ტელევიზორის წინ ვზივარ… “ტაბულას” ეთერში კიევია – ხალხი, რომელიც სიმღერით ეგებება სიკვდილს. “საზოგადოებრივ მაუწყებელზე” ოლიმპიური თამაშებია – გაბადრული მასპინძელი და მისი პარტნიორები… მე კი ქინდლს ვფურცლავ და ანა პოლიტკოვსკაიათან ერთად რუსეთს ვეცნობი, პუტინის რუსეთს…
პუტინის რუსეთში ჩვეულებრივი ქალები შვილებს სამხედრო სამსახურში გზავნიან, უკან კი მხოლოდ საფლავი უბრუნდებათ. პატრიოტიზმით განმსჭვალული მათი ვაჟები ან ჩეჩნეთის ომს ეწირებიან, ან ხელმძღვანელები კლავენ, ანაც მუდმივ ზეწოლასა და შეურაცხყოფას ვერ უძლებენ და თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, რომელიც ჯერ არც კი დაუწყიათ. მათ დედებს კი მიზეზსაც არ უხსნიან. ახალი რუსეთი საბჭოთა სტილს არ ღაალტობს – “დიდი მანქანის პატარა ჭანჭიკებს” ღირსეული სიკვდილის უფლება არ აქვთ…
პუტინის რუსეთში სამხედრო სამსახურში წარმატებული პიროვნებები უსახლკაროდ და უსახსროდ რჩებიან. ან მაფიას უნდა გაურიგდნენ და ჩვეულებრივ ბანდიტებად იქცნენ, ან ყოველდღიურად უნდა იფიქრონ შვილების გამოკვებაზე… მათი შრომა არაფერია…
პუტინის რუსეთში დედებს შვილები თეატრში ან სკოლაში მიჰყავთ, გონს კი საავადმყოფოში მოდიან. შემდეგ იწყება ძებნა სამკურნალო დაწესებულებებსა და მორგებში. გზა აქაც უმეტესად სასაფლაოზე მთავრდება, იმიტომ რომ “ანტიტერორისტული” ოპერაციის დროს ტერორისტების გარდა ბავშვებსაც კლავენ…
პუტინის რუსეთში ჩეჩენ ბავშვებს სკოლებში ამრეზით უყურებენ და “პატარა ტერორისტს” ეძახიან, მათ მამებს მხოლოდ წარმომავლობის გამო აპატიმრებენ და იარაღსა და ნარკოტიკს უდებენ, დედებს სამსახურებიდან ათავისუფლებენ… ტერაქტის შემდეგ თათარ ბიჭს მხოლოდ იმიტომ არ შველიან, რომ ჩეჩენი ჰგონიათ…
პუტინის რუსეთში პოლკოვნიკი ბუდანოვი, რომელმაც 18 წლის ჩეჩენი გოგონა გაიტაცა, გააუპატიურა და მოკლა გმირადაა აღიარებული. მან ხომ “სავარაუდო სნაიპერის ლიკვიდაცია მოახდინა”…
პუტინის რუსეთში უამრავი გაუბედურებული ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ ხმას არავინ იღებს. ქსენოფობია და რასიზმი ნორმაა. რატომ? იმიტომ, რომ საბჭოთა ტიპის პროპაგანდა ძალიან კარგად მუშაობს, იმიტომ, რომ ასე უფრო მარტივია ცხოვრება… “ნორდ-ოსტის” ტრაგედიასთან დაკავშირებით პროტესტი არავის გამოუთქვამს და სწორედ ამ ნიჰილიზმს მოჰყვა ბესლანი (ისევე, როგორც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას – უკრაინის ტრაგედია). ორი წელი ამ ორ მოვლენას შორის ხალხმა გართობასა და სიმშვიდეში გაატარა, კიდევ – პუტინისთვის ხმის მიცემაში…
თუმცა პუტინის რუსეთში თავისუფალი ადამიანებიც ცხოვრობენ, რომლებიც ასე ფიქრობენ: “შეუძლებელია დავეთანხმოთ რუსეთში პოლიტიკური ზამთრის კიდევ ათწლეულების მანძილზე გაგრძელებას. ძალიან გვინდა ცხოვრება. ძალიან გვინდა, რომ შვილები თავისუფალნი იყვნენ. და თავისუფალნი გაჩდნენ შვილიშვილები. ამიტომ ძალიან გვინდა სწრაფი დათბობა. მაგრამ ტემპერატურის გაზრდა მინუსიდან პლიუსამდე მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. სხვას არავის. დათბობის მოლოდინი კრემლიდან, როგორც ეს გორბაჩოვის დროს იყო, ახლა სულელური და არარეალურია. დასავლეთიც არ დაგვეხმარება”…
P.S. ანა პოლიტკოვსკაია რუსეთის გათავისუფლებას ვერ მოესწრო. 2006 წლის 7 ოქტომბერს ის საკუთარი სახლის სადარბაზოში მოკლეს. საქმე, რა თქმა უნდა, დღემდე იდუმალებითაა მოცული. ახალი “დიდი ბელადი” კი კვლავ უტიფარი სახით დაგვცქერის კვარცხლბეკიდან. ჩვენც მოწიწებით შევყურებთ და “ურთიერთობების დათბობაზე” ვოცნებობთ… გადაშალეთ ეს წიგნი (სამწუხაროდ, ქართულად ასეთ წიგნებს კი არა, “სახოტბო ოპუსებს” გამოსცემენ), გაეცანით ნამდვილ ისტორიებს და დაფიქრდით – ღირს კი ოცნება? ღირს კი ხელის ჩამორთმევა იმ ადამიანისთვის, რომელიც ცინიზმით, რასიზმითა და გაუთავებელი ომებით მსოფლიოს აოცებს? რომელიც ადამიანი კი არა, გაყინული რკინის ქანდაკებაა?
P.P.S. პოსტის დაწერის შემდეგ “არტანუჯმა” და გვანცა ჯობავამ ამ წიგნის ქართული თარგმანი შემოგვთავაზეს. თუ ჯერაც არ წაგიკითხავთ, აუცილებლად მოიძიეთ!
თებ 25, 2014 @ 00:30:01
რკინის ქანდაკებას რა უშავს, ვერავის დახოცავს… სამწუხაროდ, ამხელა ქვეყანაში ფაშიზმისგან თავისუფალი მხოლოდ ერთეულები არიან და ისინი ვერაფერს შეცვლიან ვერასდროს. იმპერიალისტური ზრახვები სისხლში აქვთ მაგათ…
LikeLike