შემოდგომა აღმოსავლეთში

302622_1564950661041_657336137_nსუადის “ცოცხლად დამწვარი” – პირდაპირ გეტყვით – ამ წიგნმა შოკში ჩამაგდო! უფრო სწორად, იმ სინამდვილემ გამაოგნა, რაც აქ აღმოვაჩინე. სუადი ხომ თავის ცხოვრებას აღწერს (ამ წიგნის “ავტობიოგრაფიულობა” რამდენად შეესაბამება სიმართლეს, არ ვიცი, მაგრამ ამას არც აქვს მნიშვნელობა), უბრალო პალესტინელი ქალის ცხოვრებას, რომელიც ჩასახვის წამიდანვე საფრთხის ქვეშ ცხოვრობს. ეს ის ადგილია, სადაც დედები ახალდაბადებულ ქალიშვილებს ცხვრის ტყავით გუდავენ. თუ მაინც მისცეს სიცოცხლის უფლება, მაშინ მათი ყოფა არსებობა უფროა, ვიდრე სიცოცხლე. მამა, ძმა, შემდეგ კი ქმარი უპირობო ბატონები არიან. მათ შეუძლიათ ცხოველებზე უარესად მოექცნენ პატარა გოგონებს (ნორმალური ადამიანები ცხოველებსაც არ სცემენ) და თუ გადაწყვეტენ, შეუძლიათ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანონ, სუადივით ცეცხლიც კი წაუკიდონ და ცოცხლად დაწვან, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც შეუყვარდა, მხოლოდ იმიტომ, რომ სისხლიან ზეწარს ვეღარ გამოფენენ ყველას დასანახად და შვილის გაყიდვით მიღებულ ოქროს ვერ გადაითვლიან… და ამ ყველაფერს რელიგია ითხოვს? არ არსებობს ასეთი რელიგია! არც ბიბლიაში წერია ასეთი რამ, არც ყურანში და არც სხვა რელიგიათა წიგნებში! ღმერთი არ მოითხოვს ადამიანთა ასეთ ტანჯვას და სულაც არ აქვს მნიშვნელობა, რა ჰქვია ამ ღმერთს!

ერიკ-ემანუელ შმიტის “ულისე ბაღდადიდან” – მას საად საადი ჰქვია, რაც არაბულად იმედ იმედს ნიშნავს, ინგლისურად კი – სევდიან სევდიანს. ბაღდადელი საადის ცხოვრებაც ასეთია – ცხოვრება იმედსა და სევდას შორის. ეს არის ოდისეა ომის ქარცხეცხლში გახვეული ერაყიდან საოცნებო ინგლისისკენ (ჰომეროსის უკვდავი ნაწარმოები თუ წაგიკითხავთ, უფრო გაგიადვილდებათ ბაღდადელ ულისესთან დაახლოვება)… საადი ოდისევსისგან განსხვავებით “უკუმიმართულებით” მოძრაობს, რადგან დაბადებისას ყველას იღბლიანი ლატარეის ბილეთი არ ხვდება და ზოგჯერ სამშობლო მხოლოდ სიტყვაა და მეტი არაფერი. ასეთ დროს ერთადერთი ხსნა ემიგრაციაა, თუნდაც ეს ოდისეა უამრავ ფათერაკს გვიქადდეს (აქ რას არ შეხვდებით – განსხვავებებს ევროპულ და აღმოსავლურ ცივილიზაციებს შორის, ომსა და ემბარგოს, არალეგალებსა და ნარკომოვაჭრეებს და ა.შ.)… მთავარი ხომ “საადია” – იმედი…

ხალედ ჰოსეინის “ფრანით მორბენალი” – ეს არის წიგნი მეგობრობაზე, ერთგულებაზე, ღალატსა და მონანიებაზე… მაგრამ ჩემთვის აქ მთავარი მაინც ავღანეთი გახლავთ. სწორედ აქ ცხოვრობენ ამირი და ჰასანი და სწორედ ეს ქვეყანა, ეს კულტურა ქმნის მათ ცხოვრებას. მშვიდობიანი ავღანეთის “ბრალია” არისტოკრატი ამირის წინააღმდეგობრივი გრძნობები ღარიბი და სხვა ეთნიკური ჯგუფის წამომადგენელი ჰასანის მიმართ. საბჭოთა ოკუპაციის “ბრალია” ცხოვრების რითმის დარღვევა. თალიბანის “ბრალია” წლების შემდეგ ცოდვის გამოსყიდვა… და ამირიც, ისევე როგორც ყველა ავღანელი, მისდევს ფრანს, როგორც თავისუფლებას, ბედისწერას და მის დაჭერას ცდილობს… მაგრამ ბედისწერა თავად იჭერს ფრანს ადევნებულებს…

ხალედ ჰოსეინის “ათასი კაშკაშა მზე” – ეს ორი ქალის ისტორიაა, რომლებსაც თითქოს არაფერი აკავშირებთ… მაგრამ მათ აკავშირებთ მთავარი – ავღანეთი, “ბნელი” აღმოსავლური კულტურა. მარიამი ასაკოვანი ქალია, რომელიც ნებით ხდება ამ ცივილიზაციის მსხვერპლი (მამის გადაწყვეტილების წინააღმდეგ წასვლა ხომ უბრალოდ წარმოუდგენელია). ლეილა კი ახალგაზრდა დასავლური ყაიდის ქალია, რომელსაც სულ სხვანაირად (სიყვარულით შექმნილი ოჯახით, განათლებით, სამსახურით) წარმოედგინა ცხოვრება, მაგრამ ომმა ყველაფერი შეცვალა. თუ მარიამი ისედაც თალიბანის “წესებით” ცხოვრობდა, ლეილა მოულოდნელად აღმოჩნდა ჩადრს მიღმა და სწორედ აქ გადაიკვეთა მათი გზები… და დაიწყო ყველაზე მძიმე ბრძოლა – ბრძოლა ელემენტარული თავისუფლებისთვის…

ოსნე საიეშტადის “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” – ოსნეს უკვე ყველა იცნობს. ის ევროპის ყველაზე თამამი ჟურნალისტია, რომელიც არაფერს უშინდება (მისი “გროზნოს ანგელოზი”  ალბათ გახსოვთ). ავღანეთში ჩასვლას და ერთი ოჯახის ნამდვილი ისტორიის მოყოლით მთელი აღმოსავლური ცივილიზაციის აღწერას მართლაც დიდი გამბედაობა სჭირდება (მიუხედავად სახელების შეცვლისა, ამ ოჯახმა მაინც უჩივლა ჟურნალისტს. არადა წიგნი მათთან შეთანხმების გარეშე არ გამოქვეყნებულა). მაგრამ ოსნემ ეს შეძლო. მან ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის – სულთან ხანის – უზარმაზარი “სამწყსოს” შესახებ მოგვითხრო. აქ თალიბანის “16 წესს” დიდი მონდომებით იცავენ, ქალებს მხოლოდ მოსამსახურისა და ცოლის ფუნქცია აქვთ. ისინი ადამიანებად არც კი ითვლებიან და თავადაც არ აქვთ ამაზე პრეტენზია. მერე რა, რომ სულთანი “თანამედროვე ავღანელების” რიცხვს ეკუთვნის. ის მაინც მრისხანე ოჯახის უფროსია და უნდა მეორე ცოლს მოიყვანს, უნდა დებს სრულიად უცხო მამაკაცებს მიათხოვებს, უნდა შვილებსა და დისშვილებს ვირებივით ამუშავებს. თუ მოუნდება, შეუძლია ჩადრის წამიერად მოხსნის ან პარკში ბიჭთან შეხვედრის გამო ოჯახის წევრი მოკლას კიდეც… და ეს ყველაფერი XXI საუკუნეში…

P.S. ჩემი აზრით, ეს წიგნები აუცილებლად უნდა წავიკითხოთ და კარგად გავიაზროთ, გვინდა თუ არა ასეთ “სიბნელეში” ცხოვრება. ჯერჯერობით ქართულად მხოლოდ შმიტი (ეს, ჩემი მოკრძალებული აზრით,  “პილატეს სახარებასთან ერთად, ამ მწერლის საუკეთესო ნაწარმოები, “ბაკურ სულაკაურმა” გამოსცა), სუადი (“პალიტრა L”) და საიეშტადია (ასევე სულაკაური) ნათარგმნი.

P.P.S. პოსტის გამოქვეყნების შემდეგ “არტანუჯმა” ხალედ ჰოსეინის ორივე წიგნის თარგმანი შემოგვთავაზა.

Advertisements

10 Comments (+add yours?)

  1. მაგა რაიუელა
    Nov 30, 2013 @ 22:01:35

    არც ერთი არ მაქვს წაკითხული, მაგრამ რატომრაც არც ერთისკენ არ მიმიწევს გული 😦 განა იმიტომ რომ დავიზაფრები ან რამე ეგეთი…
    უბრალოდ მგონია რომ ეს მარაზმი , რასაც იქ გადავაწყდები არაფრის მომცემი იქნება.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Nov 30, 2013 @ 22:17:39

      გემოვნების ამბავია 🙂 ზოგადად წიგნი ან გვაძლევს რამეს, ან არა. თემაზე, განწყობასა და მწერალთან “ურთიერთობის ხარისხზეა” დამოკიდებული.

      Like

      Reply

  2. vampira
    Dec 01, 2013 @ 11:58:25

    “ცოცხლად დამწვარი”, “ულისე ბაღდადიდან” და ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” საუკუნეა მინდა წავიკითხო, მაგრამ ყოველთვის სხვა წიგნები გადაწონიან ხოლმე და ვერა და ვერ ჩავიგედე ხელში..:/ იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მაინც წავიკითხავ, თუ არადა ამ პოსტითაც დიდად ვისიამოვნე: )

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 01, 2013 @ 13:25:33

      მეც, როგორც ყოველთვის, სულ მინდოდა და მაინც სხვა წიგნებს ვიწყებდი 🙂 წიგნებმა იციან, როდის უნდა “მოვიდნენ” :))

      Like

      Reply

  3. gglambert
    Dec 01, 2013 @ 17:49:41

    სამწუხაროდ (თუ საბედნიეროდ) მხოლოდ ცოცხლად დამწვარი მაქვს წაკითხული და იმდენად შემზარა მახსოვს, მეც დავწერე პოსტი…
    რამდენი ხანია ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე მინდა წავიკითხო და ვერაფრით მოვახერხე :3

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 01, 2013 @ 19:01:24

      მგონი, “ცოცხლად დამწვარზე” შემზარავი არაფერი წამიკითხავს… პოსტს ვნახავ. საინტერესოა სხვადასხვა მოსაზრებები ერთ წიგნზე 🙂

      Like

      Reply

      • rockermeloman
        Aug 05, 2014 @ 20:27:04

        ცოცხლად დამწვარი მართლა საშინელი იყო კი. და ეგეთი წიგნების შეფასება ძნელიც არის ხოლმე, კარგია თქო როგორ ვთქვა, ამაზრზენი რეალობა იყო, მაგრამ წიგნი წიგნად “ვარგა” ჩემი აზრით, მერედა როგორ ვარგა ))

        ულისე ბაღდადიდან უფრო რბილი იყო, ალბათ მთავარი გმირის თხრობა მომეჩვენა ლაღი და იმიტომ, თორემ იოლი არც მაგ წიგნში შემიმჩნევია რამე ))

        აი ჰოსეინმა დამაინტერესა ნამდვილად ;*

        Like

        Reply

        • Kejeradze
          Aug 05, 2014 @ 21:16:07

          შმიტი ზოგადად “რბილად” წერს – ომზეც, ემიგრაციაზეც, მომაკვდავ ბავშვზეც… სუადმა, სხვა თუ არაფერი, საკუთარ ტავზე გამოსცადა ყველაფერი (თუ, რა თქმა უნდა, ეს უბრალო მარკეტინგული სვლა არაა).

          Like

          Reply

          • rockermeloman
            Aug 05, 2014 @ 22:02:53

            ჰო, მაგაშია განსხვავება, შმიტი ნებისმიერ ტრაგედიას ისე გადმოსცემს არ შეძრწუნდები, სხვანაირი კათარსისია ;დ
            სუადს რაც შეეხება, მარკეტინგული გათვლაც რომ იყოს, ნახევარზე მეტი რომ სიმართლეა ფაქტია, ეს ხომ ვიცით :/

            Like

            Reply

            • Kejeradze
              Aug 05, 2014 @ 22:09:22

              ერთადერთი, რაც შეიძლება არ იყოს სიმართლე, თავად სუადია. ზუსტად ასეთი რაღაცები რომ ხდება აღმოსავლეთში, ეჭვიც არ მეპარება 😦

              Like

              Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: