ცოტა ხნის წინ სოვიეტიზმის ეპოქის შესახებ ვისაუბრეთ. საბჭოთა კავშირის საუკეთესო აღწერა ალბათ ალექსანდრ სოლჟენიცინს ეკუთვნის. მის ცხოვრებას თუ გადახედავთ, ამაში დარწმუნდებით (სიცოცხლის ბოლო წლებში მისი პოზიცია ჩემთვის მიუღებელია, თუმცა ალბათ ასაკიც უნდა გავითვალისწინოთ). მის “ივან დენისოვიჩის ერთ დღეზე” უკვე მოგიყევით. ახლა კიდევ სამი ნაწარმოები მინდა გაგაცნოთ ან გაგახსენოთ.
“კიბოს კორპუსი” ძალიან მძიმე (ამასთანავე ოპტიმისტურიც) წიგნია და ალექსანდრ ისაევიჩის ცხოვრების იმ მონაკვეთზე მოგვითხრობს, რომელიც მან ონკოლოგიურ საავადმყოფოში გაატარა. თუმცა ეს ცალსახად ბიოგრაფია არ არის. მთავარი გმირები ავტორმა შექმნა (ალბათ პროტოტიპები ჰყავდა) და თითოეული მათგანი საბჭოთა დროს მოარგო – მაგალითად, ოლეგ კოსტოგლოტოვი რეპრესირებული და ნაომარი ახალგაზრდა კაცია, რომელიც ვერ ეგუება რეჟიმს. სამაგიეროდ პაველ რუსანოვი გრძნობს თავს ბედნიერად (კიბოს თუ არ ჩავთვლით) და სულაც არ განიცდის, რომ სტალინური ტერორის დროს უამრავი ადამიანი დაასმინა. სხვებიც (მათ შორის ექიმებიც) ებრძვიან სიკვდილს, საკუთარ წარსულს (ყველა რუსანოვივით ვერ “აძინებს” სინდისს), მარცხდებიან და იმარჯვებენ, მაგრამ მაინც არ იცვლებიან – ადამიანები ადამიანებად რჩებიან, სისტემის მონები კი – მონებად.
“წრე პირველი” ალექსანდრ ისაევიჩის ე.წ. “შარაშკულ” (სპეც-ციხე) წლებს ეძღვნება. მთავარი გმირი გლებ ნერჟინი თავად ავტორია. ის და სხვა მეცნიერები ერთგვარ “პირველ წრეში” (დანტე ალიგიერს თუ იცნობთ, გეცოდინებათ, რომ ეს ჯოჯოხეთის “საუკეთესო” ნაწილია) მოხვდნენ, თუმცა დროებით. აბაკუმოვმა სტალინის ბრძანებით ისინი არჩევანის წინაშე დააყენა – ან სისტემის მსახურნი უნდა გამხდარიყვნენ და ხმის ამომცნობი აპარატი შეექმნათ, ან გულაგის გზას დასდგომოდნენ… წიგნიც ამაზეა – რეპრესიის მსხვერპლთა გაორებასა და რთულ გადაწყვეტილებაზე, სტალინის ეპოქის დროს ხალხის ცხოვრებაზე… გამორჩეულია გლებისა და ლევ რუბინის (გერმანისტი და დისიდენტი ლევ კოპელევი) მსჯელობები საბჭოურ თემებზე, ასევე – სტალინის წარსულისა და ფიქრების სოლჟენიცინისეული შეფასება… ზოგადად ეს ნაწარმოები განსაკუთრებულია ამ მწერლისა და ზოგადად იმ ეპოქის მწერალთა (პროპაგანდისტებს არ ვგულისხმობ) შემოქმედებაში.
“არქიპელაგი გულაგი” უმნიშვნელოვანესია თავისი მასშტაბურობითა და ინფორმაციის სიჭარბით. შესაძლოა სხვა წიგნები საბჭოთა ეპოქაზე არ წაიკითხოთ (გემოვნები ამბავია), თუმცა თუ გსურთ, რომ იმ პერიოდის შესახებ ჭეშმარიტება შეიტყოთ და მცდარი წარმოდგენა გაიქარწყლოთ (რაც ჩვენში ძალიან ხშირია), ეს წიგნი უნდა გადაშალოთ. აქ ნახავთ 1918-1956 წლების რეპრესიების დეტალურ აღწერას (რა თქმა უნდა, რეალური მაგალითების საფუძველზე), რომელიც უდავოდ სანდოა… დანარჩენი, თუ ჯერ არ წაგიკითხავთ, თავად წაიკითხეთ. მერწმუნეთ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების მოქალაქეთათვის აუცილებელი წიგნია.
P.S. სამწუხაროდ, ქართულად სოლჟენიცინის მხოლოდ ერთი ნაწარმოები – “ივან დენისოვიჩის ერთი დღეა” ნათარგმნი (“ინტელექტის” ნობელიანტების სერია). ორიგინალში მარტივად მოიძიებთ და თუ გადაწყვეტთ წაკითხვას, იცოდეთ, რომ მარტივი საკითხავი არ გელით, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ ამ წიგნებში მთავარი იმედია, იმედი იმისა, რომ ვინც არ გატყდა, ის სისტემას გატეხს…
%(count)s კომენტარი (+add yours?)