დიდი ბელადის ნამდვილი სახე

268952_10200493614216989_798552186_n

ვაგრძელებთ საუბარს სტალინიზმის ეპოქაზე.

არტურ კესტლერის “დამაბრმავებელი წყვდიადი” მწერლის წარმოსახვის ნაყოფია, თუმცა მთავარ გმირს პროტოტიპებიც ჰყავს (ზინოვიევი, კამენევი და ბუხარინი) და ისტორიაც რეალურია. გისოსებს მიღმა სტალინის პოლიტიკით უკმაყოფილათა გარდა, უამრავი “ორთოდოქსი” მოქალაქეც აღმოჩნდა. ზოგიერთი რუბაშოვივით ჩართულიც კი იყო “საბჭოთა მანქანის” მუშაობაში, თავსაც სწირავდა მისთვის და “შუშისთვალებიანი დიქტატორის” წინააღმდეგაც იბრძოდა, მაგრამ ერთ “მშვენიერ” დღეს გესტაპოს ნაცვლად “პირველის” გამოგზავნილმა “ნკვდ”-მაც მოუკაკუნა და წაიყვანა იქ, საიდანაც ან საერთოდ არ ბრუნდებიან, ან კი ბრუნდებიან, მაგრამ უკვე სხვა ცხოვრებაში… სანამ დაბრუნება-არდაბრუნდების საკითხი გადაწყდებოდა, რუბაშოვს ბევრი დრო ჰქონდა – საკმარისი იმისთვის, რომ ეფიქრა, გაეანალიზებინა საკუთარი და “გამარჯვებული რევოლუციის ქვეყნის” წარსული, გამოსტყდომოდა საკუთარ თავს, რომ შეცდა ან დარჩენილიყო დიდი სოვიეტური მანქანის პატარა ჭანჭიკად…

წინა წიგნის მსგავსად სინამდვილისა და გამონაგონისგან შედგება ვასილი გროსმანის “ყველაფერი მიედინება”. აქ მთავარი თემა დაბრუნებაა, დაბრუნება სტალინის ეპოქიდან პოსტ-სტალინურ ეპოქაში. ივანი, ისევე როგორც უამრავი სხვა, გულაგიდან მხოლოდ სტალინის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდა და ყველაფერი სულ სხვანაირად დახვდა. 30 წლის შემდეგ ჯერ კიდევ ცოცხალი ოჯახის წევრები გაუუცხოვდნენ მასაც და ახალ დროებასაც, საცოლე გათხოვდა, ქვეყანა შეიცვალა.  ხალხმა გააცნობიერა, რომ სტალინისადმი ნდობის, შიშისა თუ პირადი კეთილდღეობის გამო ჩადენილი ათასი “წვრილ-წვრილი” სისაძაგლე არსად დაკარგულა. მეხსიერებამ შიმშილით დახოცილი ბავშვების სახეებიც შემოინახა, დაწერილი დასმენებიც, “არშემჩნეული” უსამართლობებიც… ცხოვრება ყველასთვის გართულდა – სხვა ცხოვრებაში დაბრუნებულთათვის, რომლებსაც ერთი დიდი სიცარიელე დახვდათ და დამხვედრთათვის, რომლებსაც თვალები აეხილათ და უმძიმესი ტვირთი დააწვათ…

ვიქტორ კრავჩენკოს “მე ავირჩიე თავისუფლება” მთლიანად რეალობას ეფუძნება. ავტორი სტალინური ტერორის დროს წარმოებაში წამყვან თანამდებობებს იკავებდა და ბევრ ცნობილ პოლიტიკურ ფიგურას პირადად იცნობდა. მის თვალწინ ჩაიარა სისხლიანმა წლებმა, თუმცა მას პროტესტი არ გამოუთქვამს, რაც იმ დროს ალბათ საუკეთესო გადაყვეტილება იყო. კრავჩენკომ ლეგალურად გადაკვეთა აშშ-ს საზღვარი (მეორე მსოფლიო ომის დროს მივლინებით ესტუმრა თავისუფალი სამყაროს ცენტრს და სხვებივით საელჩოსთვის არ უთხოვია დახმარება), პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა, დარჩა და ეს წიგნი დაწერა. სამწუხაროდ, ონლაინ-რესურსებში სრული ვერსია ვერ აღმოვაჩინე, თუმცა შემოკლებული ვერსიიდანაც ჩანს, რომ ვიქტორ კრავჩენკომ ამ ნაბიჯით სერიოზული დარტყმა მიაყენა სტალინის “წმინდა” სახეს (მანამდე დასავლეთი მაქსიმალურად ხუჭავდა თვალს “პატარა დანაშაულებებზე”) და ამიტომ თითქმის უდავოა, რომ 1966 წელს მას თვითმკვლელობით არ დაუსრულებია სიცოცხლე. კომუნისტურ მედიაში ატეხილი სკანდალის შემდეგ ასეთი წიგნის ავტორის სიკვდილი სწორედ სსრკ-ს აწყობდა. მით უფრო, რომ სტალინის სიკვდილის შემდეგ მხოლოდ შენელდა რეპრესიების მანქანა (უბრალოდ წინა წლებმა შესაძლო მსხვერპლთა რაოდენობა შეამცირა) და რეალურად მისი ფუნქციონირება ერთი წუთითაც კი არ შეწყვეტილა… და ალბათ მოგეხსენებათ, რომ რეპრესიები და პროპაგანდა დღემდე შეუცდომლად მუშაობს…

P.S. სამწუხაროდ, ქართულად არც ეს წიგნებია ნათარგმნი. არადა საბჭოთა ისტორიას სკოლაშიც უნდა ასწავლიდნენ და ამას ისტორიის წიგნის ორიოდე ფურცელს კი არ უნდა უთმობდნენ, როგორც ახლაა, არამედ ცალკე საგნად უნდა იყოს შეტანილი სასწავლო პროგრამაში.

8 Comments (+add yours?)

  1. სანდრო
    მარ 15, 2014 @ 22:12:08

    კარგი იქნება ქართულადაც რომ იყოს :/

    Like

    პასუხი

  2. katerina
    მარ 16, 2014 @ 00:18:51

    გეთანხმები, საბჭოთა ისტორია უნდა ისწავლებოდეს, თორემ სრული ბეცები არიან ბავშვები მაგ დროის ამბებში

    Like

    პასუხი

  3. finiki
    მარ 17, 2014 @ 10:18:38

    რატომღაც გვგონია რომ საბჭოთა ეპოქაზე ყველაფერი ვიცით და ისედაც ყველაფერი ცხადია, ამიტომაა ალბათ ამას არც დიდ დროს რომ უთმობენ და არც თავს იკლავენ წიგნების თარგმნით.

    Like

    პასუხი

    • Kejeradze
      მარ 17, 2014 @ 15:18:26

      ეჰ, ყველაფერი რომ ვიცოდეთ, სტალინის ძეგლის დადგმას და “ერთმორწმუნე” რუსეთთან მეგობრობას ვინღა მოითხოვდა…

      Like

      პასუხი

      • finiki
        მარ 17, 2014 @ 15:28:32

        ჰო, ასეა, თუმცა მგონია რომ მაინც მოითხოვდნენ, ყველაფრის ცოდნა, სამწუხაროდ გაგებას არ ნიშნავს 😦 მაინც იქნებიან ისინი ვინც აქციას გამართავენ “ყირიმი რუსეთია”-ო

        Like

        პასუხი

დატოვე კომენტარი