ამელი ნოტომის “კრძალვითა და ცახცახით” – გაინტერესებთ რა ხდება მაშინ, როცა ერთმანეთს ეჯახება ორი კულტურა, ორი მენტალიტეტი?მაშინ აირჩიეთ მეგზურად ამელი. მან ეს ყველაფერი პირადად გამოსცადა იაპონურ კომპანიაში მუშაობისას და ევროპელისთვის შესაშური მოთმინებაც გამოიჩინა. ის იყო უფუნქციო თანამშრომელი, რომელსაც უაზრო დავალებებს აძლევდნენ, უკრძალავდნენ იაპონურად საუბარს, უწოდებდნენ გამყიდველს, არარაობას, ინდივუდიალისტს (იაპონელებისთვის ეს უკანასკნელი ეპითეტიც სალანძღავი სიტყვა ყოფილა) და უცხადებდნენ,რომ: “დამორჩილება ყოველთვის შეიძლება. ეს ის არის,რაც დასავლურმა გონებამ უნდა გაიგოს.” ამ ყველაფერს ემატებოდა პირადი კონფლიქტი, რომლის უკანაც იმალებოდა ცნობისმოყვარეობა.საბოლოოდ ამელიმ ერთ წელიწადში მოახერხა კარიერული კიბის ბოლო -ქვედა – საფეხურზე ჩამოსვლა,იაპონურ ხასიათში გარკვევა და მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც არ დაკარგა იუმორის გრძნობა.(P.S. ამ ნაწარმოების შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ბუღალტრობაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო 🙂 და კიდევ – იაპონური ტრადიციების თანახმად ძროხების,ღორებისა და გარყვნილების კატეგორიას მივეკუთვნები და დახვეწილობაზე პრეტენზია არ უნდა მქონდეს 🙂
იასუნარი კავაბატას “თოვლიანი მხარე” – ნობელიანტი იაპონელი შიმამურასა და კომაკოს სიყვარულის ისტორიას გვიყვება, მაგრამ ეს ისტორია ჩვეულებრივი არ არის. ალბათ ასეც უნდა იყოს, რადგან მოქმედება განსაკუთრებულ ადგილას – თოვლიან მხარეში – ვითარდება, სადაც: “სულ სხვანაირი ვარსკვლავებია, ვიდრე ტოკიოში. აქ ისინი სიცარიელეში ანათებენ.” კაცი დაკარგული სერიოზულობისა და გრძნობების დასაბრუნებლად მთებში ადის, ქალს კი საკუთარი უმწეობა აგიჟებს – მართლაც, რა უნდა ქნას გეიშამ, რომელსაც ტურისტი უყვარდება?! გამოსავალი არ ჩანს. ირგვლივ კი თოვლი და იაპონელებისთვის დამახასიათებელი სევდაა…
კობო აბეს “უცხო სახე” – ეს არის ისტორია კაცისა, რომელმაც ქიმიური ექსპერიმენტის შედეგად სახე დაიზიანა. სამყაროში კი, სადაც ადამიანებს სახით აფასებენ, სადაც სულიერი სახე ყველას დაკარგული აქვს, სახის გარეშე დარჩენილისთვის რთულია თავის პოვნა. თანაგრძნობით სავსე მზერით გარშემორტყმული უსახო კაცი მარტოა და ამ მარტოობის დასაძლევად იწყებს ნიღბის შექმნას. და აი, ისიც მზად არის! “ფარდა ნიღბების ტრაგედიაში დაეშვა”, მაგრამ რა მოხდება მაშინ, თუ ნიღაბი ურჩხულად იქცევა? თუ ყველა მოიზომებს მილიონობით ნიღაბს და ბოლოს ყველაზე ყალბს, ყველაზე უხეშს ამოირჩევს და სიმართლის დასაფარად გამოიყენებს? როგორ უნდა “აიდღლიზოს” მიწებებული ნიღაბი? ატომური აფეთქებისას “სახედაკარგული” გოგონა სიკვდილს ირჩევს, ხოლო რა გზას აირჩევს უცხო სახის მქონე კაცი, ამას კობო აბესთან ერთად გაიგებთ…
იუკიო მიშიმას “ოქროს ტაძარი” – 1950 წელს ბუდისტმა მორჩილმა იაპონიის უძველესი დედაქალაქის, კიოტოს, ყველაზე ცნობილი არქიტექტურული ძეგლი – კინკაკუძის ტაძარი დაწვა. მიშიმა, რომელიც ყოველთვის თვლიდა, რომ დაღუპვა მშვენიერებას კიდევ უფრო მეტ სრულყოფილებას ანიჭებდა, შეძრა ამ ფაქტმა და მან შექმნა ბერი მიძოგუტის სახე. 20 წლის შემდეგ იუკიო მიშიმამ მშვენიერების მოკვლა უძველესი იაპონური ტრადიციის აღსრულებით სცადა. რა აერთიანებს ოქროს ტაძრის დაწვასა და თვითმკვლელობას, გარდა მწერლისა? ამ ორ ფაქტს შორის კიდევ არის საერთო – გასაოცარია, მაგრამ მიშიმამ და მიძოგუტიმ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან მშვენიერება “ფენიქსს ჰგავს, რომელიც ოქროს ტაძარს თავს დასტრიალებს.” კინკაკუძი დღესაც დგას, მისი პირველადი სახე აღდგენილია და ის ისევ მიუწვდომელია ცეცხლის ალისთვის. რაც შეეხება იუკიო მიშიმას, მისი უკვდავება, მისი მშვენიერი ტაძარი ათლეტური სხეული ან შთამბეჭდავი ჰარაკირი კი არა, წიგნებია, რომლებიც კიოტოს ტაძარზე არანაკლებ სულისშემძვრელია…
ქენძაბურო ოეს “დაგვიანებული ახალგაზრდობა” – რას ნიშნავს ომი, სამწუხაროდ, ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ომის დამთავრება ცხოვრებას უნგრევს, დაკარგული თაობის გარდა არსებობს დაგვიანებული ახალგაზრდობაც… ოეც ასეთ ადამიანზე გვიამბობს. მას დაბადება დააგვიანდა და იმ აზრით აღიზარდა მილიტარისტული იაპონიის სკოლაში, რომ: “ომი, კიდევ ერთი ომი, და შემდეგ ისევ ომი. ომები არ მთავრდება. ომში არავინ დააგვიანებს. ყველა წავა ომში და ყველა გახდება ჯარისკაცი.” მაგრამ ერთ დღესაც ომი მთავრდება და კამიკაძეობაზე მეოცნებე იაპონელი ბიჭის ილუზიებიც ინგრევა. ის ვეღარ დაეცემა ბრძოლის ველზე იმპერატორისთვის და ვეღარ მოიპოვებს უკვდავებას, ვეღარ მიმართავს სისასტიკეს დაუძინებელი მტრებისკენ. თუმცა ცხოვრებაც გარკვეულწილად ომია, ოღონდ არა ოქროს ომი, არამედ ბინძური ბრძოლა, ბრძოლა, რომელიც ადამიანში თელავს სიკეთის რწმენას, მწვერვალისკენ მიმავალს უკან აგდებს, კვებავს მას ფუჭი იმედებით… ბოლოს კი რჩება მოჩვენებითი სიმშვიდე და დაგვიანებული ახალგაზრდობის აღსარება…
დეკ 26, 2011 @ 20:21:45
შენი ბლოგი აშკარად ვერ მოქმედებს ჩემს თავმოყვარეობაზე დადებითად. არც ერთი წაკითხული არ მაქვს 😦 😦 😦 😦 😦
LikeLike
დეკ 26, 2011 @ 20:24:40
მოსალოცი ამბავია 🙂 ჯერ ყველაფერი წინ გაქვს 😉
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 16:15:41
თაია, მეც მასე ვარ 🙂
ნოტომის ეს ნაწარმოები არ მაქვს წაკითხული, სხვა რამდენიმე კი 🙂
ისე იაპონურ მწერლობას ცუდად ვიცნობ, ახლა მივხვდი და გამოსწორებას საჭიროებს ეს ფაქტი 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 20:27:45
გამოსწორდება, გამოსწორდება 🙂 საჭირო წიგნები საჭირო დროს ჩნდებიან ხოლმე 😉
LikeLike
დეკ 28, 2011 @ 17:24:48
როგორ მესმის თაია შენი. : / ისე კი უდაოდ,საინტერესო იქნება ხუთივე წიგნები.პირველზე მსმენია და ძალიან დაინტერესებული ვარ წავიკითხო. :>
LikeLike
დეკ 28, 2011 @ 18:25:57
მეც მესმის 😉 პოლიტიკოსებს თუ დავესესხებით, წასაკითხი კიდევ ბევრია 😀
LikeLike
დეკ 26, 2011 @ 20:43:28
მე კი ვიცნობ ამ მწერლებს, მაგრამ არა აქ ჩამოთვლილი წიგნებით. ისე ჩემი ფავოტიტები იაპონელთაგან მაინც მურაკამი და მისიმოა
LikeLike
დეკ 26, 2011 @ 20:48:57
იაპონელთაგან ყველაზე მეტად აკუტაგავას ვაფასებ, მაგრამ მიშ(ს)იმა ნამდვილად დიდი იაპონელია. მურაკამიმ უკვე მომაწონა თავი თავისი ცხვრით, და მისი უფრო ახლოს გაცნობა აწ უკვე 2012-ის უპირველესი გეგმაა:))
LikeLike
დეკ 26, 2011 @ 21:01:16
რამდენადაც პოეზია აქვთ იაპონელებს მსუბუქი და ჰაეროვანი, იმდენად მძიმე და რეალისტურია პროზა. ენდოს “ქალი რომელიც მივატოვე” წავიკითხე ჩემდა ჭირად ზღვაზე და მთელი სეზონი ჩამიშხამა – არც ცურვა მინდოდა, არც რუჯი, არც გართობა და ჭამა – ცრემლებს ვაღვარღვარებდი.
მიშიმას ნიღბის აღსარება მომწონს ძალიან.
LikeLike
დეკ 26, 2011 @ 21:05:38
საბედნიეროდ, ცრემლების გარეშე ვკითხულობ ხოლმე. სხვა შემთხვევაში ამდენ იაპონელს ვერ ავიტანდი:) მხოლოდ მიშიმაც კი მომიღებდა ბოლოს თავისი ცხოვრებით, “ნიღბის აღსარებით” ან თუნდაც რომელიმე პატარა მოთხრობით:)
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 06:24:52
პირველი მაქვს წაკიტხული, მახსოვს ლიგამუსის კაფეში ერთ საათიანი “ფანჯრის” დროს როგორიინტერესით ვკითხულობდი…
სხვა დანაღცენს სამწუხაროდ არ ვიცნობ
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 15:02:56
ილიას უნივერსიტეტის მშურს ლიგამუსის გამო 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 09:17:45
ამ ქვეყანაზე ადმიანური ღირსების, ოჯახისა და მეგობრების გარდა სამი რამ მიყვარს ყველაზე მეტად: ჭკვიანი ადამიანები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ამ ორივეს მქონე იაპონია! ❤ იაპონია. დარწმუნებული ვარ მწერლობაც შესაბამისი აქვთ. მე მარტო მურაკამი მაქვს წაკითხული. და ქენძაბურე ოე მეც მაქვს სახლში და წავიკითხავ. 🙂 🙂 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 15:04:07
ნამდვილაად საინტერესო ქვეყანაა და ლიტარატურაც ერთ-ერთი საუკეთესო აქვს (ჩემი აზრით, რა თქმა უნდა) 🙂
LikeLike
დეკ 28, 2011 @ 17:38:55
ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგარი ხალხია. 🙂 🙂 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 10:05:34
მიშიმასი ჯერ მარტო ცხოვრება რად ღირს 😦 ჩემი ფავორიტი მაინც აკუტაგავაა, ამელი ნოტომი სახლში მაქვს რამდენიმე წიგნი და ჯერ ვერ მოვედი მის ხასიათზე. მურაკამი კი ჩემი არაა, საერთოდ არ მომწონს 😦
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 15:08:46
მიშიმას ცხოვრება ერთ დიდ ნაწარმოებად ღირს, ისევე როგორც რიუნოსკესი… მურაკამის კარგად არ ვიცნობ. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები 2012-ში 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 15:55:12
რა კარგი ამბებია! როგორ მაინტერესებს აბე და მისიმა. დანარჩენები ძალიან კარგი იყო. მიყვარს იაპონია.
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 16:09:00
მეც მიყვარს. ჯერჯერობით მხოლოდ ლიტერატურულად, მაგრამ იმედია ერთხელ საკურას ყვავილობას და კინკაკუძის ტაძარსაც ვნახავ 🙂
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 16:56:59
გისურვებ ნახო და ჩემს თავსაც ვუსურვებ.
ეს ორი ალბათ, რუსულად წაიკითხე ხომ?
LikeLike
დეკ 27, 2011 @ 20:38:41
კი, ყველა. შეიძლება ქართული თარგმანიც არის. ზუსტად ვერ გეტყვი.
LikeLike
იან 13, 2012 @ 19:38:10
რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს პოსტი მომწონებული და დაკომენტარებული მქონდა იმდენად მომწონს იაპონური ლიტერატურა, ყველა არ მაქვს წაკითხული მაგრამ კობო აბეს “უცხო სახე” და ქენძაბურო ოეს “დაგვიანებული ახალგაზრდობა” მართლაც, რომ გამორჩეული ნაწარმოებებია, მე ასევე დავამატებდი მონძაემონ ჩიკამაცუს, ძალიან მომწონს მისი “შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე”
LikeLike
იან 13, 2012 @ 21:12:46
მახსოვს “შეყვარებულთა თვითმკვლელობა”. მე მგონი, მისი ავტორი ყველაზე “მოხუცი” იაპონელია, რომელსაც ვიცნობ 🙂
LikeLike
იან 24, 2012 @ 20:45:00
ჩავინიშნე, როდისმე ესენიც უნდა წავიკითხო ^^
LikeLike
თებ 13, 2012 @ 14:13:00
ქენძაბურო ოეს “დაგვიანებული ახალგაზრდობა”
მხოლოდ ეს მაქვს წაკითხული ((
LikeLike
თებ 13, 2012 @ 14:22:43
ოეს გაცნობა გარკვეულწილად მთელი იაპონიის გაცნობაა 🙂
LikeLike