ასტრიდ ანა ემილია ლინდგრენი, ჩემთვის და ალბათ ბევრისთვის კი უბრალოდ ასტრიდი – ადამიანი, რომელმაც გამიღო კარი ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში…
მიუხედავად იმისა, რომ ასაკის მატებასთან ერთად უამრავი ახალი მწერალი, ნაწარმოები თუ გმირი გავიცანი და პრიორიტეტებიც პერიოდულად იცვლება, ასტრიდი ჩემთვის მაინც უდავო ფავორიტად რჩება. სხვანაირად არც შეიძლება – სწორედ მის სახელს უკავშირდება წიგნის დამოუკიდებლად წაკითხვის პირველი სიამოვნება.
ყველაფერი კი ასე დაიწყო – 90-იანების შუა ხანებში “ახალკითხვანასწავლი” რიგითი კლიმის (ანუ ჩემმა) დედამ “მზაკვრულად” შეწყვიტა “სახურავის ბინადარი კარლსონის” კითხვა რამდენიმე აბზაცის შემდეგ (მაშინ ჯერ პენაკს არ იცნობდა, მაგრამ მაინც მონდომებით ასრულებდა მის რჩევებს). რა თქმა უნდა, ასეთ “სისასტიკეს” ვერც ერთი თავმოყვარე კლიმი ვერ შეეგუებოდა, მით უფრო, რომ წიგნის პირველივე გვერდიდან საოცრად სიმპათიური, ზომიერად ფერხორციანი მოწიფული მამაკაცი შემომცქეროდა 🙂 … და დაიწყო ცივი ღამეების თენება (მაგრამ როგორც დიდი პეპილოტა იტყოდა, როცა გული ცხელია და ძლიერად ფეთქავს, გაყინვა შეუძლებელია 🙂 ), რომელიც დღემდე გრძელდება (ოღონდ ახლა ღამეები ისეთი ცივი აღარ არის და ლამპის შუქიც ელექტროენერგიამ შეცვალა) ამჯერად სხვა გმირებთან ერთად.
პირველი ლიტერატურული მოგზაურობა დაუვიწყარი აღმოჩნდა. როგორც ყველა, მეც დიდხანს ველოდი, რომ ერთ დღესაც თბილისის ერთ
ჩვეულებრივ ქუჩაზეც გამოჩნდებოდა პროპელერიანი კაცუნა და პირდაპირ ჩემს ფანჯარას მოადგებოდა, განსაკუთრებით იმ დღეებში, როცა სადილად გუფთა გვქონდა და დესერტად მაჭკატები (ანუ ჩვენებურად ბლინები), ბიძია იულიუსის გავლენით საეჭვოდ “მეჭირა თვალი” ბებიაჩემის კბილებზე და ინგლისურის მასწავლებელს სრულიად დაუმსახურებლად ვუწოდებდი შინამტანჯველს, დავფრინავდი ზეწრით ვაზასტანელი მოჩვენებასავით (ერთადერთი “გულსაკლავი ოხვრა” ვერ “დავამუღამე) და ავადმყოფობის შემთხვევაში ჯიუტად ვითხოვდი კარლსონის რეცეპტით დამზადებულ წამალს 🙂
შემდეგ იყო მხიარულ წითელთმიან პეპისთან ერთად გატარებული ბედნიერი წუთები ვილა ყიყლიყოში და ახალი ოცნებები – რა კარგი იქნებოდა მარტო ცხოვრება უფროსების გარეშე, თან ცხენთან და მაიმუნთან ერთად, საკუთარი თავის დასჯა დაძინებაზე უარის თქმის შემთხვევაში, კაკაო და ფუნთუშები მეგობრებთან ერთად ხეზე, მხიარული “შოპინგი” და პირველი დღე სკოლაში, ბანდიტების დაჭერა და რაც მთავარია, არდადეგები კუნძულზე 🙂
ასეთ ოცნებებში ჩაიარა 16-მა წელმა. მას შემდეგ გავიცანი ასტრიდის სხვა გმირები და კიდევ ბევრი მწერალი, მაგრამ პირველი ორი სიამოვნება აღარასდროს განმეორებულა. პეპის და კარლსონს კიდევ უამრავჯერ შევხვდი და მათთან ყოველი შეხება უკან ბავშვობაში მაბრუნებს. ასტრიდი იმ მცირედთა შორისაა, რომელიც დღემდე ისე მაცინებს, როგორც პირველად წაკითხვისას. სამწუხაროდ, მასთან პირადად შეხვედრის შესაძლებლობა აღარ მომეცემა, თორემ აუცილებლად გადავუხდიდი მადლობას და ვეტყოდი: მართალია ამბობენ, რომ მთავარი ლიტერატურული პრემია ნობელია, მაგრამ სინამდვილეში ყველაზე დიდი ჯილდო სულ სხვაა და ის თქვენ გაქვთ – ეს არის მკითხველის სიყვარული გალამაზებული ბავშვობისთვის!
თებ 21, 2012 @ 22:29:51
მე ახლაც მილამაზებს უფერულ განწყობას ჩემი კეთილი ჯადოქარი-ასტრიდი 🙂
LikeLike
თებ 22, 2012 @ 13:10:38
ასტრიდს ეს ყოველთვის შეუძლია 🙂
LikeLike
თებ 22, 2012 @ 14:09:47
მეც როგორ მიყვარს ასტრიდი! ❤ კარლსონი – (არ ვიცი რა ვუწოდო იმ გრძნობას რაც მის მიმართ ვგრძნობ – სიყვარული და გაგიჯება არ კმარა).
ნამდვილად ყველაზე დიდ ჯილდოს მფლობელია ასტრიდი! 🙂
LikeLike
თებ 23, 2012 @ 14:16:59
მე მგონი, ყველა მკითხველს უყვარს 🙂
LikeLike
თებ 23, 2012 @ 17:39:37
კი მეც ეგრე ვფიქრობ! 🙂 არც შემხვედრია სხვა აზრის მქონე!:)
LikeLike
თებ 24, 2012 @ 10:34:51
მართლაც უსაყვარლესი მწერალია, მეც ძალიან მიყვარს მისი კარლსონი 🙂 და სულ მინდა, რომ ვნახო ასტრიდის სახლი 🙂 რატომღაც ამეკვიატა ეს აზრი 🙂
LikeLike
თებ 24, 2012 @ 10:42:05
მეც მინდა 🙂 შვედეთისკენ მხოლოდ ასტრიდი “მექაჩება” 🙂
LikeLike
თებ 29, 2012 @ 17:58:39
დღემდე ვკითხულობ 😉 საოცრად ცოცხალი დიალოგები, გულწრფელობა, სითბო და საოცარი ემოციები მოდის ასტრიდის წიგნებისგან, რა ასაკშიც არ უნდა წაიკითხო…
LikeLike
თებ 29, 2012 @ 18:21:56
ასტრიდისთვის არასდროს გავიზრდები 🙂
LikeLike
მარ 29, 2012 @ 20:41:59
ვაიმე ასტრიდი ისე მიყვარს, რომ რავიცი! ბავშვობა გამიფერადა! კარლსონი ხო საერთოდ! პეპისნაირი მინდოდა ვყოფილიყავი პატარაობაში.. 😛
LikeLike
მარ 29, 2012 @ 21:08:53
მთლად პეპისნაირი ვერ ვიყავი (უფრო ანიკასნაირი), ამიტომ მისნაირი მეზობელი მინდოდა 😀
LikeLike
მარ 29, 2012 @ 21:10:08
მთავარია სურვილი! :დ
LikeLike
აპრილი 22, 2014 @ 20:08:41
ყველამ უნდა წაუკითხოს თავის შვილს და ისე სიმართლე თუ გინდათ ყველა ასაკში სიამოვნებით იკითხება. კარლსონი-გენიალურია!!!
LikeLike
აპრილი 22, 2014 @ 22:37:33
ახლა “სხვანაირად” სასიამოვნოდ იკითხება 🙂
LikeLike