ნოდარი – ეს არის ადამიანი, რომელიც ალბათ ყველას უყვარს (არა მხოლოდ საქართველოში). მისი იუმორითა და სამშობლოს სიყვარულით სავსე ნაწარმოებები გულგრილს ვერავის ტოვებს და დაბადებიდან მთელი ცხოვრების მანძილზე მიჰყვება მკითხველს…
ტრადიციულად, ყველაფერი საბავშვო ლექსებით იწყება. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო. მეც, როგორც ყველა რიგითი კლიმი, ღრმა ბავშვობაში დიდი მონდომებით ვეცნობოდი მანანასა და ქეთინოს, ნოდარიკო თოფურიძესა და ლევან მაჭარაშვილს, ვეძებდი ბებიის ცხვირზე “დაკარგულ” სათვალეს და გულიანად ვიცინოდი იმის წარმოდგენაზე, თუ როგორ ყივის მამალი კარადაში 🙂 უნდა ვაღიარო დღემდე სიამოვნებით ვიღებ თაროდან იმ ძველ, უკვე გაცრეცილ კრებულს და ისევ ისე მეცინება ყველა ლექსსა და ილუსტრაციაზე…
შემდეგ იყო იუმორისტული მოთხრობების კრებული “გლადიატორი”, რომელიც დღემდე საპატიო ადგილს იკავებს ჩემს მაგიდაზე. თაროზე დასადებად არ მემეტება – სხვა თუ არაფერი, გურული სისხლი არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დიდი ხნით დავივიწყო განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობებით გამორჩეული გიგილო და მისი ფრიად ორიგინალური ოჯახი (თუმცა რაღა ორიგინალური – ასეთი ოჯახების მეტი რა არის ირგვლივ), ცოლისა და სიდედრისგან შეწუხებული უიღბლო მწერალი ჯვებე დუმბავა, ომარ ხალიანის პოეზია, ბავშვების აღზრდისა და ზღაპრების საინტერესო ვერსიები, თერმომეტრის უცნაური “ოინი”, ან თუნდაც ფეხბურთზე გაბაასება ღმერთთან… 🙂
შემდეგ კი იყო ბევრი ძალიან სასაცილო და ამავე დროს ძალიან სევდიანი მოთხრობა თუ მოზრდილი ნაწარმოები, რომლებმაც უამრავი რამ მასწავლეს. სწორედ ნოდარმა გამაცნო ყველაზე რეალური ბებია, რომელიც გარდა იმისა, რომ თურმე ფრანგ ბებიას ჰგავს, ჩემი ბებიის ზუსტი ანალოგია (სხვათა შორის, დღემდე ოცნებობს “დოხტურ” შვილიშვილზე, მაგრამ ამაში არ გაუმართლა), მანვე დამანახა სტუდენტის სტატუსისგან ჯერ კიდევ შორს მყოფს, თუ რა არის სტუდენტობა, გულიანად მაცინა და დამაფიქრა ყოველ წინადადებაზე…
… და ნოდარი იყო პირველი მწერალი, რომელმაც ძალიან დიდი ხნის წინ პირველმა განმიმარტა სამშობლოს მნიშვნელობა: “სამშობლო ყველაფერი ისაა, ურომლისოდაც სიცოცხლე არ შეგიძლია… სამშობლოსთვის სიკვდილი შეიძლება, მაგრამ იმის თქმა, თუ რა არის სამშობლო, არ შეიძლება.” მანვე მასწავლა, რომ: “სამშობლო ყველაფრიანად უნდაგიყვარდეს – ქერქიანად, ნახშირიანად, ჰაერიანად, მტვრიანად, ნაკლითა და უნაკლოდ, ყველანაირად.” და მაგრძნობინა, რომ “სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით.”, პირველმა დამაფიქრა ქართული ენისა და ქართული ცეკვის მნიშვნელობაზე, ეროვნულ უმცირესობებზე (მხოლოდ იანგული რად ღირს). მანვე გამცა პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ყველაზე დიდი გამოგონება: “ყველაზე დიდი გამოგონება ქვეყანაზე ანბანი, დროშა და ჰიმნია, რადგან სამთავე თავისუფლების სათავეა.” და ზუსტად მაჩვენა ქართველების ხასიათი : „ქართველები ირბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძლება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველდღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს – მზე უყვარს… როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით…“ სამწუხაროდ, ამ თვისებებს ხშირად თავად ჩვენვე ვივიწყებთ და არც ის გვახსოვს, რომ „ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. “ მაგრამ უამრავი ნაკლის მიუხედავად, მაინც თაკარა გული გვაქვს 🙂
P.S. როგორც ყოველთვის, საყვარელ მწერალზე წერა გამიგრძელდა, თუმცა ერთ უცხოელთან საუბრისას ნოდარის დახასიათება სულ რამდენიმე სიტყვით მომიხდა და ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ შესაფერისი დახასიათება მოვძებნე – ქართულად თბილი მწერალი!
თებ 26, 2012 @ 21:12:26
უტყუარი დახასიათებაა!
ახლაც მახსოვს ის შოკი, მარადისობის კანონის პირველად წაკითხვას რომ მოჰყვა. ძალიან პატარა ვიყავი, ალბათ, საამისოდ.
LikeLike
თებ 26, 2012 @ 21:28:54
მარადისობის კანონი სულ ბოლოს წავიკითხე, ალბათ 16-17-ს ვიქნებოდი, მაგრამ მართლაც შოკი იყო… ყველაზე ღიად აქვს გადმოცემული სათქმელი (სხვაგან თითქოს იუმორით უფრო ამსუბუქებს)…
LikeLike
თებ 27, 2012 @ 09:28:31
ვიცი, რომ დუმბაძე არაა მაღალი სიმაღლეების დამპყრობი მწერალი, მაგრამ მიყვარს, თავისი საოცარი ადამიანურობის, ემოციურობის, იუმორის გამო და ბოლოს და ბოლოს გურულობის გამოც, სისხლი მაინც თავისას შვრება 🙂
LikeLike
თებ 27, 2012 @ 09:51:31
მაღალი სიმაღლეების დამპყრობებს რა გამოლევს, მაგრამ ხანდახან ზუსტად ისეთი ნაწარმოებია საჭირო, რომ გადაშლი და სითბო გადმოვა 🙂 … და ეს განუმეორებელი გურული იუმორი… :))
LikeLike
თებ 27, 2012 @ 10:18:44
სიმაღლეები პირობითი ცნება მგონია მე. დუმბაძეს არც ნობელი აქვს, არც ბუკერი და, რაც მთავარია, არც სუპერ 50-ეულში შედის, მაგრამ იმ ორმოცდაათიდან ორმოცდახუთს ნამდვილად მირჩევნია. საოცარი სითბოს და სიკეთის წიგნები აქვს, თან რომ გაცინებს და თან იცრემლები…
LikeLike
თებ 27, 2012 @ 10:29:34
ნამდვილად პირობითია. სიმაღლეების დამპყრობებში ნობელიანტებს ნაკლებად ვგულისხმობ ხოლმე (“იმ” 50 წიგნს მით უმეტეს), უფრო “ჩახლართული” სიუჟეტის მოყვარულ მწერლებს. ნოდართან თითქოს ყველაფერი მარტივადაა გადმოცემული, მაგრამ ისე, როგორც მხოლოდ ქართულად თბილ მწერალს შეეძლო 🙂
LikeLike
თებ 27, 2012 @ 11:56:26
თეთრი ბაირაღები… ჰელადოსი… და კიდევ ბევრი…
მართლა კარგად გაქვს აღწერილი ))
LikeLike
თებ 27, 2012 @ 13:49:17
დიდი მადლობა 🙂
LikeLike
თებ 27, 2012 @ 19:38:05
მართლა კარგი მწერალი და პოსტიც თბილია, წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გამიხარდა შენს ბლოგზე იმის დანახვა რაც წაკითხული მაქვს 🙂
LikeLike
თებ 28, 2012 @ 09:40:15
მადლობა 🙂 მე კიდევ ის მიხარია, რომ ნოდარს ამდენი დამფასებელი ჰყავს 🙂
LikeLike
თებ 28, 2012 @ 12:46:14
ნოდარი! ❤ როგორ მიყვარს! როგორი თბილი, საყვერელი და ბევრის მთქმელი მისი ნაწარმოების გამო გამოწვეული თითოეული გაღიმება თუ ცრემლი! მიხარია რომ ქართულ გენიას გადაშენება არ უწერია, ცოტაა მაგრამ რა ხარისხიანი! 😉
LikeLike
თებ 28, 2012 @ 15:04:31
ჩვენ რა გადაგვაშენებს, როცა ნოდარის (და სხვების) მსგავსი ხალხი გვყავს. ხალხის სიდიადე სულაც არ იზომება მისი რაოდენობითო, თუ არ ვცდები, ჰიუგომ თქვა და სრულიად ვეთანხმები 🙂
LikeLike
თებ 28, 2012 @ 15:09:40
კი ნამდვილად! ^^
LikeLike
თებ 28, 2012 @ 16:27:20
ძალიან მიყვარს და ჩემთვის საყვარელი გმირი – კუკარაჩაა,თუმაცა სხვებიც.ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო უდაოდ და წარმოუდგენია გეყოს სიტყვები მისი შემოქმედება შეაფასო.
LikeLike
თებ 28, 2012 @ 17:05:11
კუკარაჩა ❤ საყვარელ გმირებზეც ვაპირებდი დაწერას, მაგრამ მართლაც არ მეყო სიტყვები თითოეულის შესაფასებლად 🙂
LikeLike
თებ 29, 2012 @ 17:57:58
მე გულწრფელად მჯერა, არ არსებობს ადამიანი, ვისაც შეიძლება, ეს მწერალი არ უყვარდეს 🙂
LikeLike
თებ 29, 2012 @ 18:23:46
პირადად არ ვიცნობ ასეთებს, მაგრამ მსმენია, რომ არსებობენ – საბედნიეროდ, მცირე რაოდენობით 🙂
LikeLike
მარ 07, 2012 @ 23:07:09
მართლა ძალიან ქართული და თბილი მწერალია.. ჩემთვისაც ლექსებით დაიწყო ყველაფერი, მერე მე ბებია ილიკო და ილარიონი, მერე მე ვხედავ მზეს.. სულ ბოლოს კი “ნუ გეშინია დედა” წავიკითხე და ემოციებისგან და შთაბეჭდილებისგან დავხტოდი ❤
LikeLike
ნოე 08, 2012 @ 09:18:24
ისე მიყვარდა და მიყვარს, ახლა ჩემს შვილს ვუკითხავ ხოლმე
LikeLike
ივლ 01, 2016 @ 18:53:02
ყოჩაღ, ძალიან მაგარი გოგო ხართ , მიხარია საქართველოთი და მისი დიადი მწერლებით გამთბარ ადამიანთა ხილვა, განსაკუთრებით დღევანდელობაში. უფალმა გაგაძლიეროთ ნაფრქვევ პატრიოტიზმში და არ გაგნელებოდეთ უდიდდესი ნიჭი პატრიოტიზმისა, როგორც ჩვეულებისამებრ მამულისა სვლა. ძალიან თბილია სტატია, მადლობა გულის გათბობისთვის!
LikeLike
ივლ 01, 2016 @ 21:02:55
დიდი მადლობა 🙂
LikeLike