კობო აბეს “გამყინვარების მეოთხე პერიოდი” – მცირეოდენი “იძულებითი” შესვენების შემდეგ ისევ ფანტასტიკას დავუბრუნდი (კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები დამიგროვდა ამ ჟანრში და ბარემ… : ) ). ამჯერად ჩემს საყვარელ იაპონიაში “გავემგზავრე”, კერძოდ კი ტოკიოს კვლევით ინსტიტუტში, სადაც წინასწარმეტყველი მანქანის შექმნას ცდილობენ და გზად სხვა სამეცნიერო ექსპერიმენტსაც “გადააწყდებიან”. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, აქ დეტექტივსაც შეხვდებით – თავისი მკვლელობებით, გამოძიებით და, რაც მთავარია, მოულოდნელი ფინალით… მოკლედ, იაპონია იაპონიაა, კობო აბე კი კობო აბე : ) …
ფილიპ დიკის “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” – 1992 წელი ( ახალ გამოცემებში 2021), გადაშენების პირას მყოფი კაცობრიობა და აღმავლობის გზაზე მდგარი “არსებები” – ანდროიდები, ადამიანები, რომლებიც ძვირადღირებულ ცხოველებზე მხოლოდ ოცნებობენ და მათი შემცვლელი მანქანა-ცხოველებით კმაყოფილდებიან, “ღმერთი” მერსერი და მთავარი კითხვები – შეიძლება თუ არა ადამიანს ანდროიდის მიმართ რაიმე გრძნობა გაუჩნდეს და აქვთ თუ არა ანდროიდებს ემოციები – ფიქრობენ სხვებზე? გრძნობენ სიახლოვეს ადამიანებთან? ოცნებობენ ელექტრონულ ცხვრებზე?… თუ გაინტერესებთ პასუხები ამ კითხვებზე და ისიც, თუ როგორ დარბის ადამიანი სამართებლის პირზე, მაშინ ფილიპ დიკს უნდა მიმართოთ…
არტურ კლარკის “ქალაქი და ვარსკვლავები” – შორეული მომავალი და კოსმოსი, უცნაური შესაძლებლობები და არარეალური ქალაქი – მოკლედ, ეს ტრადიციული სამეცნიერო ფანტასტიკაა. ადამიანებმა ათასობით სიცოცხლე მიიღეს, მაგრამ სამაგიეროდ პლანეტის ერთადერთ ქალაქში აღმოჩდნენ გამომწყვდეულები. თითქოს თავისუფლება შეინარჩუნეს, მაგრამ მათ გონებაში ჩაიდო შიში ცვლილებებისადმი, სანამ არ გამოჩნდა ელვინი – ერთადერთი, ვისაც ადრე არ უცხოვრია და ერთადერთი, ვისაც არ ეშინია… მან მიაღწია კოსმოსს და ერთდროულად დაინახა აისი და დაისი – კაცობრიობის ერთი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი , დასაწყისი ეპოქისა, როდესაც ადამიანები ისევ დაიანახავენ გზას ვარსკვლავებისკენ… მოკლედ, საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა, თუმცა ცოტა არ იყოს დამღლელი…
პიერ ბულის “მაიმუნების პლანეტა” – ჩარლზ დარვინის მოსაზრებას მაიმუნებისა და ადამიანების ნათესაობის შესახებ არასდროს ვეთანხმებოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიერ ბულმა უკუღმა “დაატრიალა” ადამიანის ევოლუცია, ცოტა არ იყოს დავფიქრდი… იქნებ, მაიმუნები მართლაც იყვნენ ჩვენი წინაპრები და იქნებ ერთ დღეს ევოლუციის პროცესი უკან დაბრუნდეს? არც ისაა გამორიცხული, რომ თუ ინტელექტის განვითარებას საუკუნეები დასჭირდა, ადამიანის გაველურებას სულ ცოტა დრო დასჭირდეს. ბოლო-ბოლო ვვითარდებით, თუ ვდეგრადირდებით?.. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა – ერთ-ერთი საუკეთესო ფანტასტიკის სამყაროში… მერე რა დასასრულით : )
ოქტ 15, 2012 @ 15:08:20
მაიმუნების პლანეტის ფინალმა გაოგნებული დამტოვა. არც ფილმი მქონდა მაშინ ნანახი და რეაქციას იოლად მიხვდები 🙂 ეს კლარკი კარგია, მაგრამ მე მაინც ოდისეა მირჩევნია. ნუ, დიკი კლასიკაა. ალტერნატიული ისტორია თუ მოგწონს, ისიამოვნებ.
LikeLike
ოქტ 15, 2012 @ 19:45:26
ფილმს ვნახავ ამ დღეებში, მაგრამ წიგნივით ეფექტური არ იქნება 🙂 დიდი ხანია ასეთი ფინალი აღარ შემხვედრია…
LikeLike
ოქტ 15, 2012 @ 19:45:52
ფანტასტიკაზე ჩემი აზრი უკვე მოგეხსენება…
LikeLike
ოქტ 15, 2012 @ 19:47:52
როგორც რუსები იტყოდნენ,ფანტასტიკა На любителя-ა 🙂
LikeLike
ოქტ 16, 2012 @ 18:17:34
მე მაქვს ნანახი “მაიმუნების პლანეტა”. ალბათ წასაკითხად უკეთესია! 🙂
LikeLike
ოქტ 16, 2012 @ 20:51:13
ვნახოთ, ვნახოთ 🙂 შევადარებ… ფინალი რომ ვიცი, არა მგონია ფილმიც წიგნივით მომეწონოს, მაგრამ მაინც ვცდი…
LikeLike
ივნ 05, 2013 @ 18:42:23
კარგია კობო აბე ❤
LikeLike
დეკ 27, 2014 @ 10:40:08
ქართულად თარგმნილი არის რომელიმე?
LikeLike
დეკ 27, 2014 @ 13:23:14
მალე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” “მიმუნების პლანეტას” გამოსცემს “კინობიბლიოთეკის” სერიით.
“ქალაქი და ვარსკვლავები” იყო ქართულად, მაგრამ დიდი ხანია არსად მინახავს. როგორც ჩანს, ტირაჟი ამოიწურა.
ფილიპ დიკს ალბათ ბათუმელები გამოსცემენ 🙂 ასეთი წიგნი ზედგამოჭრილია ახალი და კარგი გამომცემლობისთვის 🙂
LikeLiked by 1 person