მხიარული მოგზაურობა მაგიის სამყაროში :)

ამ მწერალზე დიდი ხანია  “თვალი მიჭირავს”, განსაკუთრებით ამ პოსტის შემდეგ, მაგრამ რადგან წასაკითხი წიგნების რაოდენობა ბევრად უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე წაკითხულების, ამიტომ ტერი პრატჩეტის გაცნობა ცოტა გაჭიანურდა. და აი ეს დღეც დადგა 🙂

პირველი მოგზაურობა “მაგიის ფერია”. ამ შემთხვევაში სიტყვა”მოგზაურობა” პირდაპირი მნიშვნელობითაც შემიძლია გამოვიყენო, რადგან მთავარი გმირი ორყვავილა სათვალით, ლექსიკონითა და ორიგინალური ფოტოაპარატით შეიარაღებული ტურისტია და გიდიც კი ჰყავს უიღბლო ჯადოქარი რინსვინდის სახით (აი აქ კი მივხვდი, რომ საჩემო წიგნს მოვკიდე ხელი  – სხვა თუ არაფერი, ტურიზმი ჩემი ოფიციალური პროფესიაა, იუმორი კი – არაოფიციალური 🙂 ). ორყვავილა თავისი მოსიარულე სკივრის თანხლებით ტურისტისთვის დამახასიათებელი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებს დისკოს სამყაროს და ყველაფერს ვარდისფერ ფერებში ხედავს – ჩვეულებრივი მოჩხუბრები გმირები, ხოცვა-ჟლეტა კი დადგმული სანახაობა ჰგონია, შესაშური მონდომებით უხსნის გამტაცებლებს სადაზღვევო პოლისის არსს და ოცნებობს დრაკონების ნახვაზე. აბა რა გასაკვირია, თუ მაგიის უდიპლომო ბაკალავრი რინსვინდი სიტყვა “ტურისტს” “იდიოტის” ანალოგად მიიჩნევს (ამ შემთხვევაში, უფლებას ვიტოვებ, რომ დიდ ჯადოქარს არ დავეთანხმო) 🙂 აქვე შეხვდებით ტროლებს, სიკვდილს, ბარბაროსებს და სხვა საინტერესო გმირებს… მოკლედ, არ მოიწყენთ 😉

რინსვინდის და ორყვავილას ამბავი ამით არ მთავრდება. ისინი “ფანტასტიურ ნათებაშიც”აგრძელებენ მხიარულ მოგზაურობას.ორყვავილა კვლავ ინარჩუნებს ტურისტის არსებობისთვის აუცილებელ რწმენას იმაში, რომ მას არაფერი მოუვა, რადგან ის არაფერ შუაშია და სამყაროს ვარდისფერი სათვალით უყურებს, ვარდისფერი ტვინით აღიქვამს და ვერდისფერი ყურებით უსმენს. რინსვინდს კი ამჯერად მხიარული ტურისტის გადარჩენის გარდა, ქვეყნიერების გადარჩენაც ევალება. გზა, რა თქმა უნდა, ფათერაკების გარეშე არ ჩაივლის. მოგზაურებს ხვდებიან მოლაპარაკე ხეები, საკვებად გამოსადეგი ტკბილი სახლი, დაფრინავენ ცოცხით, შველიან მსხვერპლშეწირვისთვის გამაზადებულ ქალწულს (გაგიკვირდებათ და ამ უკანასკნელს სულაც არ გახარებია ეს ამბავი). ამასობაში კი ჩვენი გიდ-ჯადოქრის ყოფილ უნივერსიტეტშიც დიდი “მხიარულებაა”, მოსიარულე სკივრი ისევ დასდევს პატრონს და სიკვდილიც კვლავ დასეირნობს თავისი ცელით. მოკლედ, თუ გააგძელებთ მოგზაურობას სერ ტერენსთან ერთად, არ ინანებთ 😉

წინა ორი ნაწარმოები რინსვინდის ქვეციკლს მიეკუთვნება. დისკოს სამყაროს სერიაში კიდევ არიან საინტერესო “პიროვნებები”, მათ შორის კუდიანებიც. მეც სათაურებს გადავხედე (უნდა ვაღიარო, რომ ცუდი ჩვევა მაქვს – ალბათ ნაწილობრივ პროფესიულიც – სათაურებს დიდ ყურადღებას ვაქცევ 🙂 ) და ერთ-ერთი ნაწარმოები შევარჩიე: “კუდიანები საზღვრებს მიღმა”. როგორც თავად ავტორი ამბობს, ეს არის ზღაპარი ზღაპრების შესახებ, კიდევ – კეთილ ჯადოქრებსა და სარკეებზე. სხვათა შორის, აქ შეხვდებით ნაცნობ ზღაპრის გმირებს, მათ შორის კონკიასაც . სწორედ მის დასახმარებლად მიემართებიან კუდიანები თავიანთი ტრადიციული ტრანსპორტით 🙂

P.S. დასასრულს მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავად გავერთე 🙂 მოგვიანებით ისევ დავუბრუნდები იუმორისტულ ფენტეზის. სავარაუდოდ, ჩემი წინასაახალწლო განწყობის შექმნაზე იზრუნებს სიკვდილის ქვეციკლის “წარმომადგენელი” “Санта-Хрякус” (ალბათ იფიქრებთ სიკვდილი რა წინასაახალწლოაო, მაგრამ პრატჩეტის სიკვდილიც კი საოცრად მხიარული ვინმეა 🙂 ).

17 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    მარ 16, 2012 @ 00:39:35

    პრატჩეტის სიკვდილი ფრიად ორიგინალური და სასაცილო ტიპია 🙂

    იმედგაცრუებულ ქალწულზე, შაბათ საღამოობით შინ დარჩენა წყალში ჩამეყარაო, იმდენი ვიცინე, ცრემლები წამომივიდა.

    იუმორისტულ ფანტასტიკას თუ აგემოვნებ, რობერტ შეკლის მოთხრობებს გირჩევდი.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 16, 2012 @ 00:46:22

      ასეთ სიკვდილს სიამოვნებით გავყვებოდი (ჯერ არა, რა თქმა უნდა) 😀

      შეკლის “Бремя человека” მაქვს წაკითხული. მოგვიანებით სხვებსაც ვცდი.

      Like

      პასუხი

  2. ჭიამარია
    მარ 16, 2012 @ 09:38:37

    როგორ მშურს რომ ახერხებთ ამდენი იკითხოთ..
    მე საშინლად არაორგანიზებული ვარ… უამრავ დროს ვკარგავ : (

    Like

    პასუხი

  3. mecmikvarkhar
    მარ 16, 2012 @ 10:13:47

    მოლის პოსტის მერე ვიყიდე და სწორედ ახლა ვკითხულობ 🙂 მესამე ნაწილს უკვე ქინდლში წავიკითხავ იმედია 🙂

    Like

    პასუხი

  4. tsotnee
    მარ 16, 2012 @ 18:41:13

    კარგია, როგორც ყოველთვის!
    პ.ს. შენთან კომენტარებში წუწუნი და გადაწყვეტილებების მიღება დამჩემდა და ახლაც არ დავაღვევ ტრადიციას! არა, რა სასწრაფოდ უნდა ვიშოვო სამუშაო! 🙂 (ერთია როცა დრო არ გყოფფნის, მეორე, როცა ყველა წიგნს მშობლებს ვერ აყიდინებ). 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 16, 2012 @ 19:45:39

      სამაგიეროდ, რაც უკვე ნაყიდია ან რისი ყიდვაც ჯიბის ფულის “ნაშთით” შეიძლება, იმას წაიკითხავ მშვიდად 🙂 აბა პრატჩეტი რომ სამსახურში წაიკითხო, გამოგაგდებენ სამუშაო ადგილზე ზედმეტი სიცილისთვის 😀

      Like

      პასუხი

  5. სანდრო
    მარ 16, 2012 @ 21:32:27

    საინტერესოა, ფენტეზი არ მომწონს მაგრამ ესენი ისე აღწერე დარწმუნებული ვარ მომეწონება 🙂

    Like

    პასუხი

  6. Trackback: აგვისტოს მოგზაურობები (ნაწილი II) « კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: ლიტერატურული 2012 « კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: რინსვინდისა და ორყვავილას დაბრუნება | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი