საჩუქრები “დიოგენესგან”

უკვე 18 წელია ახალი წელი ჩემთვის ახალ წიგნებთან ასოცირდება. რამდენიმე წელი ლაპლანდიელი სანტა კლაუსი მასაჩუქრებდა, ახლა კი ადგილობრივი “თოვლის ბაბუებისა” და საკუთარი თავის იმედად ვარ დარჩენილი 🙂 რა თქმა უნდა, წელსაც მივიღე “გემრიელი” საჩუქრები, მაგრამ, როგორც არაერთხელ მითქვამს, ყველა წიგნს თავისი დრო აქვს. დასაწყისისთვის “დიოგენეს” საჩუქრები შევარჩიე, რომელთაგან ორი თავად გამომცემლობამ მისახსოვრა (ერთზე ოდნავ მოგვიანებით, ცალკე ვისაუბრებთ), მესამე კი ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ ზუსტად ახალი წლის წინ გამოვიდა და თამამად შეგვიძლია საყოველთაო საჩუქარი ვუწოდოთ 🙂

თამთა მელაშვილის “გათვლა” – აქ ომია… თითოეული ჩვენგანისთვის ასე ნაცნობი ომი… დრო არ არის დაკონკრეტებული, თუმცა გასაგებია, რომ წიგნის უმეტეს ნაწილში 90-იანი წლებია, ბოლოს კი – 2008. ომი 13 წლის გოგონების ირგვლივ ტრიალებს, რომელთაგან ერთი ყველაფერს გვიყვება – სხვის მკვდრებს არ მარხავენ, ბავშვები შიმშილით იხოცებიან, ნარკოტიკებით და სხეულით ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მოგონებებს ცეცხლზე წვავენ, ყველა სიკვდილის ცნობას ელის… სულ 70 გვერდია და ერთი ამოსუნთქვით იკითხება, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება დამრჩა – ვერ ვიტყვი, რომ ცალსახად არ მომეწონა, თუმცა 2011 წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულისგან ოდნავ მეტს ველოდი…

ჰენრი მილერის “კირჩხიბის ტროპიკი” – “დიოგენეს ბიბლიოთეკა” რომ მუდამ საინტერესო წიგნებით გვანებივრებს, ამაზე არაერთხელ ვისაუბრეთ, თუმცა გამოგიტყდებით და ჰენრი მილერს განსაკუთრებით ველოდი (თვით კერუაკსა და პალანიკზე მეტადაც კი). ამ ნაწარმოებს მსოფლიოში სკანდალურად მიიჩნევენ და, რა თქმა უნდა, საინტერესო იყო მისი “დაგემოვნება”. თავად ავტორს თუ დავესესხებით, ეს სულაც არ არის წიგნი. უფრო ცილისწამებაა, დაცინვაა. ეს ხელოვნების შეურაცხყოფაა. კირჩხიბი ცივილიზაციის ავადმყოფობაა, საბოლოო წერტილია მცდარ გზაზე, კურსის რადიკალურად შეცვლისა და ნულიდან დაწყების აუცილებლობაა… მილერის პარიზულ ავტობიოგრაფიაში სკანდალური მხოლოდ სექსია, მაგრამ ესეც ხომ ცხოვრების ნაწილია. სიმართლე შეიძლება შოკისმომგვრელიც იყოს, მაგრამ ხელოვნება სწორედ ისაა, რომ დავივიწყოთ წესიერება… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო და შემთხვევით ზედმეტი დეტალები არ გაგიმხილოთ, მხოლოდ ერთს გეტყვით – თუ არ წაგიკითხავთ მილერი, წაიკითხეთ. არ ინანებთ და ისეთ “სკანდალურსაც” ვერაფერს ამოიკითხავთ, რაც თუნდაც უელბეკთან არ წაგიკითხავთ 🙂 …მე კი “დიოგენეს ბიბლიოთეკის” მორიგ სიურპრიზს დაველოდები – იმედია, 2013 წელსაც არ მოგვაკლებენ “გემრიელ” სიახლეებს…

 

13 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    იან 15, 2013 @ 00:40:47

    მადლობა დიოგენეს 🙂

    Like

    პასუხი

  2. tami
    იან 15, 2013 @ 15:19:01

    ეხლა კირჩხიბის ტროპიკს ვკითხულობ, დიოგენეს ბიბლიოთეკაზე კრგი არაფერი გამოცემულა ჯრ-ასე მგონია:)

    Like

    პასუხი

  3. rusa111
    იან 15, 2013 @ 17:14:35

    თამთა მელაშვილის ამ წიგნის ფრაგმენტების თარგმანი მაქვს მოსმენილი გერმანულად და დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ფინალმა განსაკუთრებით.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      იან 15, 2013 @ 18:29:20

      რატომღაც მგონია, რომ თარგმანში ფინალი უფრო ეფექტური იქნება – ორიგინალში ბოლო წინადადება ოდნავ ყალბად ჟღერს…

      Like

      პასუხი

  4. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა « კეჟერაძის ბლოგი
  5. salomeaa
    თებ 02, 2013 @ 22:11:28

    კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ მე და შენ ერთნაირი ლიტერატურული გემოვნება გვაქვს:))
    თამთა მელაშვილის ,,გათვლა” კარგია, მაგრამ იმდენი აქეს, ,,საბა” აიღო და უფრო კარგს ველოდი. ფინალი კი მართლა ყალბია. ყველაფერი გააფუჭა.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 02, 2013 @ 22:42:21

      სრული ლიტერატურული ერთსულოვნება არ არსებობს 🙂 …მაგრამ ბოლო წინადადება აშკარად “მეზედმეტა”…

      Like

      პასუხი

  6. Trackback: დიოგენეს ბიბლიოთეკა | კეჟერაძის ბლოგი
  7. მაგა რაიუელა
    ოქტ 26, 2013 @ 17:59:31

    წავიკითხე უკვე და არ გამიკვირდა…სელინის მერე მილერმა ნამდვილად ვერ გამაკვირვა…
    საბედნიეროდ 🙂

    Like

    პასუხი

Leave a reply to Kejeradze კომენტარის გაუქმება