ფიოდორი, მიხეილი და ბორისი

62292_682035175145591_1587441833_nფიოდორ დოსტოევსკის “მკვდარი სახლის ჩანაწერები” – 1849 წელს დოსტოევსკი “ანტისახელმწიფოებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის” დააპატიმრეს და სასჯელის მოსახდელად ციმბირში გაგზავნეს. სწორედ ამ ოთხწლიანი პერიოდის შედეგია ეს წიგნიც. მართალია, მთხრობელი მკვლელობისთვის გასამართლებული გამოგონილი პერსონაჟია და არა თავად ფიოდორი, მაგრამ მოთხრობილი ისტორიები – კატორღელთა ყოველდღიური მტანჯველი ცხოვრება, თითოეული მათგანის სახე – ნამდვილია და შესაბამისად ძალიან საინტერესოც, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მცირე მოცულობის ნაწარმოები ე.წ. “დიდ ხუთეულს” ვერ შეედრება და ავტორიც ღრმად არ “შედის” პერსონაჟთა ფსიქოლოგიაში (სხვანაირად არც შეიძლება)…

მიხეილ ბულგაკოვის “Дьяволиада” – ეს ძალიან პატარა ნაწარმოები (წიგნად ალბათ 100 გვერდიც არ იქნება) რაღაცით “ცისფერ მთებს” მოგაგონებთ. მთავარი გმირი ძალიან ჩვეულებრივად მიდის სამსახურში, მაგრამ უცებ “ბიუროკრატიის” მანქანა ისე ჩაითრევს, რომ რეალობასა და ფანტაზიას შორის საზღვარი ქრება და იწყება ერთი დიდი “Дьяволиада” – ნამდვილი საბჭოთა რეალობა, სადაც არავინ იცის, ვინ არის პასუხისმგებელი პირი და ისიც კი არ იციან, ვის რა ევალება… რა თქმა უნდა, ეს მოთხრობა იმდენ საფიქრალს არ დაგიტოვებთ, რამდენსაც სხვები (ბოლო-ბოლო მოთხრობაა), მაგრამ საერთო სურათის შესაქმნელად თუ წაიკითხავთ, ცუდი არ იქნება. ერთ საათზე მეტი არ დაგჭირდებათ.

მიხეილ ბულგაკოვის “თეთრი გვარდია” – ეს კი ბევრად უფრო მასშტაბური ნაწარმოებია. თეთრი გვარდიის შესახებ ბევრი არაფერი ვიცით (წითლებმა ამაზე მაშინვე იზრუნეს), არადა მათ თითქმის გაიმარჯვეს და ჩვენი, როგორც კავკასიის რეგიონის ქვეყნის, ცხოვრება შესაძლოა სულ სხვანაირად წარმართულიყო. სხვანაირი იქნებოდა უკრაინის ცხოვრებაც, რომელიც ამ წიგნის ერთ-ერთი მთავარი გმირია… უფრო სწორად, მთავარი გმირია “ქალაქი”, რომლის სახელსაც არ გვეუბნებიან, მაგრამ ეს ქალაქი ნამდვილად კიევია. კიეველები არიან ტურბინებიც (რომელთა პროტოტიპებს ბულგაკოვები წარმოადგენენ) – ალექსეი (თავად მიხეილი), ნიკოლკა და ელენა და მათი მეგობრებიც, რომლებიც თეთრი გვარდიის მხარდასაჭერად “ალექსეევსკის დაღმართზე” მდებარე ტურბინების ბინიდან გადიან და ბოლშევიკების გამარჯვების შემდეგ აქვე ბრუნდებიან… ცხოვრება ისევ გრძელდება უკვე სხვანაირ ქვეყანაში და მიუხედავად იმისა, რომ კიევის ქუჩებში საშინელებები მოხდა, ამ სახლში მაინც სიმყუდროვეა… კიევი ისევ ისეთია და წიგნის ფურცლებზე ის ისეთივე ცოცხალია, როგორც სხვა გმირები… ისეთი ცოცხალია, რომ კიევის ქუჩებში გასეირნება და გზადაგზა წიგნის ფურცვლა მოგინდებათ…

ბორის პასტერნაკის “ექიმი ჟივაგო” – მასშტაბურობაზე როცა ვსაუბრობთ, “ექიმ ჟივაგოს” ვერაფრით დავივიწყებთ. თუ ბულგაკოვი “თეთრ გვარდიაში” კონკრეტულ ეპოქაზე მოგვითხრობს, პასტერნაკი მეოცე საუკუნის პირველი ათწლეულიდან მეორე მსოფლიო ომამდე პერიოდს ეხება და ექიმ იური ჟივაგოსთან ერთად რუსეთის ისტორიის ამ ნაწილის ყველა მნიშვნელოვან ეპიზოდს წარმოგვიდგენს… პოეტი და ექიმი ჟივაგო ბავშვობას მეფის რუსეთში ატარებს, პირველ მსოფლიო ომშიც მიდის, წითელ არმიასა და თეთრ გვარდიას შორის ომშიც აღმოჩნდება, ბოლშევიკურ რუსეთშიც ცხოვრობს და სულ ბოლო ფურცლებზე მეორე მსოფლიო ომიც მიმდინარეობს და სრულდება კიდეც… იური ჟივაგო პასტერნაკივით არაორდინალური პიროვნებაა და ცხოვრებაც საინტერესოდ ეწყობა, თუმცა დრო ყველას ბედს ცვლის… ექიმის გარდა, აქ უამრავ ძალიან საინტერესო პერსონაჟს შეხვდებით (თუნდაც ლარა ან ანტიპოვი რად ღირან) და სტრიქონებს შორის მწერლის პოზიციასაც ამოიცნობთ (ამიტომაც შეექმნა პასტერნაკს სერიოზული პრობლემები)… თუ ეს ეპოქა გაინტერესებთ (რომელიც, მაშინდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენიცაა), ამ წიგნზე უკეთესს ვერაფერს ნახავთ.

P.S. თუ დაინტერესდით, დოსტოევსკისა და პასტერნაკის ახალ თარგმანებს მარტივად მოიძიებთ – “მკვდარი სახლის ჩანაწერები” “ელფმა” (კლასიკოსები) გამოსცა, “ექიმი ჟივაგო” – “ინტელექტმა” (ნობელიანტები). “თეთრი გვარდიის” თარგმანი კი lit.ge-ზეა განთავსებული.

Advertisements

2 Comments (+add yours?)

  1. rusa111
    Dec 16, 2013 @ 21:47:07

    მაშინ გემრიელად წერდნენ ტოტალიტარიზმზე, რადგან მძაფრად განიცდებოდა; საკუთარ თავზე გამოსცადეს მწერლებმა.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 16, 2013 @ 22:37:13

      ნამდვილად ასეა… ამიტომაც არის ახლა ასე მნიშვნელოვანი მათი დაწერილის წაკითხვა – ისევ რომ არ აღმოვჩნდეთ იგივე მდგომარეობაში…

      Like

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: