მოგზაურობები ფავორიტებთან ერთად

424536_601428736568620_1792744659_n

მილან კუნდერას “გამოსათხოვარი ვალსი” – ერთი შეხედვით ეს ტრივიალური ისტორიაა. კუნდერა გვაცნობს ცოლის “მოყვარულ” მუსიკოს კლიმას და მის ცოლს, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ ტანჯავენ; ვითომდა კლიმასგან ფეხმძიმე რუჟენას, რომელსაც სულ ცხოვრების “ხელიდან გაშვების” ეშინია; რუჟენაზე შეყვარებულ უიმედო ფრანტიშეკს; პოლიტიკაში “ჩაძირულ” იაკუბს, რომელმაც თავის საქმიანობას საუკეთესო წლები გადააყოლა და ეგონა, რომ სიკვდილს ჯიბით დაატარებდა; ოლგას, რომელმაც გადაწყვიტა, რომ თავად შექმნას საკუთარი ბედნიერება; უცნაურ გინეკოლოგ შკრეტას, რომელმაც უშვილო ქალების დახმარების საკუთარი “მეთოდი” შეიმუშავა; “წმინდან” ბერტლეფს, რომელიც შკრეტას მამობილი უნდა გახდეს… ისინი გამოსათხოვარი ვალსის რიტმს მიჰყვებიან, ტრიალებენ და ჩვენც გვითრევენ მონოტონურ ცეკვაში… კულმინაცია სასიყვარულო ღამეა, რომელიც სამ ოთახში მიმდინარეობს. დილით მათი ცეკვა ნელ-ნელა ვარდება რიტმიდან და ერთგვარ აგონიაში გადადის… აგონიაში, რომელიც ბოლო გვერდზე სრულდება… ეს ვალსი ხომ გამოსათხოვარია…

უმბერტო ეკოს “დედოფალ ლოანას საიდუმლო ალი” – ერთ დღეს ასაკოვანი ანტიკვარი იამბო ბოდონი საავადმყოფოში იღვიძებს და ისიც კი აღარ ახსოვს, რომ ოდესღაც კბილებს იხეხავდა… სამაგიეროდ მის გონებაში უწესრიგოდ “დაფრინავენ” ციტატები. პირადი მეხსიერების აღსადგენად ის სოლარაში  (“მზის მიწაზე”) მიემგზავრება და წიგნებისა და კომიქსების გმირების, სიუჟეტების, ძველი ფირფიტების, სასკოლო რვეულებისა და სახელმძღვანელოების “გავლით” ცდილობს წარსულის დაბრუნებას… იამბოს ბავშვობაში ჩვენი ბავშვობის ნაწილსაც აღმოვაჩენთ (საიდუმლო კუნძულის განძს ხომ ჩვენც ვეძებდით, გრაფ მონტე-კრისტოსთან ერთადაც ვადგენდით შურისძიების გეგმას), თუმცა დიდი ნაწილი მხოლოდ ფაშისტურ იტალიაში აღზრდილი თაობის მოგონებებია, იამბოს მოგონებები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს დედოფალ ლოანას საიდუმლო ალის სახით “აგიზგიზდებიან” მის გონებაში… საკუთარი თავის ძიების ეს პროცესი საოცრად საინტერესოა და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოების მოცულობა შთამბეჭდავია, მაინც მოულოდნელად სწრაფად მთავრდება… სინიორ უმბერტო კვლავ “გენიალური მეგზურია”.

სერგეი დოვლატოვის “ჩვენები” – ეს არის ერთგვარი ავტობიოგრაფია უკვე ნაცნობი ავტორისა. ოღონდ აქ მხოლოდ სერგეი დოვლატოვს არ ვხვდებით. ის თავის ოჯახის წევრებს – “ჩვენებს” – გვაცნობს. მას მართლაც საოცარი ნათესავები ჰყავს – ებრაელები, რუსები, ტიფლისელი სომხები.  მათ პორტრეტებს მწერალი ისე ნათლად გვიხატავს, თითქოს პირადად გვახვედრებს. კავკასიელი ბაბუა სტეპანი შიშის ზარს გვცემს თავისი განუმეორებელი მრისხანე წამოძახილით, მეორე ბაბუა უცებ ბელგიის აგენტი “აღმოჩნდება” (როგორც ბევრი სტალინის დროს) და ხვრეტენ, ბიძია ლეოპოლდი აფერისტია, მიხეილი – “პოეტი”, მამა – “ძველი თეატრალი”, დედა – მუდამ უძინარი კორექტორი (ისეთი გაზეთების, რომლებშიც მხოლოდ კორექტურული შეცდომა თუ გადმოგვცემს სიმართლეს), დეიდა – რედაქტორი და მწერლების “ახლობელი” (აი, იმათი, წიგნებიდან წესიერები რომ გვგონია და სინამდვილეში დამსმენები და “წითლები” რომ აღმოჩნდებიან), ბიძია – ხან კომუნისტი და ხან დისიდენტი ( ერთ-ერთი იმათგანი ლენინიც რომ უყვართ და სხვა რომ არ უყურებთ, სოლჟენიცინიც), ძმა – ციხესა და კარიერულ სიმაღლეებს შორის “მორბენალი”, ცოლი – ბაქტერიოლოგიური იარაღივით გამანადგურებელი სიმშვიდის პატრონი… და თავად სერგეი – “არშემდგარი” მწერალი დისიდენტის იარლიყით და ემიგრანტული მომავლით… ეს ყველაფერი ისეთი იუმორითაა “შეზავებული”, რომ გულიანად იცინებთ. თან დასევდიანდებით კიდეც. ეს ხომ ჩვენი საერთო წარსულია… ბნელი, “ბროდსკისა და მარქსის სურათებს შორის ჩაკარგული ახალგაზრდობა”…

ბორის აკუნინის “სასაფლაოს ამბები” – “სასაფლაოს ამბები” ორი მწერლის თანამშრომლობის შედეგია. ერთი მათგანი რეალური პიროვნებაა – გრიგოლ ჩხარტიშვილი, მეორე კი – გამოგონილი – ბორის აკუნინი. თხრობაც შესაბამისია – ჩხარტიშვილი ექვსი სასაფლაოს ნამდვილ ისტორიას გვიყვება (რუსეთის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, აშშ-ს, იაპონიის, ისრაელის მთავარი სასაფლაოების), აკუნინი კი მის მიერ შექმნილ “ტაფოფილურ” განწყობას (ტაფოფილი – სასაფლაოების მოყვარული) ფრიად საინტერესო და “ჩამთრევი” ისტორიებით “აზავებს”… სიმართლე გითხრათ, სასაფლაოებზე ამდენი არასდროს მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ არც თუ იშვიათად ვსტუმრობ. არადა, ეს ადგილი იმდენ საიდუმლოს ინახავს… გამოგიტყდებით და წიგნში “ფავორიტი” სასაფლაოების კი გამიჩნდა – ცნობილი პერ-ლაშეზი და გაიძინ-ბოტი. ალბათ ეს აკუნინის დამსახურებაა – მოგონილი ისტორიები რეალურებზე უფრო საინტერესოდ მეჩვენა, ამ ორ სასაფლაოსთან დაკავშირებულები კი განსაკუთრებით მომეწონა. იოკოჰამის ისტორიაში ერასტ პეტროვიჩ ფანდორინს ვხვდებით, პარიზის ისტორია კი ოსკარ უაილდს უკავშირდება (თუ წაგიკითხავთ, მიხვდებით, რატომ გამოვარჩიე ეს ორი ამბავი)… თუმცა სხვა ისტორიებიც ძალიან საინტერესოა… გაგიკვირდებათ და სასაფლაოებზე ხეტიალში ძალიან სასიამოვნოდ გავატარე დრო… როცა მეგზური გრიგოლი/ბორისია, სხვანაირად არც შეიძლება 🙂

P.S. ამ წიგნებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ძველ “მეგობრებთან” ისევ შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს 🙂 თქვენ კი თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ “დიოგენეს” გამოცემული კუნდერა და “ინტელექტის” მიერ შემოთავაზებული აკუნინი მოიძიოთ.

11 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    სექ 14, 2013 @ 00:10:02

    ეკო და დოვლატოვი ჯერ არ უთარგმნიათ, არადა, ერთიც კარგია და მეორეც.

    აკუნინ-ჩხარტიშვილის დუეტში მე ნონ-ფიქშენი უფრო მომეწონა ) თუმცა, არც მინი-დეტექტივები დაიწუნება )

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      სექ 14, 2013 @ 00:29:55

      ეკოს და დოვლატოვის შემოქმედებაში “ძვრები” გვაქვს და იმედია არ შევჩერედებით 🙂

      ჩხარტიშვილის გარდა ვერავინ მაიძულებდა ტაფოფილური ნონ-ფიქშენის წაკითხვას 🙂

      Like

      პასუხი

  2. vampira
    სექ 14, 2013 @ 01:29:25

    ერთი სული მაქვს როდის გავიცნობ ამ ყველასაგან ნაქებ ბატონ ეკოს: ) აკუნინის ამ წიგნს კი სულ მალე ვიგდებ ხელთ^^

    Like

    პასუხი

  3. rusa111
    სექ 14, 2013 @ 17:06:20

    მე მარტო “უკანასკნელი ვალსი” მაქვს წაკითხული და ძალიან ვიხალისე “მკურნალი” მამის ამბებზე, ყველა ბავშვი რომ ერთმანეთს გავდა. მაგრამ შემეცოდა საწყალი გოგო, ასე უპატრონოდ რომ მოკვდა (სახელები აღარ მახსოვს, იმდენად დიდი ხანია წავიკითხე რუსულად).

    Like

    პასუხი

  4. tsotnee
    სექ 23, 2013 @ 22:24:52

    ეკო ეკო.

    Like

    პასუხი

  5. Trackback: კუნდერას ჩეხეთი | კეჟერაძის ბლოგი
  6. Trackback: მწერალი და თვითმკვლელობა | კეჟერაძის ბლოგი
  7. Trackback: სხვა გზა აკუნინისგან | კეჟერაძის ბლოგი
  8. Trackback: არისტონომია | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი