ზაფხულის ოთხი მოგზაურობა (ნაწილი II)

970048_367110260078082_729746385_n ჟორჟი ამადუს “მკვდარი ზღვა” – ჟორჟი ამადუს ეს ნაწარმოები უფრო მუსიკაა, ვიდრე რომანი… თითქოს ყოველი სიტყვიდან სევდიანი სიმღერა, ქარისა და ტალღების ხმა ისმის, ტალღების, რომლებსაც მეზღვაურები სამუდამოდ მიჰყავთ ქალღმერთ იემანჟასთან… მანამდე კი, სანამ ქალღმერთთან პაემნის დრო დადგება, ყოველი ღამე სიყვარულს ეძღვნება, რადგან ისეთი ძლიერი გრძნობა არავის აკავშირებს, როგორც სასიკვდილოდ განწირულ მეზღვაურსა და მუდამ სასიხარულო ან ტრაგიკული ამბის მოლოდინში მყოფ ქალს… ასეთი ყოვლისმომცველია გუმასა და ლივიას სიყვარულიც, მაგრამ ნებისმიერ დროს “ზღვა შეიძლება მოკვდეს”… მაშინ კი ერთადერთი იმედი მკვდარი ზღვის თავზე ახალი ვარსკვლავის ამოსვლა იქნება – ბრძოლის ვარსკვლავის, რომელიც ერთ დღეს იმ ღატაკთა ღამეს გაანათებს, რომლებსაც არაფერი გააჩნიათ, მაგრამ მაინც თავისუფლები და ბედნიერები არიან…

ერიკ-ემანუელ შმიტის “ოდეტ ტულმონდი” – მოთხრობები დიდად არ მიყვარს, მაგრამ როდესაც თაროებზე საზაფხულო წიგნებს ვეძებდი, ეს კრებული მაინც შევარჩიე. შმიტს უკვე ბევრჯერ შევხვდი და ვიცი, რომ “მსუბუქ მოგზაურობას” შემომთავაზებს. ამჯერადაც არ შევცდი და 8 მოთხრობა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, თუმცა განსაკუთრებული აღფრთოვანების გარეშე. ყველა ისტორია განსხვავებულია. მათ მხოლოდ მთავარი თემა აკავშირებთ – სიყვარული. ოდეტს, ვანდას, ოდილს, ელენს, ემეს, იზაბელს, როზას, ლილიას  უყვართ მამაკაცები, შვილები… თითოეული მათგანის გრძნობა განსხვავებულია და ალბათ ძალიან მალე დავიწყებას მიეცემა, მაგრამ ბოლო ისტორია არასდროს დამავიწყდება. ეს არის ამბავი გულაგში გამომწყვდეული ქალებისა, რომლებიც ქალიშვილების გამო უკან არაფერზე დაიხევენ და ერთ დღეს მათთვის წერილის წერას იწყებენ, რათა სამ ფურცელზე დაატიონ თავიანთი სიყვარული… მეტს აღარფერს გეტყვით. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის” მიერ შემოთავაზებულ თარგმანს გაეცნოთ… მე კი მხოლოდ ერთს დავამატებ – ეს კრებული ჩემთვის “ოდეტ ტულომდი” არ არის. ის “სამყაროს ყველაზე მშვენიერი წიგნია”…

სომერსეტ მოემის “ჭრელი საბურველი” – როგორც პერსი ბიში შელიმ თქვა, “ხელს ნუ შეახებ ჭრელ საბურველს, რასაც უგნურნი
ცხოვრებად ხმობენ”… შეიძლება ამ საბურველს მიღმა სილამაზე და ლამაზად განვლილი ცხოვრება დაგხვდეს, რომლის არსებობაც ამართლებს სამყაროს ქაოტურობას… მაგრამ შეიძლება მის უკან დიდი, მაგრამ “ვერ გაგებული” სიყვარული და ღალატი იმალებოდეს. უფრო კონკრეტულად კი უოლტერი, რომელსაც უზომოდ უყვარს ცოლი (რომელიც, ჩემი აზრით,სულაც არ იმსახურებს ასეთ ქმარს), მაგრამ ვერ ახერხებს მის დაინტერესებას, ჩარლი, რომელიც კლასიკური ცოლიანი საყვარელია და კიტი, რომელიც იმდენად “ზედაპირულია”, რომ საკუთარ გრძნობებში გარკვევასაც ვერ ახერხებს (ზუსტი შედარება არ არის, მაგრამ რატომღაც ჯეკ ლონდონისეულ პაოლას მივამსგავსე)… თუმცა კი ნუ იფიქრებთ, რომ ეს ტრადიციული სასიყვარული სამკუთხედია. სხვა თუ არაფერი, მოქმედება ჯერ ჰონგ-კონგში, შემდეგ კი ქოლერის ეპიცენტრში ხდება… თუ “ჩახლართული” სიყვარულის ისტორიები გხიბლავთ, მაშინ მოემი იმედს არ გაგიცრუებთ (თან ქართული თარგმანიც გვაქვს – “ელფის” კლასიკოსების სერიიდან)… შემდეგ კი შეგიძლიათ ეკრანიზაციაც “დააყოლოთ” 🙂

ჯეინ ოსტინის “ემა” – ჯენ ოსტინს თუ იცნობთ (თუნდაც ეკრანიზაციებიდან), ამ ნაწარმოების შესახებაც გექნებათ წარმოდგენა. მის ჯეინი ხომ ყოველთვის სიყვარულზე წერს და საინტერესო გმირებს გვაცნობს. ამჯერადაც ასეა – ემა ვუდჰაუსი, რომელიც ერთგვარი “მაჭანკალია” და თავად არასდროს აპირებს გათხოვებას, ფრიად საინტერესო ახალგაზრდა ქალი გახლავთ. მის გარშემოც ასეთივე ადამიანები ტრიალებენ და ისიც აქტიურად ერევა მათ ცხოვრებაში (მე თუ მკითხავთ, ზედმეტად აქტიურადაც კი), თუმცა ერთ მშვენიერ დღეს თავად გაებმება თავისსავე “მახეში”… ამ ისტორიას მის ჯეინი ჩვეულ ირონიასაც ურთავს, მაგრამ, ჩემი აზრით, სხვა ნაწარმოებები უფრო “სხარტი” და სასიამოვნო აქვს (თურმე თავადაც ასე ფიქრობდა, მაგრამ ამ მხრივ მწერალს ყოველთვის ვერ ვენდობით)… თუმცა თუ მაშინდელი ინგლისი გაინტერესებთ, უცხო ენებზე კითხულობთ  და “რთული” წიგნებისგან დასვენებაც გსურთ (დამეთანხმებით ალბათ, რომ ზაფხული საუკეთესო დროა ამისთვის), “ემას” გამოტოვება არ ღირს. შემდეგ შეგიძლიათ ეკრანიზაციაც “დააყოლოთ” 🙂

P.S. ბოლოს ჟორჟი ამადუს საპატივცემულოდ ერთ ბრაზილიურ სიმღერას მოვუსმინოთ 🙂

 

12 Comments (+add yours?)

  1. tamara
    აგვისტო 30, 2013 @ 07:07:40

    ბრაზილიური სიმღერები ლამაზად ჟღერს, ენაც…
    ამადუს რომანის მიხედვით სერიალიც იყო გადაღებული 🙂

    Like

    პასუხი

  2. მოლი ბლუმი
    აგვისტო 30, 2013 @ 11:41:44

    ამადუს “ქვიშის კარიერის გენერლები” ვიცი. საკულტო ფილმიც და საკულტო სიმღერაც და მართლა ძალიან ლამაზია მანდ.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 30, 2013 @ 14:35:55

      “ქვიშის კაპიტნები” ალბათ ამადუს საუკეთესო ნამუშევარია. წიგნი, ეკრანიზაცია და სიმღერა იშვიათად კარგად არის შეხამებული:)

      Like

      პასუხი

    • tamara
      სექ 24, 2013 @ 23:20:23

      რას ამბობ, ეგ ამადუა?
      არ ვიცოდი 🙂
      არადა, მაგ ფილმზე, მგონი, მთელი საბჭოთა კავშირი ტიროდა.
      სიმღერა უმაგრესი ❤

      Like

      პასუხი

  3. ketoko
    აპრილი 27, 2014 @ 16:13:27

    სად ვიყიდო ამადუ? სულაკაური, დიოგენე თუ სიესტა?

    Like

    პასუხი

  4. anuka
    აგვისტო 04, 2014 @ 11:31:04

    შემთხვევით გადაგაწყდით 🙂 ამადუს ქართული თარგმანი არსებობს მხოლოდ ერთი რომანის ეს არის “დონა ფლორი და მისი ორი ქმარი” ძალიან მომეწონა ღრმა ბავშობაში, ისე რომ კოელიომაც ვერ გამინელა შთაბეჭდილება ამ ბრაზილიელ ქალბატონზე 🙂

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აგვისტო 04, 2014 @ 12:08:35

      პირადად მე ამადუ მირჩევნია კოელიოს და ძალიან გამეხარდება, თუ განაგრძობენ თარგმნას 🙂 დონა ფლორი ქინდლში მაქვს, მაგრამ როდის მოუწევს რიგი, ვინ იცის :)))

      Like

      პასუხი

  5. anuka
    აგვისტო 05, 2014 @ 14:49:05

    მეც მაგას ვამბობ 🙂 ამადუ მირჩევნია ათასწილად:) “დონა ფლორი” იყო ჩემი პირველი შეხება ბრაზილიასთან “ტროპიკანკასთან” ერთად 🙂 ისე კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ბლოგზე:) დიდი ხანია გათვალიერებთ , აი კომენტარი კი პირველად დავდე რატომღაც 🙂

    Liked by 1 person

    პასუხი

  6. salomeaa
    აპრილი 19, 2015 @ 21:41:05

    ,,ჭრელი საბურველი” წლების წინ წავიკითხე და დიდი ემოციები არ დამიტოვა, მაგრამ დღეს ფილმი ვნახე და ძალიან მომეწონა.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      აპრილი 20, 2015 @ 19:37:27

      კლასიკა უკვე იშვიათად მაოცებს ხოლმე. მათ შორის მოემიც… ფილმი ძალიან კარგია – ნორტონი და უოთსი, როგორც ყოველთვის, მოწოდების სიმაღლეზე არიან 🙂

      Like

      პასუხი

დატოვე კომენტარი