სანამ სტალინი გვიმზერს

მოგეხსენებათ, რომ ჩემი ბლოგი მხოლოდ ლიტერატურას ეძღვნება. სხვა თემებზე აქ არ ვსაუბრობთ. თუმცა, ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, სტალინიზმის ნამდვილ სახეზე მსჯელობა არ გვაწყენს. თან სულ ცოტა ხნის წინ ამ თემისადმი მიძღვნილ რამდენიმე საინტერესო წიგნს გადავეყარე.

ანატოლი კუზნეცოვის “ბაბი იარი” ძალიან მნიშვნელოვანი წიგნია, უფრო სწორად – დოკუმენტი. აქ თითოეული სიტყვა სიმართლეა და ავტორის მოგონებებს ეფუძნება. კუზნეცოვი კიევში გაიზარდა და შესაბამისად კომუნისტურ და ფაშისტურ მმართველობებსაც პირადად შეესწრო. მისი ან მისი ოჯახის თვალწინ მოხდა კოლექტივიზაცია, “ჰოლოდომორი”, მეორე მსოფლიო ომის დაწყება, ნაცისტების შემოსვლა კიევში და ბაბი იარის ტრაგედია (ებრაელებისა და სხვა “არასასურველი” მოქალაქეების მასობრივი დახვრეტები), ბოლშევიკების მიერ დაგეგმილი აფეთქებები კრეშატიკსა და კიევ-პეჩერსკის ლავრაში… ავტორმა თავად იცხოვრა ოკუპაციიდან ოკუპაციამდე და ამიტომ თუ ეს ეპოქა გაინტერესებთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. მაგრამ ყურადღებით იყავით – გასაგები მიზეზების გამო (უკრაინელთა და ებრაელთა გენოციდები, ნამდვილი ისტორიები მეორე მსოფლიო ომიდან დღემდე ტაბუდადებულია სოვიეტისტებისათვის), საბჭოთა კავშირის არსებობისას წიგნი მხოლოდ ცენზურის შემდეგ დაიბეჭდა და ცალსახად ანტიფაშიტური სახე მიიღო, რაც სრულიად ეწინააღმდეგება ავტორის ჩანაფიქრს (ეჩვენებინა, თუ რამდენი საერთო ჰქონდათ ჰიტლერსა და სტალინს, როგორც ოკუპაციის ლიდერებს). თუ უცხო ენებზე კითხვის საშუალება გაქვთ, სრული ვერსია უნდა მოიძიოთ.

“ტკბილ” საბჭოთა ცხოვრებას ეხება ვარლამ შალამოვის “კალიმური მოთხრობები” და ევგენია გინზბურგის “ციცაბო მარშრუტი”-იც. ორივე მათგანი საბჭოთა გულაგების შესახებ მოგვითხრობს (რომლებიც, საბჭოთა კავშირის “მადიდებლებს” თუ დავუჯერებთ, საერთოდ არ არსებობდა). შალამოვი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და პატარ-პატარა ისტორიებით გვაცნობს კალიმის გულაგის აუტანელ – ჭეშმარიტად საბჭოურ – ცხოვრებას (რაღაცით დოსტოევსკის “მკვდარი სახლის ჩანაწერებსაც” მოგაგონებთ)… ევგენია გინზბურგი კი (სხვათა შორის, ეს მწერალი ასევე ცნობილი მწერლის ვასილი აკსიონოვის დედაც გახლავთ) სულ სხვა ვითარებაში აღმოჩნდა გულაგში. შალამოვისგან განსხვავებით ის არასდროს ყოფილა ე.წ. “ანტისაბჭოთა ელემენტი”, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს მაინც “მოაკითხეს” და წაიყვანეს… პარტიული მუშაკის ცოლი და თავადაც კომუნისტი (“ზედმეტადაც” კი) ჩამოაშორეს შვილებს და მას შემდეგ, რაც წინასწარი დაკავებისას უახლოესმა ადამიანებმაც კი “ტერორისტად” მონათლეს, 10-წლიანი პატიმრობა და 8-წლიანი გადასახლება მიუსაჯეს. ევგენია გინზბურგს “გაუმართლა” – ის უკან დაბრუნდა, თუმცა უფროსი შვილი ვეღარ ნახა (ეს უკანასკნელი ლენინგრადის ბლოკადას შეეწირა)… ბევრი რეპრესირებული უკან აღარ დაბრუნებულა… ეს წიგნიც სწორედ მათ ეძღვნებათ – სტალინური რეპრესიების მსხვერპლთ…

გელა ჩარკვიანის “ინტერვიუ მამასთან” 1938-52 წლებში საქართველოს სსრ-ს ცკ-ს პირველი მდივნის თვალით დანახულ სტალინურ ეპოქას გვაცნობს. ამ უკანასკნელთან ინტერვიუს წინ გელა ჩარკვიანის ძალიან საინტერესო წინასიტყვაობა უძღვის (პარალელებით ორუელთან), შემდეგ კი თავად კანდიდ ჩარკვიანი გვიამბობს სტალინზე, როგორც ადამიანზე, ასევე ბერიაზე, მეორე მსოფლიო ომზე, საქართველოს განვითარებაზე, ვაჟა-ფშაველას “დაგმობის” ცნობილ ამბავზე, “მეგრელთა საქმეზე”. რა თქმა უნდა, ტენდენციურობა შეინიშნება. გასაგებია, რომ ცკ-ს მდივნებიც ადამიანები არიან. თან პირადი ურთიერთობების გარდა (სტალინთან ჩარკვიანს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ბერიასთან კი – დაძაბული), ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ აღწერილ დროს უკვე წარსულია ოკუპაციის პროცესი, კოლექტივიზაცია, “ნეპი”, “ჰოლოდომორი”, 30-იანი წლების დიდი ტერორი. საბჭოთა კავშირში უკვე თითქმის ყველა “გასაბჭოებულია” და ინტერვიუშიც ვერ მოხვდა სტალინური ეპოქის ყველაზე სისხლიანი ეპიზოდები, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კანდიდ ჩარკვიანმა ან ბოლომდე არ თქვა სიმართლე (რაც უფრო სავარაუდოა), ან უბრალოდ არ იყო ისეთი “ტიპიური საბჭოთა მმართველი”, რომელიც შიშის ზარს სცემდა ხელქვეითებს…

P.S. მოგვიანებით ამავე თემისადმი მიძღვნილ სხვა წიგნებზეც ვისაუბრებთ. მანამდე კი ერთ ფილმს გირჩევთ. თუ ჯერ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ.

3 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Dec 20, 2013 @ 21:21:11

    არქიპელაგ გულაგიც. ოღონდ, ეს რუსულად. არა მგონია, უახლოეს ხანებში ვთარგმნოთ.

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Dec 20, 2013 @ 21:50:18

      სოლჟენიცინსაც აუცილებლად წავიკითხავ… არადა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი წიგნებია. “ივან დენისოვიჩის ერთი დღის” თარგმანი არ არის საკმარისი…

      Like

      Reply

  2. Trackback: სანამ ჰიტლერი გვიმზერს | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: