ზაფხულის მოგზაურობისას გადავწყვიტე გერმანელ მწერალს შევხვედროდი და ინდოეთში აღმოვჩნდი. ჰარი ჰალერისა და გოლდმუნდის შემდეგ ჰერმან ჰესემ სიდჰარტჰა გამაცნო. სიტყვა “სიდჰარტჰა” ნიშნავს ადამიანს, რომელმაც მიზანს მიაღწია. მთელი ნაწარმოებიც ამას ეძღვნება – ადამიანის სვლას მიზნისაკენ.
ბრაჰმანის ვაჟი სიდჰარტჰა ჭეშმარიტებას ეძებს. სწორი გზის საპოვნელად არაერთ გზას ადგება – განდგომის, ხორციელი სიყვარულის, სიმდიდრის, მაგრამ ერთ დღესაც ხვდება, რომ მის გულში რაღაც მოკვდა. მას აღარც ლოდინი, ფიქრი და მარხვა ახარებს. საზოგადოებაში ჭეშმარიტებას ვერ პოულობს, რადგან “ადამიანთა უმეტესობა ჩამოვარდნილ ფოთლებს ჰგავს. ისინი ჰაერში ტრიალებენ, მაგრამ ბოლოს ძირს ეცემიან. სხვები კი – მხოლოდ მცირედნი – ვარსკვლავებს ჰგვანან. ისინი გარკვეული გზით მოძრაობენ. ვერანაირი ქარი ვერ აიძულებს მათ, რომ გზიდან გადაუხვიონ. ისინი თავის თავში ატარებენ საკუთარ კანონს და საკუთარ გზას. ” რჩეულ ვარსკვლავებს მიეკუთვნება სიდჰარტჰაც, ამიტომ ის ისევ ადგება გზას.
ამჯერად სიდჰარტჰას გზა “მარადახალ” მდინარესთან მიდის, რომელთანაც ძველი ნაცნობი ვასუდევა ელოდება. ვასუდევა მდინარეს უსმენს და ამითაა ბედნიერი. სტუმარსაც ასწავლის მდინარის მოსმენას. სწორედ აქ ხვდება სიდჰარტჰა, რომ დრო რეალურად არ არსებობს და ბედნიერებას აღწევს, სანამ არ გაიცნობს თავის ვაჟს, რომელიც კამალასგან შეეძინა (კამალა სიდჰარტჰას ცხოვრებაში ხორციელი სიამოვნების ეტაპს გამოხატავს). უდედოდ დარჩენილი ვაჟი არ ემორჩილება მამას და მისი გაქცევის შემდეგ სიდჰარტჰა ხვდება, რომ მის დაბრუნებას აზრი არ აქვს. თავის დროზე თავადაც დატოვა მამა, მაგრამ რადგან დრო არ არსებობს, არც ადამიანთა აწმყოა რეალური.
გადის წლები. ვასუდევას განდგომის შემდეგ სიდჰარტჰა მარტოა მდინარესთან ერთად. ბოლო ეპიზოდში ის ცხოვრების მანძილზე დაგროვილ გამოცდილებას ძველ მეგობარს, გაუტამას მოსწავლე გოვინდას უზიარებს. სწორედ ცხოვრებისა და მდინარის დახმარებით მიაღწია მან მიზანს, აღმოაჩინა ჭეშმარიტება, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: “სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია ამქვეყნად. სამყაროს შეცნობა, მისი ახსნა, მისი ზიზღი – ეს ყველაფერი დიდ მოაზროვნეებს დავუტოვოთ. მნიშვნელოვანია მხოლოდ ერთი რამ – ვისწავლოთ სამყაროს სიყვარული, არ შევიზიზღოთ ის, არ შეგვძულდეს ის და საკუთარი თავი, ვუყუროთ მას, საკუთარ თავს და ყველა არსებას სიყვარულით, აღფრთოვანებითა და პატივისცემით.”
სექ 05, 2011 @ 09:42:31
როგორ მაინტერესებს ეს ნაწარმოები 🙂
LikeLike
სექ 05, 2011 @ 09:54:24
ნამდვილად ღირს წაკითხვა 🙂
LikeLike
ივლ 22, 2013 @ 19:01:20
ქართულად არის ხომ გამოცემული ეს წიგნი?
LikeLike
ივლ 22, 2013 @ 21:00:41
არის. “სიესტამ” გამოსცა.
LikeLike
მარ 28, 2012 @ 13:02:55
ჰესეს ფილოსოფიური კრედო კარგად ვლინდება მის აღმოსავლურ თემაზე შექმნილ ნაწარმოებებში. ,,ზიდჰარტა” ამის ყველაზე კარგი მაგალითია. პოეტის სწრაფვას სამყაროს არსის შემეცნებისაკენ ადამიანის მაღალი მე-ს ძიებისკენ მივყავართ. მისიონერი პაპის წყალობით, ის ადრე ეზიარა აღმოსავლურ სამყაროს და ბოლომდე გაიდგა ფესვები მის გულში. თუმცა აზროვნების სტილით ბოლომდე ევროპელად რჩება. რასაც თავადვე ამბობს.
LikeLike
ივლ 23, 2013 @ 00:30:24
მადლობა.
LikeLike
სექ 07, 2014 @ 10:31:03
რა ცუდად ხვდება ყურს სიდჰარტა. ზიდჰარტაა უპრიანი–გერმანულიდან თარგმნილი რადგანაცაა…
LikeLike
სექ 27, 2014 @ 21:44:35
ახალ თარგმანში ასეცაა. რატომღაც ძველ ვერსიაში “ს” ამჯობინეს.
LikeLike