სერია “ამერიკელები”

544697_454455054639100_843150363_nსულ ახლახანს გამომცემლობა “დიოგენემ” კიდევ ერთი სიურპრიზი შემოგვთავაზა – “დიოგენეს ბიბლიოთეკის” პარალელურად პერიოდულად ახლადნათარგმნ ამერიკელებსაც “დავაგემოვნებთ” ხოლმე. პირველი სამი წიგნი უკვე გამოსულია, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ 🙂

ფილიპ როთის “პორტნოის სინდრომი” – პორტნოის სინდრომი – ეს არის ალექს პორტნოის “აღმოჩენილი” სექსუალური გადახრისა და “ებრაელად ყოფნის სინდრომის” კომბინირებით მიღებული დაავდება. დეტალებს თავად ფსიქოანალიტიკოსის დივანზე მოკალათებული ალექსი გვიამბობს და თან ისე მხიარულად, რომ გაგიკვირდებათ კიდეც… მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი სასაცილო სულაც არ არის – მით უფრო, რომ პორტნოი-მშობლების მსგავსი დედ-მამა ჩვენში თითქმის ყველას ჰყავს. თითქოს მოძალადეები არ არიან. პირიქით – შვილებს ცივ ნიავს არ აკარებენ და “სუპერ-შვილებად” ზრდიან, მაგრამ გაზრდილი შვილები სწორედ ამას ვერ პატიობენ მათ. ყველას ერთნაირი ფსიქიკა ხომ არ აქვს… ზოგიერთი უკვე გაზრდილი “პორტნოი” ვერც ოჯახს იტანს, ვერც თავის ეროვნებას და ამ კომპლექსებს სექსუალურ ცხოვრებაში ავლენს… თუ “უელბეკის სინდრომი” არ გჭირთ, ანუ სექსუალური სცენები კითხვის სურვილს არ გიკარგავთ და ფსიქოლოგიაც თქვენი ინტერესის სფეროა, მაშინ გაიცანით ალექს პორტნოი და ფილიპ როთი.

ჯონათან საფრან ფოერის “სრული გასხივოსნება” – იუმორი სევდიანი ისტორიის მოყოლის ერთადერთი სწორი გზაა… ჯონათან საფრან ფოერიც ამ გზას მიმართავს და გამქრალი ტრახიმბროდის ისტორიას გვიამბობს. ეს უცნაური დასახლება (რაღაცით მაკონდოსაც კი მოგაგონებთ) ჰოლოკოსტს ემსხვერპლა, მაგრამ წარსული ხომ უკვალოდ არასდროს ქრება… სწორედ წარსულის კვალს გამოჰყვა ებრაული წარმოშობის ამერიკელი მწერალი და ფრიად კოლორიტული ფიგურების – საოცრად “გამართული” ინგლისურით მოსაუბრე გიდის, “შერეკილი” ბაბუა-მძღოლის და “თავხედი” ძაღლის თანხლებით უკრაინაში აღმოჩნდა… როგორ გადაიკვეთა წარსული და აწმყო, ეს თავად ნახეთ… ჩემი მოკრძალებული ზრით, წინ ძალიან საინტერესო “მოგზაურობა” გელოდებათ.

ჰანტერ ს. თომპსონის “ზაფრა და გულისრევა ლას-ვეგასში” – “უცნაური” სათაურია, არა? მეც ასე მგონია, მაგრამ ამის გამო წიგნზე უარს ხომ არ ვიტყვით… მერე რა წიგნია 🙂 ათასნაირი ნარკოტიკით (ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენი სახეობა თუ არსებობდა) გაბრუებული რაულ დიუკი და მისი ადვოკატი ლას-ვეგასში მიემგზავრებიან… უფრო სწორად, მიქრიან… ამერიკულმა ოცნებამ “დაიბარა”, სადღაც ამ ტერიტორიაზე ვარო და ჩვენი გმირებიც მას ეძებენ… როგორ დამთავრდება ეს ცოტაოდენი რეალობით “გაზავებული” ერთი დიდი ჰალუცინაცია, ამას თომპსონი გიამბობთ. მე კი ჯონი დეპსა და ბენისიო დელ ტოროს “მივმართავ” – გონზო-ჟურნალისტიკის ფუძემდებლის სცენარისა და ასეთი მსახიობებისგან დაუვიწყარ “მოგზაურობას” ველი 🙂

P.S. თუ დაინტერესდით, მიაკითხეთ წიგნის მაღაზიებს 🙂 იმედია, დიდხნას არც დაანონსებული თომას პინჩონი და სოლ ბელოუ გვალოდინებენ. რაც შეეხება უილიამ ბეროუზს, უკვე შემიძლია გითხრათ, რომ აუცილებლად (ეს სიტყვა წიგნებთან მიმართებაში არ მიყვარს, მაგრამ რომ წაიკითხავთ, მიხვდებით) უნდა “დააგემოვნოთ”.

11 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Jul 14, 2013 @ 01:33:44

    უმაგრესი სერიაა. თან, ოცტომეულია ჩაფიქრებული და მალევე შევავსებთ.

    Like

    Reply

  2. tami
    Jul 14, 2013 @ 13:55:09

    მე არცერთი არ მიყიდია და არც წამიკითხავს შესაბამისად, თუმცა ძალიან მომეწონება როგორც ამ პოსტიდან ჩანს.

    Like

    Reply

  3. vampira
    Aug 07, 2013 @ 15:24:00

    მხოლოდ “სრული გასხივოსნების” შეძენა მოვახერხე ჯერ-ჯერობით, მაგრამ ისე ძალიან მომიხიბლად პირველივე ტომმა რომ წარმოუდგენელია დანარჩენებიც არ მივაყოლო. მითუმეტეს მოლისა და უკვე შენ მიერ ნაქები(და არამარტო) პორტნოი მელოდება წინ, ასე დამაინტრიგებელი შეფასებები რომ აქვს…))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Aug 07, 2013 @ 16:59:25

      პორტნოი საუკეთესო მგონია ამ სამეულში (რა თქმა უნდა, არც დანარჩენი ორია ცუდი) 🙂

      Like

      Reply

  4. მაგა რაიუელა
    Jan 25, 2014 @ 09:41:23

    ჯანქის, სრულის გასხივოსნების და პორტნოის სინდრომის წაკითხვა მოვახერხე ჯერ მხოლოდ…
    მომწონს ის, რომ ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული წიგნები შეიტანეს ამ სერიაში (ამ სამის მაგალითზე ვამბობ).
    ყველა წიგნისგან ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ემოციები წამოვიდა ,ამიტომ ვეღარც ავღნიშნავ რომელი მომეწონა ყველაზე ძალიან 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jan 25, 2014 @ 12:57:55

      ამიტომაც მივყვები “ამერიკელებს” და “დიოგენეს ბიბლიოთეკას”. ვიცი, რომ რაღაც ახალი და კარგი (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა) მელოდება 🙂

      Like

      Reply

  5. salomeaa
    Mar 25, 2014 @ 12:56:49

    ,,თუ “უელბეკის სინდრომი” არ გჭირთ, ანუ სექსუალური სცენები კითხვის სურვილს არ გიკარგავთ და ფსიქოლოგიაც თქვენი ინტერესის სფეროა, მაშინ გაიცანით ალექს პორტნოი და ფილიპ როთი”

    არ ვიცი უელბეკის სინდრომი მჭირს თუ ნაბუკოვის, მაგრამ რატომღაც ასე დამჩემდა.
    ,,ლოლიტა” 200 გვერდზე მივატოვე და ისეთი საზიზღარი შეგრძნება დამიტოვა, რომ წიგნიც გავაჩუქე. ,,ელემენტარული ნაწილაკები” მხოლოდ 40 გვერდი წავიკითხე და მივხვდი, რომ მე არ ვარ მზად ამ სიბინძურისთვის, არაადამიანობისთვის და სისასტიკისთვის, მზადყოფნაში ვგულისხმობ სულიერ განწყობას. ,,პორტნოის სინდრომი” სადღაც 70 გვერდამდე წავიკითხე და გავჩერდი. აქ ჩამოთვლილი წიგნები, ლიტერატურის მოყვარულებისთვის საყვარელი წიგნებიც კი გამხდარა, ამაზე ბევრჯერ წამიკითხავს, მაგრამ ჩემთვის ბოლომდე წაკითხვის მიზეზიც არ: )))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 25, 2014 @ 16:22:45

      დედაჩემმა იცის ხოლმე, ახალი წიგნი მომეცი, ოღონდ უელბეკს არ ჰგავდესო :)) ამიტომ დავარქვი “უელბეკის სინდრომი”. თან ნაბოკოვს ყველა წიგნი ასეთი არ აქვს 🙂
      ყველაფერი განწყობის და გემოვნების ამბავია – მე მაგალითად როთი და ნაბოკოვი კარგად “მიმდის”, უელბეკი – არა.

      Like

      Reply

  6. Trackback: ამერიკული ტრილოგია როთისგან | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: