე მოულედნელ გამდიდრებაზე, “გზააბნეული ავტობუსი” – გზაზე დაკარგულ სხვადასხვა ტიპის ადამიანებზე, “მრისხანების მტევნები” – ამერიკელების ცხოვრებაზე კრიზისის დროს (ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა სტაინბეკის ნაწარმოებთა შორის, ტომ ჯოუდი კი ამ ეპოქის თავისებური სიმბოლოა), “რუსული დღიური” – შთაბეჭდილებები საქართველოში, უკრაინასა და რუსეთში მოგზაურობის შემდეგ (ასევე ჩემი მოკრძალებული აზრით, საუკეთესოა ამ თემაზე დაწერილ ნაწარმოებებში)… More
საგაზაფხულო წიგნები (ნაწილი I)
21 Apr 2012 14 Comments
in გერმანული, ესპანური, იტალიური, ლიტერატურა, რუსული, შვედური Tags: ბარაბა, ბეატრიჩე, ბერნარდა ალბას სახლი, ბიოგრაფია, ბიოლი, დანტე, ვირგილიუსი, კლოუნის თვალთახედვა, კრეიცერის სონატა, ლაგერკვისტი, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ლორკა, სალხინებელი, სამოთხე, ტოლსტოი, ჯოჯოხეთი
ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” - ეს არის ისტორია კლოუნი შნირისა, რომელმაც ყველაფერი დაკარგა – ხელოვნება, საყვარელი ქალი. რწმენა არც არასდროს ჰქონია, მშობლები კი იმ მდიდართა კატეგორიას მიეკუთვნებიან, რომლებიც შვილებსაც კი გასწირავენ, ოღონდ “ებრაელი იანკები” დამარცხდნენ. ასეთ ოჯახში აღზრდილი ხელმოცარული კლოუნი ვერ აკეთებს არჩევანს კათოლიკურ და პროტესტანტულ ეკლესიებს შორის, ვერ ეგუება პოლიტიკისა და ფულის ბატონობას, მარის წასვლა კი საბოლოოდ უღებს ბოლოს – ის ცარიელი თვალებით უყურებს გრიმით გათეთრებულ სახეს სარკეში და გაუცხოებას გრძნობს როგორც საზოგადოების, ისე საკუთარი თავის მიმართ. ასეთია სხვებისგან განსხვავებული ხელოვანის მარტოსული ცხოვრება საუკუნეში, რომელსაც თუ აუცილებლად სახელი უნდა დაერქვას, პროსტიტუცია ჰქვია და სადაც “ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი.”…კლოუნის თვალით დანახული გერმანიის გაცნობა ნამდვილად საინტერესო იყო, ისევე როგორც ომისშემდგომი ცხოვრების – “უკაცო სახლში”, თუმცა მელანქოლიით შეპყრობილმა შნირმა უფრო “ჩემი ნაღვლიანი სახე” გამახსენა…
ლევ ტოლსტოის “კრეიცერის სონატა” - ლევ ტოლსტოის დიდი ხნის წინ შევხვდი და პატარ-პატარა შესვენებებით საფუძვლიანად გავიცანი. დღეიდან ამ მწერლის წაკითხულ ნაწარმოებებს “კრეიცერის სონატაც” შეემატა. ეს მოთხრობა ხალხმა არაერთგვაროვნად მიიღო, ამიტომ თავად ავტორმა განგვიმარტა, თუ რა იგულისხმა ეჭვიანობის ნიადაგზე ქმრის მიერ ცოლის მოკვლის ამბავში. პირველ რიგში, ის ეწინააღმდეგება მრუშობას. სწორედ ამას უკავშირებს ის ღალატს და ბავშვების დაბადების თავიდან აცილების სურვილს. რაც შეეხება უკვე დაბადებულ ბავშვებს, ტოლსტოის აზრით, მათ ადამიანებად კი არა, ცხოველებად ზრდიან, რადგან მხოლოდ მათ ფიზიკურ მხარეზე ზრუნავენ. საბოლოოდ, ერთ დასკვნამდე მივდივართ – მწერალი უარყოფს ქორწინების საიდუმლოს და ამბობს, რომ ასეთი რამ ქრისტიანულ რელიგიაში საერთოდ არ არსებობს… მოკლედ, ორ რამეში დავრწმუნდი – ლევ ტოლსტოის სათქმელის გადმოსაცემად სულაც არ სჭირდებოდა უზარმაზარი ნაწარმოებების წერა და მისი ეკლესიიდან განკვეთა გასაკვირი სულაც არ არის… More
მარადიული ომის სურათები
17 Apr 2012 7 Comments
in ესპანური, ლიტერატურა Tags: არტურო პერეს-რევერტე, ბატალისტი, კომანჩების ტერიტორია, ლიტერატურა, ლიტერატურული ბლოგი, ომი

…ის არ ცდილობდა თავისი ფოტოების რეალისტური სისატიკის გამართლებას იმით, რომ ომი სძულდა… მას მხოლოდ ომის, როგორც კოსმიური აბსურდის, გაშიფრვა სურდა… ის ბატალისტი იყო… მან ფოტოებზე აღბეჭდა ომის ქარცეცხლში გახვეული კვიპროსი, ვიეტნამი, ლიბანი, კამბოჯა, ერიტრეა, სალვადორი, ნიკარაგუა, ანგოლა, ერაყი, … მაგრამ ასეთი ადგილები ხომ ყოველთვის ერთი ადგილია… ვიღაც იყო ომში, ვიღაც – არა, მაგრამ სინამდვილეში ომი ყველას უნახავს… და აი, ფოტოგრაფ ფოლკთან ერთად ვათვალიერებთ მარადიული ომის სურათებს: ნჯამენაში ტყვეებს ნიანგებს უგდებენ, დაჭრილი ბავშვი მოკლული დედის ცხედარს დაჰყურებს, მასწავლებელი მოსწავლეებს წინ მიუძღვის, ძალაგამოცლილი, მზერადაცარიელებული ჯარისკაცები მიუყვებიან გზას, რომელიც თითქოს არსად მიდის… ბოლო ფოტოზე ფოლკის საყვარელი ქალი აღიბეჭდა, ომის კიდევ ერთი მსხვერპლი და ყოფილ იუგოსლავიაში ომიც დამთავრდა, მაგრამ ნებისმიერ დროს შეიძლება ის ისევ გაცოცხლდეს – ლონდონში, პარიზში, მადრიდში ან ნიუ-იორკში. დასაღვრელი სისხლი კიდევ ბევრია, ჰაერში ისევ ტრიალებს smell of war, მანამდე ჩვენ ავტომობილისა და ტელევიზორის ყიდვაზე ვფიქრობთ, ომის ფოტოები კი რეკლამის საშუალებაა… ასე გრძელდება ტროადან ერაყამდე, ავღანეთიდან საქართველომდე… More



Recent Comments