ჩაკ პალანიკის “მებრძოლთა კლუბი” – ტრადიციულად, ჯერ წიგნს ვკითხულობ ხოლმე და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას, თუმცა ამჯერად პირიქით მოხდა. დევიდ ფინჩერის ფილმი დიდი ხნის წინ ვნახე და პიტი-ნორტონის წყვილიც დადებითად შევაფასე. ახლა კი ჩაკ პალანიკის ოსტატობის შეფასების დრო დადგა. მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ტაილერ დერდენი – მებრძოლთა კლუბის დამაარსებელი, იმ კლუბის, რომელშიც ბოლომდე არშემდგარი ადამიანები აგრესიას გასაქანს აძლევენ. მათი სისასტიკე უსაზღვროა და სისხლიც თითქოს პირდაპირ ფურცლებიდან მოედინება (ფილმში, რა თქმა უნდა, ეს ყველაფრი თვალნათლივ ჩანს). მათი რწმენით სრულყოფილება და თავისუფლება თვითგანადგურებით, ცივილიზაციის მოსპობით მიიღწევა…თუმცა ამის მიღმა სულ სხვა რამ – უძილობა, დეპრესია და პიროვნების გაორება იმალება…
პოლ ოსტერის “მისნის ღამე” – ამბობენ, სიტყვას დიდი ძალა აქვსო. აქამდე ამაზე სერიოზულად არასდროს დავფიქრებულვარ, მაგრამ პოლმა დამაფიქრა. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მწერლის სიდნის ცხოვრება ისე გადაება მის გმირ ნიკს, სილვია მაქსველის “მისნის ღამეს” და ჰერბერტ უელსის “დროის მანქანის” “ახალ” ვერსიას, რომ სიტყვების ძალაუფლებაში დავრწმუნდი. ლურჯი რვეულიც ცოცხალი არსებასივით ჩაერთო მის ცხოვრებაში და ყველაფერი აირია… დასასრული ცოტა არ იყოს მოულოდნელი მეჩვენა, მაგრამ ალბათ სხვაგვარს არც ვისურვებდი…ასეთი ტიპის ნაწარმოები აქამდე არ წამიკითხავს (ყოველ შემთხვევაში, “ოთხმაგი ამბავი” არ მახსენდება) და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. მოგვიანებით პოლს ისევ დავუბრუნდები, ამჯერად “ნიუ-იორკული ტრილოგიით”…
რეი ბრედბერის “ბაბუაწვერას ღვინო” – რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი 451-ით” და “ცელით” უკვე ვიცნობდი. შესაბამისად, “ბაბუაწვერას ღვინო” ცოტა არ იყოს მოულოდნელი აღმოჩნდა. ეს არის ამბავი ბავშვურ სამყაროზე, რომელიც სავსეა სიხარულით და იმედით. “ბაბუაწვერას ღვინო” – თავად ეს სიტყვები თითქოს ზაფხულია, ბოთლში დაჭერილი ზაფხული. “აიღე ზაფხული ხელში, დაასხი ზაფხული სასმისში; მოსვი ერთი ყლუპი და შენს ძარღვებს ზამთრის ნაცვლად ცხელი ზაფხული აავსებს…” მგონი, დროულად წავიკითხე (სეზონს ვგულისხმობ) 🙂 მაგრამ საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ წიგნი სოფელს და ჰამაკს “ითხოვდა” :)… ასე თუ ისე, სასიამოვნო მოგზაურობა გამოვიდა – პირდაპირ ბავშვობაში, იმ დროში, როცა ბაბუაწვერებისგან გვირგვინებს ვაკეთებდით…
აკა მორჩილაძის “გადაფრენა მადათოვზე და უკან” – რატომღაც, აკა აქამდე უყურადღებოდ დამრჩა. მაგრამ მას შემდეგ, რაც დათო ტურაშვილს “დავუმეგობრდი”, არ შემეძლო მისი ახლო მეგობრისა და “ლიტერატურული თანამებრძოლისთვის” გულგრილად ამევლო გვერდი… მაშ ასე, ჩვენს წინაშეა ძველი თბილისი (აი ის, რომ ჩაიძირა), თბილისის რეალური თუ გამოგონილი მაცხოვრებლები და მამათმავალი მხატვარი ხაფო, რომლის მკვლელსაც ვეძებთ… მოკლედ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. ახლო მომავალში ტრილოგიის შემდეგ ორ ნაწილსაც გავეცნობი…
გაბრიელ გარსია მარკესის “სიყვარული ჟამიანობის დროს” – ეს არის რომანი, რომელშიც სიყვარული ამარცხებს დროსაც კი. ფლორენტინო ფერმინას მთელი ცხოვრება ელოდება და ნელ-ნელა სოციალური კიბის საფეხურებზე ადის… მოკლედ, ცოტა უცნაური სიყვარულის ისტორიაა, “არამარკესისეული” (რაღაცით ქემალის და ფუსუნის ამბავს მივამსგავსე). მის სხვა ნაწარმოებებთან შედარებით, მარტივად იკითხება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე ნაკლებად მომეწონა…
ჰერმან ჰესეს “დამსვენებელი” – ამჯერად კურორტზე ვართ, კერძოდ ბადენში, მეგზურობას კი ჰერმან ჰესე გვიწევს. სწორედ ის მკურნალობს და პარალელურად ფიქრობს – სულზე, პიროვნებაზე, საზოგადოებაზე…მოკლედ, ყველაფერ იმაზე, რაზეც ჰარი ჰალერი და მისი სხვა გმირები. საბოლოოდ სასიამოვნო მოგზაურობა გამოვიდა, თუმცა ზემოთხსენებული ჰარის, სიდჰარტჰას ან ნარცისის გაცნობა უფრო საინტერესო იყო (ბადენმა რაღაცით ჰანს კასტორპი და მისი “თანამოაზრეები” გამახსენა)…
აგვისტო 26, 2012 @ 19:43:13
ბაბუაწვერას ღვინო მართლა ზაფხულის წიგნია 🙂 მშვენიერი აგვისტო გქონია.
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 13:14:32
ზამთარშიც სიამოვნებით წავიკითხავდი და საზაფხულო განწყობას შევიქმნიდი 🙂
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 01:20:53
ერთობ მომხიბლა შენმა მოგზაურობამ 🙂
LikeLike
აგვისტო 28, 2012 @ 00:20:17
ნამდვილად საინტერესო აგვისტო გამოვიდა 🙂 ამ მხრივ მაინც…
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 10:36:22
გადასარევი მოგზაურობა გქონია 🙂 სხვათაშორის მეც ჯერ წიგნს ვკითხულობ და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ხოლმე ეკრანიზაციას, “მებრძოლთა კლუბი” ჩემთვისაც გამონაკლისია, თან ისეთი გამონაკლისი ფილმი რამდენჯერმე რომ მაქვს ნანახი და წიგნი ჯერ კიდევ არ წამიკითხავს 🙂
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 13:18:12
ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა წიგნი და ფილმი თანაბრად მომეწონა (მგონი, გუგულის ბუდის გარდა არც მქონია მსგავსი შემთხვევა – და “მექანიკური ფორთოხლის” ეკრანიზაცია უფრო შთამბეჭდავი იყო) 🙂
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 10:37:08
შურმა შემიპყრო 🙂
LikeLike
აგვისტო 28, 2012 @ 00:21:19
იმედია, თეთრმა 😀
LikeLike
სექ 02, 2012 @ 09:52:30
თეთრმა რა საკვირვველია, სხვა რა ფერის უნდა იყოს წიგნის კითხვის შური? : ))))))))))
LikeLike
აგვისტო 27, 2012 @ 21:17:17
რომელი ერთი გამოვყო, მაშინ ჯერ აკა მორჩილაძეზე ვიტყვი, რომ ერთი ამოსუნთქვით იკითხება ნებისმიერი მისი წიგნი,მასთან მთავარი ადამიანების სიყვარულია და ეს სიყვარული მკითხველს ავტომატურად გადაეცემა!
მარკესის რომანიც ძალზე სასტიკია, მაგრამ ესაა ცხოვრება,რაც მეტ სირთულეებს გამოივლი, მით უფრო ძლიერი ხარ და გამოცდილი.
ჰესეს”დამსვენებელზე” რომ არაფერი ვთქვა, ალბათ მე არ მეპატიება. მომწონს ის ირონიული მანერა, როგორც მოგვითხრობს და მოსაზრებები კაზინოზე, ფილმებზე – ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის,ქვეცნობიერად,თითქოს მეც ასე ვფიქრობდი.
LikeLike
აგვისტო 28, 2012 @ 00:27:45
ჩემი დაკვირვებით, ეთნოგრაფიული რომანები აქვს განსაკუთრებით კარგი…და გავაგრძელებ აუცილებლად…
მარკესის წინა “მოგზაურობები” უფრო საინტერესო იყო…ეს ბოლომდე “ჩემი” არ აღმოჩნდა…
ჰესე, როგორც ყოველთვის, შეუდარებელია…
LikeLike
აგვისტო 28, 2012 @ 01:48:43
რა მშვენიერი ჩამონათვალია 🙂 სხვათაშორის ჰერმან ჰესეს “დამსვენებელი” დიდი ხანია მიდევს თაროზე, ერთხელ ვიღაცამ ახსენა მაგ წიგნს კარგად ჩაღრმავება უნდაო და მას მერე შესაფერის მომენტს ველი. არ მინდა ზერელედ წავიკითხო!
LikeLike
აგვისტო 28, 2012 @ 14:31:24
ჰესეს საერთოდ ჩაღრმავება უნდა. განწყობის მწერალია 🙂 სასწრაფო არ არის. პირიქით, დროთა განმავლობაში “უკეთესდება” (აღქმის კუთხით)…
LikeLike
აგვისტო 28, 2012 @ 22:36:10
“…ფულზე თამაში არსებითად განსხვავდება სხვა ქალაქური თუ საკურორტო გასართობებისაგან. ჩვეულებრივ მწვანე მაგიდასთან წიგნებს არ კითხულობენ და უაზრო საუბრებითაც არ ერთობიან…”– მიყვარს ასეთი გულახდილი ირონიის გამო, ეს კაცი!
LikeLike
აგვისტო 30, 2012 @ 15:07:20
რა კარგი აგვისტო გქონია მართლაც, ჰესეს ”დამსვენებელი” მეც ძალიან მომწონს 🙂
LikeLike
აგვისტო 30, 2012 @ 20:26:20
ჰესე შეუდარებელია 🙂
LikeLike
აგვისტო 31, 2012 @ 07:38:59
აკა მორჩილაძის ენაზე მინდოდა მეთქვა, მადათოვებში აქვს სტილიზებული ენა ილიას დროინდელი და თან ამავე ენაზე რომ ოხუნჯობს, ერთ რამედ ღირს მისი კითხვა – დიდი სიამოვნებაა!
LikeLike
სექ 03, 2012 @ 14:22:07
ზუსტად იცის, სად როგორ წეროს… 90-იანების ამბებს მაშინდელი ენით აღწერს, ძველი თბილისისას – “ტფილისურად” 🙂
LikeLike
ნოე 09, 2012 @ 19:53:56
პოლ ოსტერის “მისნის ღამეს” მიჩევდი? ვორჭოფობ, ყველაფერს ხომ არ ვიყიდი-მეთქი “დიოგენეს ბიბლიოთეკიდან”.
LikeLike
ნოე 09, 2012 @ 21:17:39
როგორც ყოველთვის, გემოვნების ამბავია… მაგრამ მე მომეწონა – ჯერჯერობით “დიოგენეს ბიბლიოთეკა” კარგად “მიდის” 🙂
LikeLike