ფანტასტიკური ოქტომბერი (ნაწილი I)

კობო აბეს “გამყინვარების მეოთხე პერიოდი” – მცირეოდენი “იძულებითი” შესვენების შემდეგ ისევ ფანტასტიკას დავუბრუნდი (კიდევ რამდენიმე საინტერესო ნაწარმოები დამიგროვდა ამ ჟანრში და ბარემ… : ) ). ამჯერად ჩემს საყვარელ იაპონიაში “გავემგზავრე”, კერძოდ კი ტოკიოს კვლევით ინსტიტუტში, სადაც წინასწარმეტყველი მანქანის შექმნას ცდილობენ და გზად სხვა სამეცნიერო ექსპერიმენტსაც “გადააწყდებიან”. სამეცნიერო ფანტასტიკის გარდა, აქ დეტექტივსაც შეხვდებით – თავისი მკვლელობებით, გამოძიებით და, რაც მთავარია, მოულოდნელი ფინალით… მოკლედ, იაპონია იაპონიაა, კობო აბე კი კობო აბე : ) …

ფილიპ დიკის “ოცნებობენ ანდროიდები ელექტრონულ ცხვრებზე?” – 1992 წელი ( ახალ გამოცემებში 2021), გადაშენების პირას მყოფი კაცობრიობა და აღმავლობის გზაზე მდგარი “არსებები” – ანდროიდები, ადამიანები, რომლებიც ძვირადღირებულ ცხოველებზე მხოლოდ ოცნებობენ და მათი შემცვლელი მანქანა-ცხოველებით კმაყოფილდებიან, “ღმერთი” მერსერი და მთავარი კითხვები – შეიძლება თუ არა ადამიანს ანდროიდის მიმართ რაიმე გრძნობა გაუჩნდეს და აქვთ თუ არა ანდროიდებს ემოციები – ფიქრობენ სხვებზე? გრძნობენ სიახლოვეს ადამიანებთან? ოცნებობენ ელექტრონულ ცხვრებზე?… თუ გაინტერესებთ პასუხები ამ კითხვებზე და ისიც, თუ როგორ დარბის ადამიანი სამართებლის პირზე, მაშინ ფილიპ დიკს უნდა მიმართოთ…

არტურ კლარკის “ქალაქი და ვარსკვლავები” – შორეული მომავალი და კოსმოსი, უცნაური შესაძლებლობები და არარეალური ქალაქი – მოკლედ, ეს ტრადიციული სამეცნიერო ფანტასტიკაა. ადამიანებმა ათასობით სიცოცხლე მიიღეს, მაგრამ სამაგიეროდ პლანეტის ერთადერთ ქალაქში აღმოჩდნენ გამომწყვდეულები. თითქოს თავისუფლება შეინარჩუნეს, მაგრამ მათ გონებაში ჩაიდო შიში ცვლილებებისადმი, სანამ არ გამოჩნდა ელვინი – ერთადერთი, ვისაც ადრე არ უცხოვრია და ერთადერთი, ვისაც არ ეშინია… მან მიაღწია კოსმოსს და ერთდროულად დაინახა აისი და დაისი – კაცობრიობის ერთი ეპოქის დასასრული  და ახლის დასაწყისი , დასაწყისი ეპოქისა, როდესაც ადამიანები ისევ დაიანახავენ გზას ვარსკვლავებისკენ… მოკლედ, საინტერესო “მოგზაურობა” გამოვიდა, თუმცა ცოტა არ იყოს დამღლელი…

პიერ ბულის “მაიმუნების პლანეტა” – ჩარლზ დარვინის მოსაზრებას მაიმუნებისა და ადამიანების ნათესაობის შესახებ არასდროს ვეთანხმებოდი, მაგრამ მას შემდეგ, რაც პიერ ბულმა უკუღმა “დაატრიალა” ადამიანის ევოლუცია, ცოტა არ იყოს დავფიქრდი… იქნებ, მაიმუნები მართლაც იყვნენ ჩვენი წინაპრები და იქნებ ერთ დღეს ევოლუციის პროცესი უკან დაბრუნდეს? არც ისაა გამორიცხული, რომ თუ ინტელექტის განვითარებას საუკუნეები დასჭირდა, ადამიანის გაველურებას სულ ცოტა დრო დასჭირდეს. ბოლო-ბოლო ვვითარდებით, თუ ვდეგრადირდებით?.. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა – ერთ-ერთი საუკეთესო ფანტასტიკის სამყაროში… მერე რა დასასრულით : )

 

10 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    ოქტ 15, 2012 @ 15:08:20

    მაიმუნების პლანეტის ფინალმა გაოგნებული დამტოვა. არც ფილმი მქონდა მაშინ ნანახი და რეაქციას იოლად მიხვდები 🙂 ეს კლარკი კარგია, მაგრამ მე მაინც ოდისეა მირჩევნია. ნუ, დიკი კლასიკაა. ალტერნატიული ისტორია თუ მოგწონს, ისიამოვნებ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 15, 2012 @ 19:45:26

      ფილმს ვნახავ ამ დღეებში, მაგრამ წიგნივით ეფექტური არ იქნება 🙂 დიდი ხანია ასეთი ფინალი აღარ შემხვედრია…

      Like

      პასუხი

  2. rusa111
    ოქტ 15, 2012 @ 19:45:52

    ფანტასტიკაზე ჩემი აზრი უკვე მოგეხსენება…

    Like

    პასუხი

  3. tsotnee
    ოქტ 16, 2012 @ 18:17:34

    მე მაქვს ნანახი “მაიმუნების პლანეტა”. ალბათ წასაკითხად უკეთესია! 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      ოქტ 16, 2012 @ 20:51:13

      ვნახოთ, ვნახოთ 🙂 შევადარებ… ფინალი რომ ვიცი, არა მგონია ფილმიც წიგნივით მომეწონოს, მაგრამ მაინც ვცდი…

      Like

      პასუხი

  4. purclebi
    ივნ 05, 2013 @ 18:42:23

    კარგია კობო აბე ❤

    Like

    პასუხი

  5. darknessrose
    დეკ 27, 2014 @ 10:40:08

    ქართულად თარგმნილი არის რომელიმე? :/

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      დეკ 27, 2014 @ 13:23:14

      მალე “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა” “მიმუნების პლანეტას” გამოსცემს “კინობიბლიოთეკის” სერიით.

      “ქალაქი და ვარსკვლავები” იყო ქართულად, მაგრამ დიდი ხანია არსად მინახავს. როგორც ჩანს, ტირაჟი ამოიწურა.

      ფილიპ დიკს ალბათ ბათუმელები გამოსცემენ 🙂 ასეთი წიგნი ზედგამოჭრილია ახალი და კარგი გამომცემლობისთვის 🙂

      Liked by 1 person

      პასუხი

  6. Trackback: ფილ დიკის ღმერთი | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი