ალბათ დამეთანხმებით, რომ ზაფხული საუკეთესო პერიოდია ლიტერატურისთვის.ამჯერადაც გადავწყვიტე ივლისის სიცხისგან თავის დასაღწევად მწერლების დახმარებით სხვადასხვა ადგილები მომენახულებინა, სხვადასხვა ადამიანები გამეცნო და გავმხდარიყავი ოდნავ უკეთესი, ვიდრე მანამდე ვიყავი. : ) რა თქმა უნდა, ყველა საინტერესო წიგნის წაკითხვა ერთ თვეში შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე მათგანმა ნამდვილად გაამართლა მოლოდინი.
თომას მანის “ბუდენბროკები” – ჩემი ლიტერატურული ზაფხულის პირველი სიამოვნება ერთ-ერთი საუკეთესო გერმანელი მწერლის ნაწარმოებია. მიუხედავად იმისა, რომ დასასრულის “საიდუმლოს” ქვესათაურშივე აეხადა ფარდა (“ერთი ოჯახის გადაშენების ისტორია”), ერთი შეხედვით “ზედმეტად” დიდი და სავარაუდოდ “მანისეული” რთული ენით დაწერილი წიგნი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ეს არის ბიურგერთა ოჯახის ოთხი თაობის ცხოვრების ისტორია, რომელთა დევიზია: “ბეჯითად იშრომე დღისით, მაგრამ გახსოვდეს, მხოლოდ ისეთ საქმეს მოჰკიდე ხელი, რომელიც ღამე მშვიდ ძილს არ დაგიფრთხობს”. ბუდენბროკები შრომობენ, იღწვიან გვარის უკვდავსაყოფად, განიცდიან პირად ტრაგედიებს და საბოლოოდ მხოლოდ გენეოლოგიური ხის უნაყოფო ტოტებად რჩებიან.
არტურო პერეს-რევერტეს “დიუმას კლუბი” – ეს არის რომანი განსაკუთრებულ სამყაროზე – წიგნების სამფლობელოზე, სადაც ცხოვრობენ დიუმაზე შეყვარებული ბუკინისტები და დემონოლოგიით დაინტერესებული ბიბლიოფილები. ისინი აგროვებენ წიგნებს, ცხოვრობენ წიგნებით და წიგნების საშუალებით ცდილობენ მეცხრე კარიბჭის გაღებას. როგორც თავად მწერალი ამბობს: ” ადამიანი იზრდება, ხდება ფლობერის ან სტენდალის თაყვანისმცემელი, ირჩევს ფოლკნერს, მარკესს ან კაფკას…ჩვენ გვაქვს სხვადასხვა აზრი და ხშირად დაპირისპირებამდეც მივდივართ, მაგრამ საკმარისია ვახსენოთ რამდენიმე ავტორი და ჯადოსნური წიგნი, რომ კვლავ თანამზრახველები ვხდებით. ამ წიგნებმა გაგვიღეს ლიტერატურის კარი. ისინი ეხებიან არა იმას, რასაც ვხედავთ, არამედ იმას, რაზეც ვოცნებობთ.” ასე რომ, თუ თქვენც გიყვართ დიუმა, მაშინ შეგიძლიათ ცოტა ხნით მაინც “ჩაეწეროთ” დიუმას კლუბში და ამ წიგნის ფურცლებზე კვლავ შეხვდებით დ’არტანიანს, სამ მუშკეტერს, მილედის, როშფორსა და თვით კარდინალ რიშელიესაც კი.
ერიკ-ემანუელ შმიტის “ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” – მიუხედავად მცირე მოცულობისა, ეს ნაწარმოები საოცრად ემოციურია. 10 წლის ბიჭი, რომელიც ლეიკემიითა ავად, მომვლელის რჩევით ღმერთს წერს წერილებს. ამ წერილებში ვხვდებით იუმორს, ბავშვურ გულუბრყვილობას. ამ რამდენიმე დღეში ოსკარი მთელ ცხოვრებას გადის, ეძებს მშობლების საქციელის მიზეზს, პასუხს კითხვაზე – არსებობს თუ არა ღმერთი. 12 დღის შემდეგ ის ტოვებს ამ ქვეყანას, მაგრამ მანამდე ვარდისფერი ქალბატონის დახმარებით იგებს ცხოვრების მთავარ სიბრძნეს: “ყოველდღე ისე უნდა უყურო სამყაროს, თითქოს პირველად ხედავ.”
ერიკ-ემანუელ შმიტის “ნოეს შვილი” – ეს არის კიდევ ერთი ნაწარმოები, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, თუ რა არის ომი. ნაცისტების დევნის მსხვერპლი ბავშვები ქრისტიანი მამა პონსის პანსიონში იმალებიან. ისინი განიცდიან მშობლებთან დაშორებას, ფიქრობენ იმაზე, თუ რა განსხვავებაა ებრაელებსა და ქრისტიანებს შორის და რატომ სძულს ჰიტლერს მხოლოდ ებრაელები. ერთ-ერთი ასეთი ბავშვია ჟოზეფიც, რომელიც განსაკუთრებით უახლოვდება ღვთისმსახურს და მისგან იგებს, რომ: “რელიგია არც ჭეშმარიტია, არც მცდარი, ის მხოლოდ ცხოვრების ერთგვარ ნაირსახეობას გვთავაზობს.” დაუშვებელია ადამიანთა დევნა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი განსხვავებული რელიგიის, ეროვნების ან რასის არიან. ომი მთავრდება და გადარჩენილი ებრაელი ბავშვები უკვდავყოფენ მამა პონსის სახელს, რომელმაც 271 ბავშვი გადაარჩინა და ამით მილიონობით ებრაელს მისცა სიცოცხლის შანსი (ქრისტიანმა ღვთისმსახურმა ოსკარ შინდლერი გამახსენა). ებრაელები არასდროს ივიწყებენ სიკეთეს, მაგრამ არც ომი მიეცემა სამუდამოდ დავიწყებას. ამჯერად ის სწორედ ებრაელთა მიწაზე იღვიძებს და უკვე ასაკოვანი ჟოზეფიც, მამა პონსის მსგავსად, იქცევა ნოედ და იწყებს ახალი კოლექციის შეგროვებას, რათა შემოინახოს ომის მსხვერპლთა ტრადიციები.
უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” – დეტექტიურ-ისტორიული რომანის ფურცლებზე მწერალი გვაცნობს შუა საუკენეების შერლოკ ჰოლმსს, უოტსონს, ხორხე ლუის ბორხესს ბიბლიოთეკის ბრმა მცველის სახით და გვიამბობს XIV საუკუნის კათოლიკური ეკლესიის შესახებ. “დიუმას კლუბის” მსგავსად, აქაც ხდება მკვლელობები წიგნის გამო, ამჯერად მონასტერში, და ბერები ელიან ანტიქრისტეს გამოჩენას. რეალურად კი ჩნდება მკვლელი. ჩემი აზრით, ეკოს შეეძლო სათქმელი უფრო მოკლედ ეთქვა, მაგრამ საერთო ჯამში მომეწონა. თავად მწერალს თუ დავესესხებით: “წიგნები იწერება არა იმიტომ, რომ მათი სჯეროდეთ, არამედ იმიტომ, რომ მათზე იფიქრონ. ყველამ, ვისაც წინ უდევს წიგნი, უნდა გაიგოს არა ის, რასაც ის ამბობს, არამედ ის, რისი თქმაც მას სურს.”
სექ 01, 2011 @ 13:37:40
მეც ზუსტად ივლისში წავიკითხე “ვარდის სახელი”, “ოსაკარი და ვარდისფერი ქალატონი”, “ბუდენბროკები” დავიწყე და თავი გავანებე, არ ვაპირებ კარგა ხანი მაგის წაკითხვას, აუ ოსკარი მართლაც ძალიან მაგარია! აქედან დასკვნა არ არის აუცილებელი მრავალ ტომიანი ნაწარმოებების წერა, ამ რამოდენიმე ფურცლიანმა ნაწარმოებაც კი შეძლო დაეტია იგივე ან უფრო მეტი ემოცია.
LikeLike
სექ 01, 2011 @ 19:20:30
მე მომეწონა “ბუდენბროკები”, მაგრამ “ოსკარი და ვარდისფერი ქალაბტონი” უფრო სასიამოვნო წასაკითხი იყო – ნაკლებად დამღლელი და მეტად ემოციური.
LikeLike
სექ 02, 2011 @ 07:50:12
🙂 🙂 🙂
LikeLike
სექ 26, 2011 @ 08:27:44
ლიტერატურული ივლისი მომეწონა – რევერტეც ჩემი ფავორიტია და ეკოც. შმიტის “ულისე ბაღდადიდან” და “პილატეს სახარება” მიდევს შინ და ჯერჯერობით, თავის რიგს ელოდება. ეს ბოლო განსაკუთრებით მაინტერესებს, თუმცა ბულგაკოვის შემდეგ ამ თემაზე რაღაც მოგეწონოს, ძნელია.
LikeLike
სექ 26, 2011 @ 08:51:42
შმიტისეული პილატე ჩემთანაც ელის თავის რიგს : ) ივლისში წაკითხულმა მისმა ორმა ნაწარმოებმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა და იმედია მისი თვალით დანახული პილატეც საინტერესო და ბულგაკოვის ვერსიისგან განსხვავებული იქნება.
LikeLike
ოქტ 03, 2011 @ 17:49:23
ბევრი ამბობს რომ ,,ბუდენბროკები” არ მოეწონათ.რავი მეც ზაფხულში წავიკითხე და მომეწონა.
LikeLike
ოქტ 03, 2011 @ 18:04:16
ყველაფერი შედარებითია.ბევრი წიგნი მომწონებია მეტადაც და ნაკლებადაც: ) იმედი ნამდვილად არ გაუცრუებია.
LikeLike
ოქტ 24, 2011 @ 12:03:19
“ბუდენბროკები” ჩემი ერთ-ერთი საყვარელი წიგნია, მიყვარს ოჯახური საგები… გოლზუორთიც მიყვარს 🙂
LikeLike
ოქტ 24, 2011 @ 12:22:22
ფორსაიტების უზარმაზარი ოჯახი და უზარმაზარი წიგნი დღემდე მახსოვს 🙂 “ბუდენბროკები” უფრო მომეწონა
LikeLike
ნოე 14, 2011 @ 22:18:12
რატომღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ,,ვარდის სახელი” ზედაპირულად წაიკითხე (ან განიხილე) :)))
LikeLike
ნოე 15, 2011 @ 09:31:16
უფრო განვიხილე 😀 ეკო ზედაპირულად წაკითხვის საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ დეტალურად განხილვა როგორც მინიმუმ ერთ დიდ პოსტს მოითხოვს : ) … და ჩემზე ნიჭიერ “ავტორს” 😀
LikeLike
მარ 13, 2012 @ 15:30:56
რა სამწუხაროა არც ერთი არ მაქვს წაკითხული. და რა ბედნიერი ვარ, რომ ჯერ კიდევ წინ მაქვს პირველად წაკითხვის სიამოვნება 🙂
LikeLike
მარ 13, 2012 @ 17:22:16
ნამდვილად დიდი ბედნიერებაა 🙂 ახლა რომ გადავხედე, ზაფხულში წაკითხულებიდან ესენი საუკეთესოა (ჩემი გემოვნებით, რა თქმა უნდა) 🙂
LikeLike
მაისი 06, 2012 @ 21:07:55
,,ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” ისეთი გულშიჩამწვდომი იყო, ისეთი, ისეთი… ცრემლები მომერია:( ,,პატარა უფლისწულის” მეგობარი მგონია მე:)))
არტურო პერეს-რევერტეს “დიუმას კლუბი” – ქართულად წაიკითხე?:))
LikeLike
მაისი 06, 2012 @ 23:51:21
ოსკარი დაუვიწყარია… : )
არა, რუსულად. ქართულად რევერტესი არაფერი შემხვედრია…
LikeLike
მაისი 09, 2012 @ 18:55:45
სამწუხაროდ მე რუსულად ვერ ვკითხულობ:(
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 15:22:04
დიუმას კლუბი მაინტერესებს ძაან იქნებ როდესმე ქართულად გადათარგმნონ
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 18:56:43
იმედია მალე თარგმნიან “დიუმას კლუბს” და ზოგადად რევერტეს 🙂 საინტერესო მწერალია…
LikeLike