სიმონა დე ბოვუარის “სასოწარკვეთილი ქალი” – საკმარისია ირგვლივ მიმოიხედოთ და ამ წიგნს ცოცხლად დაინახავთ. ჩვენთან, ისევე როგორც სიმონა დე ბოვუარის და მისი გმირის სამშობლოში, უამრავი სასოწარკვეთილი ქალია. ისინი 40 წელს სულ ცოტა ხნის წინ გადასცდნენ და თითქოს ჯერ კიდევ ახალგაზრდები არიან, მაგრამ მათი ცხოვრება დასრულდა. მონიკიც ასეა – მას ქმარმა უღალატა და სულ მარტო აღმოჩნდა ჩაკეტილი კარის პირისპირ, რომლის მიღმაც მომავალი დარჩა… ქალმა, რომელმაც მთელი ცხოვრება ოჯახს შესწირა, ვერა და ვერ გაბედა ამ კარის გაღება, ვერც ქმრის გაშვება… უბრალოდ ჩაეფლო სასოწარკვეთილებაში… ალბათ ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობაა, თუმცა მგონია, რომ მაინც უნდა წასულიყო მომავლისკენ, მაინც უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება უღირსი კაცის გარეშე – ცხოვრება და არა არსებობა…
მარგერიტ დიურასის “საყვარელი ჩრდილოეთ ჩინეთიდან” – მარგერიტ დიურასი ინდოჩინეთში გაიზარდა. ეს წიგნიც მასზეა (ვერ გეტყვით, რამდენად სრულია დამთხვევა სინამდვილესთან). ის თავადაა უსახელო გმირი, რომელიც მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ საკუთარი თავი უკვე “დაკარგა” – ის არც ფრანგია და არც ჩინელი, ვერც არეულ ოჯახს ეგუება და ვერც შორდება მას… თავადაც არ იცის რა სურს და ეს მანამდე გრძელდება, სანამ 30 წელს მიტანებულ ჩინელ მამაკაცს არ შეხვდება… მათ ურთიერთობას ხელს აზიური ტრადიციები უშლის, მაგრამ ისინი მომავალზე არ ფიქრობენ – უბრალოდ ღრმად ეშვებიან ვნების (და არა სიყვარულის) მორევში… ეს ყველაფერი კი წიგნზე მეტად ფილმს ჰგავს – ეკზოტიკური პეიზაჟები, “უცნაური” სექსუალური სცენები (თუმცა წიგნებში უარესებიც გვინახავს და მხოლოდ ამიტომ ნუ იტყვით უარს წაკითხვაზე) და პირდაპირი მითითებები კინოკადრებზე… ძალიან კარგად ჩანს, რომ მადამ დიურასი ლიტერატურის გარდა, კინოშიც მოღვაწეობდა…
ფრანსუაზა საგანის “მფარველი ანგელოზი” – ფრანსუაზა საგანი დიდი ხნის წინ გავიცანი. ვერ გეტყვით, რომ ჩემს ფავორიტებს შორის მოხვდა, თუმცა “სალამი, სევდავ”, “გიყვართ ბრამსი?” და “მზის ნამცვრევი ცივ წყალში” ასე თუ ისე მომეწონა… რასაც ვერ ვიტყვი “მფარველ ანგელოზზე”. 45 წლის სცენარისტი ქალისა და მისი უცნაური “სასიყვარულო სამკუთხედის” ამბავმა ვერაფრით მიმიზიდა. ამიტომ ამ წიგნზე ბევრს ვერაფერს გეტყვით… მისგან ემოცია საერთოდ არ დამრჩა…
P.S. თუ რომელიმე წიგნით დაინტერესდით, შეგიძლიათ მოიძიოთ – სიმონა დე ბოვუარი და ფრანსუაზა საგანი “პალიტრა L-მა” გამოსცა, დიურასი კი – “ელფმა”.
თებ 10, 2014 @ 21:20:18
საინტერესოა. ფრანგული ლიტერატურა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ქალების დაწერილი ნაწარმოებების კითხვა კი უფრო მეტად :)) სიმონა დე ბოუვარი მაინტერესებს დიდი ხანია და წაიკითხავ, საგანზე კი თავს შევიკავებ მაშინ :))
LikeLike
თებ 10, 2014 @ 21:53:27
მთლად მეც ნუ მენდობი. იქნებ მოგეწონოს 😀 სიმონასთან ნაცნობობამ ისე გაამართლა, რომ “მეორე სქესიც” ამოვიღე მიზანში :))
LikeLike
თებ 13, 2014 @ 17:34:11
ჰო დიდი ვერაფერია “მფარველი ანგელოზი”.
LikeLike