ერასტ ფანდორინი

ბავშვობიდან მიყვარდა ბნელით მოცული საქმეები და მათი ამომხსნელი გამომძიებლები – განსაკუთრებით, ჰოლმსი და პუარო. ასაკის მატებასთან ერთად ეს სიყვარული ცოტა გამინელდა, მაგრამ ბორის აკუნინმა მოახერხა ჩემი “შემობრუნება”. მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაწარმოებები განსაკუთრებული “ჩახლართულობით” არ გამოირჩევა და დასასრულიც ხშირად აშკარაა, მაინც სიამოვნებით ვკითხულობ, მით უფრო მაშინ, როცა რაიმე მსუბუქი მჭირდება… ამ “მიმზიდველობის” მთავარი მიზეზი ერასტ ფანდორინია – ჩემი ბოლო ლიტერატურული სიყვარული 🙂

ყველაფერი “აზაზელით” დაიწყო – პირველ ხიფათს ერასტი სწორედ ამ საქმის გამოძიებისას გადაეყარა, პირველი ძლიერი დარტყმაც მიიღო და დამახასიათებელი ნიშან-თვისებებიც შეიძინა. შემდეგ იყო “თუქული გამბიტი”, სადაც რუსეთ-თურქეთის ომში ჩავებით და თურქეთის ჯაშუში “გავშიფრეთ”, “ალმასის ეტლი” (იაპონიის ხათრით თანმიმდევრობა დავარღვიე) და “ლევიათანი”.

ამჯერად საგამოცდო ციებ-ცხელებით ვისარგებლე და გადავწყვიტე სერიოზულად “ჩავჯდომოდი” ერასტის თავგადასავლებს:

“აქილევსის სიკვდილში” იაპონიიდან დაბრუნებული ერასტი (რა თქმა უნდა, მასაც მის გვერდითაა და გვამხიარულებს) პლევნის გმირის, რუსულ აქილევსად წოდებული სობოლევის უცნაურ სიკვდილს იძიებს…

ფანდორინი იმდენად პოპულარული გმირია, რომ აკუნინმა სცენაზეც სცადა მისი “გადაყვანა”. სპექტაკლზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ პიესა “ინი და იანი” აშკარად სუსტია სხვა “სერიებთან” შედარებით. გარდა იმისა, რომ მოცულობით პატარაა, ვითომდა ჯადოსნური თვისებების მქონე აზიური მარაოს გაქრობა ისეთი საინტერესო საქმე ვერ არ არის, როგორც ერასტ პეტროვიჩის სხვა საქმეები…

“ყვავის ვალეტში” ერასტი, მასა და პატივცემული ფანდორინის ახალი თანაშემწე ანისი ტიულპანოვი (ქართულად ცოტა უცნაურად ჟღერს 🙂 ) ცნობილ თაღლითზე –  ყვავის ვალეტზე ნადირობენ. სხვა სერიებთან შედარებით, ეს საქმე “მსუბუქია” – სისხლი არ იღვრება, მაგრამ მთლად უინტერესობასაც ვერ დავწამებთ…

თუ “ყვავის ვალეტში” სისხლი “მეცოტავა”, “დეკორატორში” ორმაგად “დაიღვარა” – მოსკოვში სერიული მკვლელი გამოჩნდა – ჯეკ-მფატრავი ანუ დეკორატორი, რომელიც მოკლული ქალების ორგანოებით “მხატვრულ ნამუშევრებს” ქმნის… განსაკუთრებით საინტერესოდ მანიაკის ფსიქოლოგია მეჩვენა…

“სამოქალაქო მრჩეველში” ერასტ ფანდორინი რევოლუციონერ ტერორისტებს ებრძვის. ჩემი მოკრძალებული აზრით, ეს მისი ერთ-ერთი საუკეთესო საქმეა (პოლიტიკური დეტექტივი სხვანაირი ვერც იქნება) და სიმართლე გითხრათ, გამიჭირდა კიდეც სიტუაციაში გარკვევა – ტერორიზმი რომ დიდი დანაშაულია, ეს ფაქტია, მაგრამ არც მეფის რუსეთი იყო “ანგელოზთა სამყოფელი”… აკუნინმა ბოროტების ბოროტებასთან შებრძოლების მოწმენი გაგვხადა… თუმცა ეს ერასტს არ ეხება – ის ისევ მოწოდების სიმაღლეზეა – საქმესაც იძიებს, ქალების გულთამპყრობელიცაა და სუპერ-გმირიც 🙂

“მეფედ კურთხევა ანუ ბოლო რომანებიდან” – გადამდგარი სამოქალაქო მრჩეველი ამჯერად სამეფო ოჯახის წარმომადგენლის გატაცების საქმეს იძიებს. ერასტ პეტროვიჩი ცნობილ დამნაშავეს – ექიმ ლინდს ეძებს და სამეფო რელიქვიის – “ორლოვის” გადარჩენას ცდილობს. შედეგის გამხელისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ ერთს დავამატებ – საქმე უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესოა მთელს სერიაში (მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავე აშკარაა) და ისტორიულადაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემი მოკძალებული აზრით, უმჯობესი იქნებოდა რომ აკუნინს ტრადიციული თხრობის მანერა გამოეყენებინა  – კამერდინერი ოდნავ აგდებს ტემპს…

“სიკვდილის მიჯნური ქალი” – მოსკოვში ევროპაში ასე ცნობილი “თვითმკვლელთა კლუბი” გაჩნდა. მათ გამოაშკარავებას, რა თქმა უნდა, ერასტ ფანდორინი ცდილობს და ამისთვის “სიკვდილის მიჯნურ ქალს” – კოლომბინად წოდებულ მაშა მირონოვას უახლოვდება (აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ამ უკანასკნელმა საოცრად გამაღიზიანა)… გამოგიტყდებით და ეს “სერია” სხვებთან შედარებით ნაკლებად საინტერესოდ მეჩვენა…

“სიკვდილის მიჯნური კაცი” – ამჯერად აკუნინი ხიტროვკელ “ქურდებზე” გვიყვება, რომელთა წრეში გზასაცდენილი მოზარდი “სკორიკი” ხვდება და მათთან დაკავშირებულ ქალს – “სიკვდილს” უმიჯნურდება. რა ბედი ეწევა უცაბედად გამდიდრებულ “სკორიკს” და როგორ გამოიძიებს საიდუმლოებით მოცულ სასტიკ მკვლელობებს ერასტ პეტროვიჩი (სხვათა შორის, ეს უკანასკნელი უფრო ხშირად რომ ჩნდებოდეს, უკეთესი იქნებოდა), თავად ნახეთ, თუმცა წინა ეპიზოდისა არ იყოს, არც ესაა საუკეთესო…

“ნეფრიტის კრიალოსანი” – ამ ეპიზოდზე მოგვიანებით ცალკე ვისაუბრებთ…

“მთელი სამყარო თეატრია” – თურმე ერასტ პეტროვიჩის მსგავსი ადამიანებიც კი შედიან ასაკში… ამჯერად ის ისეთი ცივი აღარ არის და ახალ სიყვარულსაც კი უღებს გულის კარს… ოღონდ ეს პირადად ჩემთვის მეორეხარისხოვანი იყო (და სულაც არ მომეწონა ერასტის სატრფო). გაგიკვირდებათ და არც ის იყო ამ ეპიზოდის მთავარი ხიბლი, რომ ფურცლებზე მანიაკი დაძრწოდა. უფრო თეატრის შიდა სამზარეულომ დამაინტერესა – კულისებს მიღმა ხომ იმდენი ინტრიგა “ჩნდება”…

…და ბოლოს უკვე არც თუ ისე ახალგაზრდა ერასტ პეტროვიჩი “შავ ქალაქში” – ნავთობმაგნატებითა და სხვადასხვა ტიპის კავკასიელებით დასახლებულ ევრაზიულ ბაქოში აღმოჩნდა და ტერორისტ-რევოლუციონერ ოდისევსს შეერკინა. ამჯერად გარდა დამნაშავის განეიტრალებისა, მის ამოცანას  პირველი მსოფლიო ომისა და ბოლშევიკური რევოლუციის თავიდან აცილებაც წარმოადგენდა…

P.S.  ჯერჯერობით სულ ეს იყო. ვნახოთ, იქნებ მომავალში აკუნინმა კიდევ შემოგვთავაზოს ერასტ ფანდორინის თავგადასავლები, თუმცა “შავი ქალაქი” დასასრულს ჰგავს… მაგრამ ჰოლმსი ხომ დაბრუნდა (თან ერასტის ბიოგრაფიაში “დამაიმედებელი” უზუსტობაცაა) 😉

14 Comments (+add yours?)

  1. tsotnee
    თებ 01, 2013 @ 21:02:22

    საინტერესოები ჩანს. რომ მოვიცლი (სხვა საკითხავი რომ გამომელევა) ჩავჯდები. 🙂

    Like

    პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    თებ 01, 2013 @ 22:58:36

    კორონაცია ყველას მირჩევნია აქედან და “შავი ქალაქი” ბოლო არ უნდა იყოს 🙂 ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა (მთავარი რომც არ ვახსენოთ).

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 01, 2013 @ 23:20:26

      კორონაცია კარგია, მაგრამ ჩემი ფავორიტი მაინც “სამოქალაქო მრჩეველია” 🙂 …დასასრული რომ იყოს, აკუნინი პირდაპირ იტყოდა სათქმელს… თან ერასტს ისეთი საქმეები დარჩა მოსაგვარებელი… 🙂

      Like

      პასუხი

      • მოლი ბლუმი
        თებ 01, 2013 @ 23:23:12

        ვაიმე, კორონაცია დავწერე? :((( გათიშული რომ ვარ, არ მეტყობა? “კორონაცია” და “ლიუბოვნიკ სმერტი” ყველაზე ნაკლებად მომწონს, “სტატსკი სოვეტნიკი” რა თქმა უნდა. უპირობო ფავორიტია და ჟანრის მშვენება – ერთ-ერთი გამორჩეული პოლიტიკური დეტექტივი.

        Like

        პასუხი

      • Kejeradze
        თებ 01, 2013 @ 23:45:56

        დროებით თუ დავივიწყებთ კამერდინერს და “გაშიფრულ” მკვლელს, კორონაციაც არ არის ცუდი 🙂 “სიკვდილებზე” უფრო საინტერესო იყო 🙂

        Like

        პასუხი

  3. სანდრო
    თებ 04, 2013 @ 00:38:20

    ძალიან მაინტერესებს და მოლის რჩევით “აზაზელით” მინდა დავიწყო, მაგრამ ჯერ ხელთ ვერ ვიგდე, როგორც კი შევძლებ წავიკითხავ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      თებ 04, 2013 @ 00:52:24

      “აზაზელი” პირველი საქმეა და ქრონოლოგიის დარღვევა არ ღირს 🙂 თან ქართულადაც ყოფილა ნათარგმნი და უფრო ხელმისაწვდომია 🙂

      Like

      პასუხი

  4. Trackback: ნეფრიტის კრიალოსანი « კეჟერაძის ბლოგი
  5. Trackback: ნიკა ფანდორინის თავგადასავლები | კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: “ზღაპრები” აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: ერასტ ფანდორინის დაბრუნება | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: ჟანრები აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი
  9. Trackback: სიკვდილი ვახტანგურად | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი