სექტემბრის მოგზაურობები

სტანისლავ ლემის “სოლარისი” – ამ ნაწარმოებს სამეცნიერო ფანტასტიკის შედევრს უწოდებენ. ზოგადად ასეთ შეფასებებს ვერიდები (“შედევრის” და “გენიალურობის” გაგება სუბიექტური მგონია), მაგრამ “სოლარისის” შემთხვევაში მიჭირს არ დავეთანხმო. ალბათ წლებია ასეთი “რთული” აღარაფერი წამიკითხავს (თან კითხვის პროცესი ყველასთვის ცნობილ მოვლენებს დაემთხვა და რამდენიმე დღე უბრალოდ ვერ შევძელი გაგრძელება)… რთული გასაგებია, რა ელოდება კაცობრიობას, თუ ის თავის ჯერ კიდევ ბოლომდე შეუსწავლელ ცივილიზაციას მიატოვებს და სხვა ცივილიზაციის შესასწავლად გაემგზავრება… ეს მთელი მეცნიერებაა, რომელიც მოაზროვნე ოკეანესთან ცდილობს კავშირის დამყარებას და სოლარისტიკა ჰქვია… რეალურად საქმე მხოლოდ ახალ ცივილიზაციაში კი არა, ჩვენივე წარმოდგენაშია. ყველგან საკუთარ ანარეკლს ვეძებთ. ნამდვილები ჩავდივართ ახალ პლანეტებზე და ვერ ვეგუებით, როცა იქ სინამდვლე გვხვდება… ფსონი სოლარისტიკაზე კი არა, ჩვენივე გონების საზღვრებზე კეთდება… დეტალებს უკვე ლემი გიამბობთ (თუ ეს აქამდე არ გაუკეთებია), მე კი იმით დავკმაყოფილდებდი, რაც გავიგე. დანარჩენისთვის პლანეტა სოლარისზე წლების შემდეგ დავბრუნდები…

რობერტ ასპრინის “სარკე – მეგობარი, სარკე – მტერი” – აზიმოვის რობოტექნიკის კანონებზე უკვე ვისაუბრეთ. ამ კანონების თანახმად, რობოტი ადამიანს ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ რობოტი ხომ ადამიანის სარკეა. ამიტომ ის ხან მეგობარია, ხანაც კი მტერი… როცა რობოტები მტრებად იქცევიან და აჯანყდებიან, მათთან ბრძოლა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ თუ საქმეში ნინძა ჰოსატო და მისი მეგობრები ჩაერთვებიან, მაშინ კაცობრიობა მექანიზმების “მოთვინიერებასაც” შეძლებს…

ალექსეი ტოლსტოის “პეტრე პირველი” – ბოლო დროს ფანტასტიკას “ჩავუჯექი”, მაგრამ რამდენიმე დღით ჩემი თაროსა და კომპიუტერისგან შორს მომიწია ყოფნა. ამიტომ დროებით მოვწყდი არარეალურ სამყაროს და რუსეთის წარსულში “ვიმოგზაურე” – ნამდვილ წარსულში. პეტრე პირველი რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის უდიდესი მეფეა, ამაზე არავინ კამათობს. თან მის ქართულ წარმოშობაზეც ბევრს საუბრობენ, რაც კიდევ უფრო მეტ იდუმალებას მატებს მის პიროვნებას (თუმცა პირადად ჩემთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს – ეროვნების განმსაზღვრელ მთავარ ფაქტორად სისხლს არ მივიჩნევ)… ამ ყველაფრიდან გამომდინარე შემთხვევით აღმოჩენილ ნაწარმოებს გვერდი ვერ ავუარე და გზას გავუდექი… წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ნაწარმოები, რომელსაც მწერალი თითქმის მთელი ცხოვრება წერდა (მით უფრო, დაუმთავრებელი), “საჩემო” არ არის – ოდნავ “არეული” და “გაწელილი” მეჩვენება. ამჯერადაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა და თითქოს პეტრე კარგად ვერ გავიცანი. ამას მოგვიანებით ანრი ტრუაიასთან ერთად გამოვასწორებ (ბიოგრაფიულ ჟანრში საუკეთესო მგონია), ეს “მოგზაურობა” კი საერთო ჯამში მაინც სასიამოვნო გამოვიდა – მეფის თუ არა, ეპოქის გაცნობა მაინც მოვახერხე…

ჯერომ კ. ჯერომის “სამნი ნავში” – ტოლსტოისთან ერთად ოდნავ დამღლელი “გასეირნების” შემდეგ სამ მეგობარსა და მათ ძაღლთან ერთად მოგზაურობა ნამდვილი “მისწრება” იყო. ჯერომის ინგლისურმა იუმორმა მშვენივრად გამართო, განსაკუთრებით პირველმა თავმა (მთავარი გმირის “ავადმყოფობისა” და “მკურნალობის” ეპიზოდმა) : )

ემილ ზოლას “ხაფანგი” – მე-19 საუკუნის ფრანგ მწერალთა შორის ემილ ზოლასთან განსაკუთრებულად “ვმეგობრობ”. “რუგონ-მაკარების” სერიას წლების მანძილზე ნელ-ნელა ვეცნობი ( ფანდორინისა არ იყოს, აქაც ვერ ვეშვები ჩემს “მავნე ჩვევას” – არეულად ვკითხულობ). ამჯერადაც (უკვე მეოთხედ) “ვესტუმრე” ამ დიდი ოჯახის წარმომადგენელს – ჟერვეზას – ქალს, რომელმაც ყველაფერი ნახა – ბედნიერებაც, სიმშვიდეც, დამღუპველი ვნებაც, დაცემაც (არადა, ყოველ ეტაპზე მეგონა, რომ მის ცხოვრებაში ვეღარაფერი შეიცვლებოდა – ბოლო-ბოლო რამდენჯერ შეიძლება შეიცვალოს ადამიანი)… მოკლედ რომ ვთქვა, ზოლა ისევ მოწოდების სიმაღლეზეა – საოცრად რეალურად გვიყვება მაშინდელი პარიზის ამბებს და თან ისე, რომ მოწყვეტის საშუალებას არ გვაძლევს (და თავისი დროის მწერლების უმეტესობისგან განსხვავებით, “კილომეტრიანი” აღწერებითა და “ფერმკრთალი ქალების მოთქმით” არ გვაბეზრებს თავს)…

11 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    სექ 30, 2012 @ 18:24:53

    ფანტასტიკაზე რა გითხრა… ასპრინიც კარგია (მე უფრო იუმორისტული ციკლი მომწონს) და სოლარისი ხომ საერთოდ… ტარკოვსკის ფილმიც ნახე, თუ მოიცლი.

    ჯერომი კლასიკაა 🙂 რამდენი წლის წინ წავიკითხე, მოსწავლე ვიყავი მაშინ და დღესაც მახსოვს, სიცილით სულს რომ ვერ ვითქვამდი. ქინდლშიც მიდევს ახლა და გამორიცხულია, გადავიკითხო და ხასიათზე არ მოვიდე.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 01, 2012 @ 16:30:21

      უკვე მოვიძიე და სოდერბერგის ფილმზე მეტად ტარკოვსკიმ დამაინტერესა. ვნახავ აუცილებლად…

      ჯერომი ჯერ კიდევ სკოლის დროიდან მამხიარულებს 🙂 ყველაზე “სასიამოვნო” გაკვეთილი იყო ინგლისურის წიგნში 🙂 უბერებელია…

      Like

      პასუხი

  2. rusa111
    სექ 30, 2012 @ 20:10:24

    პეტრე პირველი ჩემ თაროზეცაა და ბავშვობიდან ვუყურებ,მაგრამ წაკითხვის სურვილი რატომღაც არ მიჩნდება, ზოლა მე ადრე უფრო მომწონდა.

    Like

    პასუხი

  3. სანდრო
    ოქტ 01, 2012 @ 23:35:28

    ძალიან კარგი იქნება ყველა დარწმუნებული ვარ მაგრამ ალექსეი ტოლსტოის “პეტრე პირველი” უნდა წავიკითხო აუცილებლად 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 02, 2012 @ 11:18:59

      ისტორია თუ გაინტერესებს, არ ინანებ. მეფე არ ჩანს მთლად იმ დოზით, მე რომ მინდოდა, მაგრამ მაშინდელ რუსეთს კარგად ასახავს 🙂

      Like

      პასუხი

  4. tsotnee
    ოქტ 02, 2012 @ 17:04:31

    აუ რა მაგრად მომწონს რობერტ ასპრინის მაგ წიგნის შენეული აღწერა. უნდა ვნახო სადმე! მომწონს ფანტასტიკა! 🙂

    Like

    პასუხი

  5. მერც ანნა ბლუმი
    ოქტ 27, 2012 @ 22:06:50

    განსაკუთრებით ემილ ზოლაზე გამიკვირდა. “ხაფანგი” არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რაც მაქვს, ძალიან ნატურალისტურად წერს და წვრილმანების აღწერით. ჰოდა, გადამაწყვეტინა, რომ წავიკითხო 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 27, 2012 @ 22:14:06

      ძალიან კარგი 🙂 ე.ი. პოსტმა მიზანს მიაღწია… აქაც, როგორც ყველგან, მხოლოდ “საჭირო” წვრილმანებს აღწერს. არაფერი “მეზედმეტა” 🙂

      Like

      პასუხი

  6. Trackback: სერია “კინობიბლიოთეკა” – დასაწყისი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი