იაპონური იანვარი

კაზუო იშიგუროს “ნურასოდეს გამიშვებ” – კლონები, დონორები – მოკლედ ანტიუტოპია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო იაპონიასთან ავტორის წარმომავლობის გარდა… ერთი შეხედვით ასეთ ისტორიას გვიყვება იშიგურო, ისტორიას უცნაურ სამყაროზე, სადაც ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული, სადაც პროგრესმა დაუნდობლობა მოიტანა, სადაც “გეუბნებიან და არ გეუბნებიან” და სადაც ჰგონიათ, რომ ორგანოთა დონორობისთვის განკუთვნილ კლონებს სული არ გააჩნიათ… მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა. ორგანოები ვაკუუმიდან არ ჩნდებიან – მიუხედავად ყველაფრისა, კლონებს აქვთ სული და ხშირად ჩვეულებრივ ადამიანებზე უფრო ძლიერი სიყვარული შეუძლიათ, უფრო ერთგული მეგობრები არიან… მათ სურთ ნორმალურ სამყაროში ცხოვრება და მთელი ძალით ებღაუჭებიან ძველ, სიყვარულით სავსე სამყაროს… ამ ყველაფერს კი თითქოს ფონად გასდევს სიმღერა “ნურასოდეს გამიშვებ”…

რიუ მურაკამის “ბავშვები შემნახველი საკნიდან” – ეს არის ისტორია ორი იაპონელისა, რომლებიც დედებმა შემნახველ საკანში მიატოვეს. სასწაულით გადარჩენილი ბიჭები გაიზარდნენ. ერთი მომღერალი გახდა, მეორე – ჭოკით მხტომელი, მაგრამ მათ ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა: “გარშემო ბრბოა და ყველა გასწავლის, როგორ უნდა მოიქცე. ამასთან ყველა გატყუებს. არაფერი შეცვლილა მას შემდეგ, რაც პირველად იტირე შემნახველ საკანში. მხოლოდ შემნახველი საკანი გაიზარდა. მასში გაჩნდა საცურაო აუზი, ბაღი, მუსიკა, შიშველი ქალები, შინაური ცხოველები, მუზეუმები, კინოთეატრები, საგიჟეთები… მაგრამ ეს მაინც შემნახველი საკანია და რამდენიც არ უნდა თხარო, მაინც კედელთან მიხვალ. და თუ მასზე აძრომას გადაწყვეტ, შეგხვდებიან დამცინავი “სიფათები” და პანღურის კვრით ჩაგაგდებენ უკან – ციხეში, საგიჟეთში… ეს ყველაფერი მოხერხებულადაა დაფარული პალმებით, საცურაო აუზებით, ფუმფულა ლეკვებით, ტროპიკული თევზებით,  კინოეკრანებით, გამოფენებით. მაგრამ ამ ყველაფრის მიღმა , დაუღალავი დამკვირვებლები და გადაულახავი კედელია. როცა ნისლი იფანტება, ყველაფერი ჩანს. ისინი გაშინებენ, გაგიჟებენ, მაგრამ ვერაფერს აკეთებ. და როცა ვერ უძლებ, როცა შიში და ბრაზი გაიძულებს, რომ იმოქმედო, მათ ყოველთვის მზად აქვთ ციხე, საგიჟეთი, ფერფლის ურნა. ერთადერთი ხსნა არსებობს: ყველაფერი უნდა დალეწო, დაიწყო ნულიდან, ყველაფერი ჯანდაბაში გაუშვა…” და მაშინ ისინი იწყებენ ნულიდან, ეშვებიან გარყვნილების და სისხლის მორევში, ეძებენ ცხოვრების გაგრძელების აზრს. ერთისთვის ეს აზრი განსაკუთრებული მელოდიის –  დედის გულისცემის ხმის გაგებაა, მეორეს კი ტოკიოს განადგურება სურს მომწამვლელი დატურის დახმარებით…

ჰარუკი მურაკამის “დენს, დენს, დენს” – ეს არის “ვირთხის ტრილოგიის” გაგრძელება, რომლის ფურცლებზეც ისევ ვხვდებით ჩვენს ძველ ნაცნობს. ცხვარზე ნადირობის შემდეგ მთავარი გმირი კვლავ მარტოა და უბრუნდება საწყის წერტილს – სასტუმრო “დელფინს”, სადაც მას ადამიანი-ცხვარი ელოდება, რათა “შეაერთოს” საჭირო ადამიანებთან და დაარწმუნოს, რომ ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამ უცნაური, ხიფათით სავსე ცხოვრებისგან თავის დაცვა კი მხოლოდ ერთი გზითაა შესაძლებელი: “იცეკვე. სანამ მუსიკა ჟღერს, გააგრძელე ცეკვა. იცეკვე და არ შეჩერდე. ნუ განსჯი, რატომ ცეკვავ. ნუ დაფიქრდები, რა აზრი აქვს ამას. აზრი მაინც არ არსებობს და არც არასდროს არსებობდა. ჩაფიქრდები და ფეხები ჩერდება. და თუ ფეხები გაჩერდა, უკვე ვეღარაფერი გიშველის. ყველა შენი კონტაქტი სამყაროსთან გაწყდება. სამუდამოდ გაწყდება. თუ ეს მოხდება, მხოლოდ აქაურ სამყაროში შეძლებ ცხოვრებას. ამიტომ არ შეიძლება, რომ ფეხები გაჩერდეს. ირგვლივ ყველაფერი სულელური და უაზრო რომც ჩანდეს, ყურადღება არ მიაქციო. რითმს მოუსმინე და გააგრძელე ცეკვა. გამოწურე საკუთარი თავი ლიმონივით. და დაიმახსოვრე: საშიში არაფერია. შენი მთავარი მეტოქე დაღლაა, დაღლა და პანიკა დაღლისგან. ეს ყველას ემართება. მოგეჩვენება, რომ მთელი სამყარო არასწორადაა მოწყობილი და ფეხები თავისით გაჩერდება…” გაითვალისწინებს თუ არა გმირი ადამიანი-ცხვარის რჩევას, ამას მურაკამი გეტყვით…ჩემგან კი ერთს დავამატებ – მურაკამებს შორის რიუს ვარჩევ : )

არტურ გოლდენის “გეიშას მემუარები” – ეს არის გეიშას ცხოვრების ისტორია, რომელსაც საფუძვლად დაედო რეალური პიროვნების, მინეკო ივასაკის ნაამბობი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივი რომანია, მაგრამ იაპონური კულტურით დაინტერესებულებს აუცილებლად მოეწონებათ. მართალია, წიგნის გამოსვლის შემდეგ მინეკო ივასაკიმ განაცხდა, რომ მწერლის მიერ აღწერილი ყველა ფაქტი რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ ასეა თუ ისე, გოლდენი საკმაოდ კარგად გვიამბობს გეიშების ცხოვრების არა ერთი საინტერესო თავისებურების შესახებ, როგორებიცაა მაგალითად მათი ჩაცმულობა, ვარცხნილობა და მანერები, ჩაის ცერემონიის, იაპონურ ინსტრუმენტებზე დაკვრისა და ცეკვის მნიშვნელობა, მიძუაგე და ა.შ. იაპონიაში გეიშებს მართლაც გამორჩეული ცხოვრება აქვთ, მაგრამ ყველაფერი ბევრად უფრო რთულადაა, ვიდრე ეს გარე თვალით ჩანს. სინამდვილეში მათ აკლიათ მთავარი – თავისუფლება. ( რომ აღარაფერი ვთქვათ ისეთ “ყოველდღიურ” პრობლემებზე, როგორებიცაა  შიდა დაპირისპირებები, უპასუხო სიყვარული და ა.შ. ). ამიტომაც ამბობს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გეიშა: “ჩვენ არ ვხდებით გეიშები იმისთვის, რომ ცხოვრებით დავტკბეთ. ჩვენ ვხდებით გეიშები იმიტომ, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს.”

ბორის აკუნინის “ალმასის ეტლი” – იაპონური მოგზაურობის ბოლოს ცოტა განტვირთვა არ მაწყენდა. ამისთვის ბორის აკუნინი ავირჩიე, რომელმაც ნაწილობრივ უკვე გამიწია მეგზურობა (სწორედ გრიგოლ ჩხარტიშვილის ნათარგმნია იუკიო მიშიმას “ოქროს ტაძარი”). მიუხედავად იმისა, რომ აკუნინი დაძაბულ თავგადასავლებს გვთავაზობს, ერასტ ფანდორინის “მონახულება” ყოველთვის მახასილებს. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი. პირველ ნაწილში უბერებელი ერასტ პეტროვიჩი რუსეთ-იაპონიის ომის დროს რევოლუციონერებს და იაპონიის ჯაშუშ ტამბას ებრძვის. მეორე ნაწილში 27 წლით უკან ვბრუნდებით. ამჯერად რუსეთის ვიცე-კონსული ფანდორინი ერთვება იაპონიის პოლიტიკურ ინტრიგებში, უპირისპირდება ნინძებს და ეძებს აკუნინს – უძლიერეს ბოროტმოქმედს. ამ, ერთი შეხედვით განსხვავებულ ისტორიებს (თუ არ ჩავთვლით იაპონიას), ორი რამ აკავშირებს – ნინძების უძველესი კლანი და ალმასის ეტლი (კონგოძე). ტამბები ბუდიზმის ერთ-ერთი მოძღვრების მიხედვით ცხოვრობენ: “ალმასის ეტლის გზა – ეს არის გზა ჭეშმარიტებისკენ ბოროტების კანონების ჩაწვდომის გავლით. მკვლელობა ცოდვა არ არის, სიცრუე ცოდვა არ არის, სისასტიკე ცოდვა არ არის, თუ ეს საჭიროა იმისთვის, რომ ალმასის ეტლით მიექანებოდე შენთვის განკუთვლილ გზაზე. დანაშაული, რომლისთვისაც სიკეთის გზაზე მიმავალი დიდი და პატარა ეტლების მხედრებს ჯოჯოხეთში აგდებენ, ალმასის ეტლის მხედართათვის ნირვანის მიღწევის საშუალებაა.” ასეთი რწმენის ადამიანები, რა თქმა უნდა, არაფერს ერიდებიან და აკუნინიც (ოღონდ ბოროტმოქმედი არა, ბორისი : ) ) ტრადიციულად გვთავაზობს ბევრ სისხლს, ბევრ სიყვარულს და ძალიან საინტერესო მოგზაურობას…

Advertisements

21 Comments (+add yours?)

  1. Chiamaria
    Jan 31, 2012 @ 06:05:31

    იაპონელ ავტორებს თითქმის არ ვიცნობ…
    უნდა გამოვასწორო
    საინტერესო ავტორები შეგირჩევია, აი ცოტა პირევლი მეეჭვება წავიკითხო..
    არ მიყვარს ასეთი შორს გაჭრილი ფანტასტიკა 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 31, 2012 @ 10:16:55

      რომ არა ეს ფანტასტიკა, ჩვეულებრივი სასიყვარულო რომანი იქნებოდა 🙂 არარეალურმა ამბებმა განსაკუთრებული “ეშხი” შესძინა 🙂

      Like

      Reply

      • Mariam Kvitsiani
        Feb 04, 2012 @ 19:47:37

        მე პირადად მაგ წიგნიდან “სასიყვარულო ამბები” ყველაზე ნაკლებად დამამახსოვრდა ^^ და “შორს გაჭრილ ფანტასტიკას” რაც შეეხება – დიდი მოყვარული ვარ მაგრამ ეს წიგნი ნამდვილად არაა მაგ კატეგორიაში 😄 ფანტასტიკის ელემენტი ფონადაა უბრალოდ და ფანტასტიკა ეძახე და მეტნაკლებად ალბათ ახდება მომავალში. ადამიანის კლონირება თუ მოხდება ძმად და მეგობრად არავის ენდომება.

        Like

        Reply

      • Kejeradze
        Feb 04, 2012 @ 20:00:50

        დღევანდელი ფანტასტიკა როდის გახდება რეალობა მართლაც არავინ იცის… მაგრამ მაინც ვიმედოვნებ, რომ იშიგუროს ან თუნდაც ბრედბერის იდეები მხოლოდ კარგ წიგნებად დარჩება…

        Like

        Reply

  2. მოლი ბლუმი
    Jan 31, 2012 @ 07:20:56

    “ალმაზნაია კოლესნიცა” ძალიან მომწონს. აკუნინი იაპონური კულტურის დიდი მცოდნე და მოყვარულია და რა გასაკვირია, რომ ყველაზე “იაპონური” რომანი ასეთი კარგი გამოვიდა. და რაც მთავარია, მასა ჩნდება მანდ. უმაგრესი კაცი.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 31, 2012 @ 10:19:38

      მასა მაგარია 🙂 ამდენი ტრაგიკული იაპონური ისტორიის შემდეგ კარგად გამამხიარულა 🙂

      Like

      Reply

  3. tsotnee
    Jan 31, 2012 @ 16:15:19

    ისევ იაპონია! არა რა, მიყვარს ეს ხალხი! 🙂

    Like

    Reply

  4. სანდრო
    Feb 08, 2012 @ 19:10:13

    ძალიან მომწონს იაპონური ლიტერატურა, მრცხვენია მაგრამ ჩამოთვლილთაგან არცერთი არ მაქვს წაკითხული, ახლა კობო აბეს ვკითხულობ და აღფრთოვანებული ვარ 🙂

    Like

    Reply

  5. Kate_AlukaЯD
    Feb 18, 2012 @ 21:05:56

    გეთაყვა, ჰარუკი ქართულად წაიკითხე?

    Like

    Reply

  6. Trackback: ივლისის მოგზაურობები « კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: ერასტ ფანდორინი « კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: ნეფრიტის კრიალოსანი « კეჟერაძის ბლოგი
  9. iren
    Jul 21, 2014 @ 08:41:11

    sad sheidzleba wavikitxo es wignebi? 😦

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: