ზაფხული ნობელიანტებთან ერთად

გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლი” – ერთ მშვენიერ დღეს, კერძოდ კი თავის მესამე დაბადების დღეზე, ოსკარ მაცერატმა გადაწყვიტა, რომ აღარ გაზრდილიყო… ეს გადაწყვეტილება იყო და არა უბედური შემთხვევა… ეს იყო პროტესტი. ეს იყო გიუნტერ გრასის და ოსკარ მაცერატის ერთობლივი პროტესტი გერმანული ტრაგედიის წინააღმდეგ. სწორედ ასეთი გროტესკული პიროვნების – მახინჯი, გაბოროტებული, თუნუქის დოლით შეიარაღებული, უძლიერესი ხმის მქონე ოსკარის – მეშვეობით მოახერხა გრასმა ფაშიზმის და ზოგადად გერმანული საზოგადოების მხილება (მიუხედავად იმისა, რომ მოქმედება ქალაქ დანციგში ხდება და არა ბრძოლის ველზე)… დიახ, ეს გერმანიისა და მთელი აბსურდული სამყაროს სახეა, რომელსაც მედოლე თუნუქის დოლის მეშვეობით გადმოგვცემს, იმ სამყაროსი, რომელიც სიკეთესა და ბოროტებას შორის იხლიჩება… მედოლის გაბმული სოლო მარტივი საკითხავი ნამდვილად არ არის, თუმცა თუ “გაუძლებთ” (უმბერტო ეკოსი არ იყოს), აუცილებლად “გაიზრდებით”…

იმრე კერტესის – “კადიში არდაბადებულ ბავშვზე” – იმრე კერტესი ჰიტლერის მსხვერპლია. დრომ მისი ჭრილობები ვერ შეახორცა. მართლაც, როგორ უნდა გააგრძელოს ადამიანმა ცხოვრება ოსვენციმის ბანაკის შემდეგ? როგორ უნდა შეხედოს ხალხს თვალებში, როგორ დაუჯეროს მათ, როგორ შეიყვაროს ისინი, როგორ სწამდეს ღმერთისა და მომავლის? ამიტომ, როდესაც კიდევ ერთი ებრაელის – მისი შვილის – დაბადების საკითხი დგება დღის წესრიგში, ის ამბობს მხოლოდ ერთ სიტყვას – არა! და ეს სიტყვა ისევე სტანჯავს მას, როგორც ებრაული სისხლი და წარსული. ამ ტანჯვის ოდნავ შესამსუბუქებლად კერტესი ქმნის კადიშს არდაბადებულ ბავშვზე – სულის მოსახსენებელ ლოცვას, გაბმულ მონოლოგს და მკითხველს, უფრო კი საკუთარ თავს, უხსნის, თუ რატომ არ სურს, რომ კიდევ ერთმა ადამიანმა ნახოს ის, რაც ნახეს ებრაელებმა ჰოლოკოსტის დროს, რომ მისი შვილი გახდეს ტოტალიტარიზმის მსხვერპლი… აქაც, ისევე როგორც გრასის შემთხვევაში, რთული რამდენიმე საათი გელით, მაგრამ უნდა გაუძლოთ – თუ ამას მოახერხებთ, მაშინ დაინახავთ ოსვენციმის, ბუხენვალდის, გულაგების ნამდვილ სახეს – დაინახავთ ნამდვილ ფაშიზმს!

ჯონ სტაინბეკის “სამოთხიდან აღმოსავლეთით” – ჯონ სტაინბეკის ეს ნაწარმოები ნაკლებად ცნობილია. არადა, ის ბევრად უფრო მასშტაბური და სხვადასხვა თემით დატვირთულია, ვიდრე სხვები (თუნდაც “ზამთარი ჩვენი მღელვარებისა”, რომელიც ჯერჯერობით ერთადერთი ახალი ქართული თარგმანია). პირველ რიგში “სამოთხიდან აღმოსავლეთით” ოჯახური საგაა, რომელიც ორი ოჯახის – ტრასკებისა და ჰამილტონების – შესახებ მოგვითხრობს. ასევე აქ შეხვდებით ბიბლიურ ლეგენდას კაენსა და აბელზე (რა თქმა უნდა, ყველამ იცით, მაგრამ არა მგონია, ასე ღრმად და დიდხანს გეფიქრათ ამ, ერთი შეხედვით პატარა, ეპიზოდზე), ბევრ სიკეთესა და ბევრ ბოროტებას (ამდენი ბოროტება თუ “ეტეოდა” ერთი ადამიანის სულში, ვერც კი წარმოვიდგენდი) და ჩემი აზრით, ყველაზე მთავარს ( წიგნშიც და ცხოვრებაშიც) – არჩევანის, თავისუფალი ნების თემას… თუმცა თავად ავტორს თუ დავესესხებით, ყველა მარადიული წიგნი თითოეულ ადამიანზეა და მკითხველი თავად ხედავს მთავარ არსს… სცადეთ ამ წიგნის წაკითხვა – იქნებ თქვენ დაინახოთ “თქვენი” მთავარი არსი… იქნებ ეს წიგნი თქვენზეა!

უილიამ ფოლკნერის “აგვისტოს ნათელი” – ამერიკის სამხრეთი… სიცხე… ოჯახური საიდუმლოებები, რასიზმი, სისასტიკე, გაუცხოება, სიძულვილი და სიყვარული, ქრისტიანული ალეგორიები… პირველივე გვერდიდან ფოლკნერი ამ ატმოსფეროში გვითრევს და ბოლომდე არ გვიშვებს (თხრობა საოცრად საინტერესოდ და ფოლკნერისთვის უჩვეულოდ ადვილად მიდის) – ისე აბამს ერთმანეთზე ლინა გროუვის, ბაირონ ბანჩის, ლუკას ბერჩის, ჰაიტაუერის, ჯო ქრისთმასის, პერსი გრიმის, ბერდენებისა და ჰაინსების ისტორიებს, რომ მოწყვეტა შეუძლებელია (თან თავებადაც არ არის დაყოფილი, რაც კიდევ უფრო აერთიანებს ისტორიებს)… თუ ფოლკნერს აფასებთ და ეს ნაწარმოები ჯერ არ “დაგიგემოვნებიათ”, უნდა სცადოთ – ჯერ კიდევ აგვისტოა;)

P.S.

  • ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა; ფასი: 19.90
  • ინტელექტი (სერია “ნობელიანტები”); ფასი: 10.00
  • ჯერჯერობით ქართული თარგმანი არ არსებობს
  • საქართველოს მაცნე; ფასი: 10.80

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგ ჯონ სტაინბეკის ეს წიგნი “ქარჩხაძის გამომცემლობამ” თარგმნა.

5 Comments (+add yours?)

  1. rusa111
    Aug 05, 2013 @ 14:24:29

    გიუნთერ გრასს მეც ძნელად გავუძელი, მგონი რუსულად წავიკითხე, გერმანულად არ მქონდა.
    დედა თევზის ჭამით რომ კვდება, რა უბედურებაა!

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Aug 05, 2013 @ 15:43:49

      რთულია, მაგრამ თომას მანის არ იყოს, ბოლოს ძალიან “ბევრს” ტოვებს…
      დედის სიკვდილი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია… და მნიშვნელოვანიც…

      Like

      Reply

  2. rusa111
    Aug 05, 2013 @ 19:46:27

    გეთანხმები, ამიტომაც დამამახსოვრდა.

    Like

    Reply

  3. Anks
    Nov 17, 2013 @ 11:59:59

    “Tunuqis doli” filmic aris gadagebuli ho ?

    Like

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: