ბოლო დროს სამეცნიერო ფანტასტიკას “ჩავუჯექი” და ძალიან სასიამოვნო “მოგზაურობებიც” გამოვიდა, მაგრამ ერთფეროვნება მოსაბეზრებელი რომ არ გამხდარიყო, ცოტა სხვა მიმართულებით “ავიღე გეზი” – საშინელებათა სამყაროსკენ. გაგიკვირდებათ და აქაც სასიამოვნო “მოგზაურობები” გამოვიდა 🙂 ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ… რა თქმა უნდა, თუ არ გეშინიათ 😉
რობერტ ბლოჰის “ფსიქო” – ბავშვობიდან მახსოვს გოგი გვახარიას გადაცემის ქუდი – სისხლის ნაკადი, რომელიც აბაზანაში მიედინებოდა. ერთი პერიოდი აქტიურად ვუყურებდი ამ გადაცემას ( როგორც მაშინ ვეძახდით, ე.წ. “უჟასების” ხათრით)და ჰიჩკოკის შედევრიც ვნახე. შემდეგ დროთა განმავლობაში ეს სიყვარული გამინელდა, მაგრამ როგორც კი რობერტ ბლოჰს გადავაწყდი, გვერდი ვერ ავუარე, მიუხედავად იმისა, რომ ტრადიციულად ჯერ ვკითხულობ და მხოლოდ შემდეგ ვუყურებ ეკრანიზაციას… შინაარსზე ბევრს აღარაფერს ვიტყვი – ალფრედისეულ “ფსიქოს” ალბათ ყველა იცნობს. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ წიგნიც არანაკლებ შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ფსიქიკურად დაავადებული მანიაკის განცდები შესანიშნავადაა გადმოცემული (ასაკიდან გამომდინარე ფილმის ყურებისას ამას ნაკლები ყურადღება მივაქციე. თან ენტონი პერკინსიც განსხვავდება ბლოჰის ნორმანისგან…) და ფინალიც ისეთია, რომ წინასწარ არცოდნის შემთხვევაში ალბათ ვერც გამოვიცნობდი…
სტივენ კინგის “ნათება” – სტივენ კინგს საშინელებათა ჟანრის მეფეს უწოდებენ. ასეთი ტიპის ფილმების დიდი ნაწილი სწორედ მისი ნაწარმოებების მიხედვითაა გადაღებული, მათ შორის “ნათებაც”… თუმცა თავიდან ყველაფერი ისე დაიწყო, რომ ეჭვიც კი შემეპარა – ნამდვილად საშინელებას ვკითხულობდი, თუ ერთ ჩვეულებრივ ოჯახურ დრამას. მომეჩვენა, რომ ზედმეტად დიდხანს იყო სიმშვიდე… მაგრამ ბოლო-ბოლო ღამის კოშმარები რეალობად იქცა. სასტუმრო “ოვერლუკმა” და მასში “დასახლებულმა” იდუმალებით მოცულმა redrum-მა სუსტი წერტილი უპოვეს ჯეკს, მის ცოლსა და “მანათობელ” დენის – პირდაპირ მათი მარტოობა და უნდობლობა “ამოიღეს” მიზანში… მოკლედ, საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა (თუმცა ცოტა მეტი საშინელებაც შეიძლებოდა…). მოგვიანებით ფილმსაც ვნახავ. ფოტოებიდან გამომდინარე, არც ჯეკ ნიკოლსონი ჯდება ჩემს წარმოდგენაში და არც მისი ცოლის როლის შემსრულებელი, მაგრამ კუბრიკის ხათრით ალბათ ღირს…
სტივენ კინგის “მიზერი” – უკვე ვთქვი, რომ ბავშვობაში აქტიურად ვუყურებდი საშინელებათა ჟანრის ფილმებს. ჩემს საყვარელ ეკრანიზაციებს შორის მყარ მეორე ადგილს სწორედ”მიზერი” ფლობდა (პირველ ადგილს კოძი სუძუკის “ზარის” მიხედვით შექმნილი ფილმების სერია იკავებდა) 🙂 როგორც აღმოჩნდა, წიგნიც არანაკლები ყოფილა… მაშ ასე, ჩვენს წინაშეა მწერალი პოლ შელდონი, რომელიც ავტოავარიის შემდეგ მისმა “ფანმა” ენი უილკსმა გადაარჩინა. თითქოს ბედნიერი შემთხვევაა, მაგრამ ხანდახან გადარჩენა უფრო დიდი საშინელებაა, ვიდრე სიკვდილი, ეს უკანასკნელი კი ნამდვილ ბედის საჩუქრად მოგეჩვენებათ… ყველაფერში დამნაშავე ენის ფანატიკური სიყვარულია პოლის ნაწარმოებების სერიის გმირის – მიზერის მიმართ: “მიზერი – არსებითი სახელი. ნიშნავს ტანჯვას, როგორც წესი, ხანგრძლივს და ხშირად უაზროს. მიზერი – ასევე საკუთარი სახელი, პერსონაჟი და სიუჟეტი, ასევე აშკარად ზედმეტად გრძელი და უაზრო, თუმცა ისიც მიდის ბოლოსკენ.” სწორედ მიზერის “გაცოცხლების” მიზნით აქცევს ნაჯახით და სხვა “საინტერესო” ნივთებით შეიარაღებული ენი პოლის სიცოცხლეს ერთ დიდ ტკივილად და ჯოჯოხეთად… როგორ დამთავრდება მათი ურთიერთობა, ამას არ გავამხელ, მაგრამ იმას კი ვიტყვი, რომ აქ უფრო დავინახე კინგის “მეფობა”, ვიდრე “ნათებაში” (მიუხედავად იმისა, რომ აქ ზებუნებრივი არაფერი ყოფილა)…
ნოე 09, 2012 @ 21:27:44
ჟანრი რაკი არ მიყვარს, ფილმებსაც გვერდს ვუვლი და წიგნებსაც, თუმცა ჰიჩკოკის გენიალობას ვაღიარებ, “ფსიქო” კი გაცილებით მაღლა დგას ყველა სხვა დანარჩენზე.
LikeLike
ნოე 10, 2012 @ 15:07:05
“ფსიქო” კლასიკაა – ფილმიც და წიგნიც…
LikeLike
ნოე 09, 2012 @ 21:32:59
ყველაზე ნაკლებად რომ მიზიდავს, ის ჟანრი, ოღონდ, კინგი მართლა ძალიან მაგარია.
LikeLike
ნოე 10, 2012 @ 15:29:04
როგორც აღმოჩნდა, ლიტერატურულად მაინცდამაინც არც მე მიზიდავს – ფილმები უფრო ეფექტური იყო… მაგრამ კინგს მაინც მივუბრუნდები…
LikeLike
ნოე 12, 2012 @ 10:21:15
აუცილებლად ნახე ნათებაც და მიზერიც. მიზერის პერსონაჟი ერთ-ერთი საუკეთესოა ჩემი აზრით, ქეთი ბეიტსი კი იდეალურად უხდება ამ როლს.
http://www.imovies.ge/movies/4741
LikeLike
ნოე 12, 2012 @ 16:45:55
ნათებას ვნახავ აუცილებლად… და მიზერისაც – ბევრჯერ მაქვს ნანახი, მაგრამ მომენატრა ენი უილკსი 🙂
LikeLike
ნოე 12, 2012 @ 10:34:44
სტივენ კინგი ნამდვილად პირველია ამ ჟანრში. მიყვარს ეს ჟანრი, თუმცა ფილმები უფრო შთამბეჭდავი გამოდის ხოლმე. დრო იყო შეშლილი ვიყავი საშინელებათა ფილმებზე და საქმე იქამდე მივიყვანე უძილობა დამეწყო, მაშინ გადავწყვიტე რომ პაუზა უნდა ამეღო, ისე კი გამიგრძელდა პაუზა 🙂
LikeLike
ნოე 12, 2012 @ 16:53:41
მშვენივრად მეძინა ე.წ. “უჟასების” მერე 🙂 დიდი ხანია ამ ჟანრის ფილმი აღარ მინახავს და იმედია ნაჯახიანი ჯეკ ნიკოლსონი არ დამესიზმრება 🙂
LikeLike
ნოე 13, 2012 @ 20:11:21
ყველაზე მსენია და მაინც არცერთი მაქვს ნანახი და არცერთი წაკითხული. რომ მოვიცლი ფილმებს მაინც ვნახავ. ისე, მეც მახსოვს გოგი გვახარიას “ფსიქოს” დასაწყისი.
LikeLike
ნოე 13, 2012 @ 20:50:06
ნამდვილად არ ინანებ 🙂
LikeLike
ივლ 30, 2013 @ 23:27:47
Kejeradze nateba ra enaze waikitxe ? 😀
LikeLike
ივლ 31, 2013 @ 12:54:38
რუსულად 🙂
LikeLike
ოქტ 25, 2013 @ 18:19:03
გამარჯობა, შემთხვევით გადავაწყდი ამ ბლოგს. ბოლომდე წავიკითხე. ჩავიკითხე კომენტარებიც. ცოტა გული დამწყდა, რადგან ერთი სიტყვითაც კი არ გიხსენებიათ მთარგმნელები. ,,მიზერი” ჩემი თარგმანია. ახლა ,,ნათება” შემომთავაზეს. ვფიქრობ, ღირს ხელახლა გადავეშვა კინგის საშინელებათა სამყაროში?
LikeLike
ოქტ 25, 2013 @ 21:53:37
ეს პოსტი და კომენტარები თარგმანის გამოსვლამდეა დაწერილი, მაგრამ მაინც სამართლიანი შენიშვნაა და აუცილებლად გავითვალისწინებ (“დიოგენეს” შემთხვევაში მაინც – ბოლო დროს სხვა გამომცემლობის თარგმანებს იშვიათად ვეცნობი). რაც შეეხება “ნათებას”, როგორც ამბობენ, “მიზერი” ძალიან კარგი თარგმანია და ალბათ კიდევ ერთი ასე “ამეტყველებული” კინგი ყველას გაახარებს 🙂
LikeLike
ოქტ 14, 2014 @ 20:51:13
ჩემი საყვარელი ჟანრი *^* კინგის უიმედოთა ქალაქი დავიწყე მაგრამ მალევე დავანებე თავი დორის უქონლობის გამო ძალიან ნელ-ნელა ვკიტხულობ და გადავწყვიტე არდადეგებზე ჩავუჯდე და ერთიანად შესვენებების გარეშე წავიკითხავ *^* არაჩვეულებრივი პოსტია *^*
LikeLike
ოქტ 14, 2014 @ 21:04:03
მადლობა 🙂 წიგნებია არაჩვეულებრივი ^_^
LikeLiked by 1 person