“ისტორიული” მარტი

554100_390615847637338_1559629834_n

პერ ლაგერკვისტის “ჯუჯა” – დაახლოებით ერთი წლის წინ “ბარაბა” რომ წავიკითხე, მას შემდეგ სულ მინდოდა ლაგერკვისტის უფრო ახლოს გაცნობა, მაგრამ წიგნები ხომ მაშინ “მოდიან”, როცა ამის დრო დგება:)… და მინდა გითხრათ, რომ ლოდინად ღირდა (თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ “ბარაბა”, როგორც პირველი, მაინც სხვა იყო). ეს არის ისტორია ადამიანისა, რომელიც სხვებს არ ჰგავს. ის ჯუჯაა. მაღალი ადამიანების გვერდით ცხოვრება ადვილი არ უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკურ სიდაბლეზე უარესი ალბათ სულიერია. ჯუჯა მაღლებშიც ცხოვრობს, მათ სულებში იმალება და პერიოდულად თავის მაიმუნისებრ სახეს ავლენს… ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მხოლოდ ერთს დავამატებ – გაიცანით ლაგერკვისტი და ჯუჯა, არ ინანებთ;)

არტურო პერეს-რევერტეს “სადოლე ტყავი ანუ სევილიური ზიარება” – დიუმა-მამა ჩემს საყვარელ მწერალთა შორის რჩება, მიუხედავად იმისა, რომ უკვე წლებია მისი წიგნები აღარ გადამიშლია. ამის მიზეზი ის არის, რომ მასსავით არავის შეეძლო თავბრუდამხვევი თავგადასავლებით სავსე ატმოსფეროს ისე გაცოცხლება, თითქოს ჩვენ თავად ვიყავით იქ… მაგრამ მთლად ასეც არ ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, არტურო პერეს-რევერტსაც არანაკლებ (თუ მეტად არა) შეუძლია ამის გაკეთება. სამწუხაროდ, სენიორ არტუროს თარგმანი თითქმის არ გვაქვს, პატარა ესეს და “ღირსების საქმეს” თუ არ ჩავთვლით, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ის თუნდაც “სევილიურ ზიარებაში” გვთავაზობს. იმედი ვიქონიოთ, რომ ამ ბოლო დროს ძალიან გააქტიურებული გამომცემლობები სხვა საინტერესო ავტორებს “ესპანელ დიუმასაც” მიუმატებენ, მანამდე კი, თუ უცხო ენებზე კითხვის საშუალება გაქვთ და გაინტერესებთ როგორია ფორთოხლის სურნელით გაჟღენთილი სევილია, როგორ შეაღწია ჰაკერმა რომის პაპის პირად კომპიუტერში, როგორ კლავს ეკლესია თავის გადასარჩენად ხალხს, რა როლი აქვთ ამ საქმეში სევილიელ ბანკირებს, სადოლე ტყავად ქცეულ მღვდლებს, თანამედროვე ინკვიზიტორებს, აფერისტებსა და წარსულის აჩრდილებს, სასწრაფოდ უნდა “ჩაუჯდეთ” ამ წიგნს… ოღონდ გაითვალისწინეთ, რამდენიმე დღე სხვაზე ვერაფერზე იფიქრებთ 😉

ალექსანდრ პარადისისის “ბალთაზარ კოსას ცხოვრება და მოღვაწეობა” –  რევერტეს შემდეგ გადავწყვიტე ვატიკანში კიდევ ერთხელ “შემევლო”. ანტიპაპმა იოანე XXIII-მ კათოლიკური ეკლესიის ცხოვრებაში დიდი როლი ითამაშა  ამიტომ “მოგზაურობა” სწორედ მისი უფრო ახლოს “გაცნობით” დავიწყე. მიუხედავად იმისა, რომ ეს წიგნი უკვე წავიკითხე ღრმა ბავშვობაში, მეკობრეობის გარდა აღარაფერი მახსოვდა. ახლა ბევრად უფრო საინტერესო ეპიზოდებიც აღმოვაჩინე და ორად გახლეჩილი ეკლესიების პონტიფიკოსებმა არცთუ სასიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვეს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ წმინდა პეტრეს წარმოგზავნილებად წოდებული პაპები კათოლიკეთა საუკეთესო თვისებების ნაცვლად ყველაზე ამაზრზენთ ფლობდნენ. ამ ზოგად ფონზე იოანე XXIII-დ წოდებული  ბალთაზარ კოსა განსაკუთრებული ბოროტმოქმედი სულაც არ ყოფილა…

ალექსანდრ დიუმას “ბორჯიების ოჯახი” – ანტიპაპ იოანეზე არანაკლებ “საინტერესო” ცხოვრება ჰქონდა ალექსანდრე VI-ს. ბორჯიების ოჯახის ლიტერატურულ აღწერათა საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალში ყველაზე მეტად ზემოხსენებული დიუმას ვერსიამ დამაინტერესა. თან ერთ დროს საყვარელ მწერალთან კიდევ ერთხელ შეხვედრის საშუალებაც მომეცა. შეიძლება მან, როგორც უმეტეს შემთხვევებში, აქაც “მოგვატყუა”, მაგრამ აღწერილი მოვლენებიდან თუნდაც მცირე ნაწილიც კი თუ სიმართლეა, მაშინ მესმის რატომ მოანდომეს სულ ახლახანს რომის პაპის არჩევას ამდენი დრო და ბოლოს პონტიფიკოსად ასაკოვანი ღვთისმსახური აირჩიეს… იმედია, კათოლიკური ეკლესია დღეს მაინც არის ის, რაც უნდა იყოს და არა ის, რადაც ბორჯიების ყოვლად გარყვნილმა ოჯახმა აქცია… უშუალოდ დიუმასეულ ვერსიას რაც შეეხება, ცუდი არ იყო, მაგრამ ისტორიული ფაქტებით ზედმეტად გადატვირთული მეჩვენა… ალბათ წაკითხვა დამაგვიანდა…

უმბერტო ეკოს “ბაუდოლინო” – ეს არის უმბერტო ეკოს ყველაზე ადვილად წასაკითხი და მხიარული ნაწარმოები ( თუმცა გამოგიტყდებით და “ვარდის სახელი” და “პრაღის სასაფლაო” ბევრად უფრო მომეწონა… უფრო სწორად, მათ ფონზე “ბაუდოლინო” მომეწონა ნაკლებად). ბაუდოლინოს ისტორია, რომელსაც ის ბიზანტიელ ისტორიკოსს უყვება, ნამდვილი ამბების (ფრიდრიხ ბარბაროსა, ჯვაროსნული ლაშქრობა და ა.შ.) ალტერნატიული ვერსიაა, გამონაგონით გაჯერებული. თავად ბაუდოლინომაც არ იცის სად გადის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის (როგორც თავად ავტორი ამბობს, ბაუდოლინოს შექმნის მიზანი ისტორიის პესიმიზმისთვის თხრობის ოპტიმიზმის დაპირისპირებია იყო )…

Advertisements

14 Comments (+add yours?)

  1. აგათა
    Mar 22, 2013 @ 23:25:45

    რა საინტერესო მარტი გქონია ❤

    Like

    Reply

  2. მოლი ბლუმი
    Mar 23, 2013 @ 00:14:03

    “ჯუჯა” ყველაზე მეტად მომწონს ლაგერკვისტთან. საჯაროს წიგნი მქონდა თავის დროზე და ვერ მოვწყდი. ბაუდოლინოზე და სადოლე ტყავზე არაფერს ვიტყვი – ერთი მეორეზე უკეთესია.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 23, 2013 @ 15:15:30

      რევერტე და ეკო ყოველთვის საინტერესო “მოგზაურობის” გარანტები არიან (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა) 🙂

      Like

      Reply

  3. mecmikvarkhar
    Mar 23, 2013 @ 11:30:06

    რა კარგი წიგნები წაკითხავს 🙂

    Like

    Reply

  4. tsotnee
    Mar 23, 2013 @ 13:11:15

    ჯერ მარტი არ მორჩენილა და კიდევ მოასწრებ რამ(ეებ)ის წაკითხვას. 😉

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 23, 2013 @ 15:12:16

      ჩემს “მარაგს” თუ გავითვალისწინებთ, კარგი რამე (ები) “მოხდება” ნამდვილად :))

      Like

      Reply

  5. tami
    Mar 23, 2013 @ 16:54:15

    შენ ყოჩაღ რამდენი მოგისწრია მესამედ თვეში. მე ორი წიგნი ძლივს წავიკითხე ჩემი ცოფიანი შვილების, ყელის ტკივილის, ბინის გამოცვლის და ათასი ხათაბალას გადამკიდე.

    Like

    Reply

  6. ლა მაგა რაიუელა
    Mar 19, 2014 @ 22:10:13

    ძალიან მიყვარს ლაგერკვისტი, “ბარაბა” და “სიბილა” წაკითხული მაქვს და არაჩვეულებრივია. აი ჯუჯა არ ვიცი : )

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: