მარტის მოგზაურობები

397025_10151293405852801_571509635_n

ჰარუკი მურაკამის “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით” – ჰაჯიმე წარმატებული ბარის მფლობელია, შიმამოტო – მისი ბავშვობის სიყვარული. ჰაჯიმეს ცოლ-შვილი ჰყავს, მაგრამ მაინც ვერ ივიწყებს შიმამოტოს, ვერც იძუმის, რომელსაც ოდესღაც ცუდად მოექცა. ჰაჯიმე ბედნიერია, მაგრამ თავს მაინც ისე გრძნობს, როგორც მზის დასავლეთით (ეს რას ნიშნავს, თავად ნახეთ).  ჰაჯიმეს ცხოვრებაში ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ბავშვობაში უბრალოდ განიცდიდა დედისერთობას, უბრალოდ გაიცნო ასევე დედისერთა შიმამოტო, შემდეგ უბრალოდ ვეღარ ჩავიდა მის სანახავად, იძუმის უბრალოდ უღალატა მისსავე ბიძაშვილთან, ცოლსაც უბრალოდ ღალატობდა და შიმამოტოსთან შეხვდრასაც უბრალოდ გაურბოდა, სანამ თავად შიმამოტო ძალიან უბრალოდ არ მიუჯდა გვერდით… მერეც ყველაფერი ძალიან უბრალოდ ხდება – ჰაჯიმე უბრალოდ რჩება დიდი სიცარიელისა და მელანქოლიის ამარა… და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ჰაჯიმე უბრალო იაპონელი ბიჭია – უბრალო განცდებითა და უბრალო ცხოვრებით…

ჯონ მაქსველ კუტზეეს “მისტერ ფო” – რობინზონ კრუზო ხომ გახსოვთ? ამ ფრიად საინტერესო ბედის ადამიანს რა დაგავიწყებდათ. ის კი არა, უკაცრიელ კუნძულზე რა წიგნს წაიღებდითო, რომ გეკითხებიან ალბათ პირველ რიგში სწორედ დანიელ დეფოს ეს წიგნი გახსენდებათ… მაგრამ თურმე კიდევ ერთი წიგნი მოგვითხრობს ამ ადამიანის შესახებ – ეს კუტზეეს “მისტერ ფოა”. ოღონდ აქ ბატონი რობინზონისა და პარასკევას ცხოვრება სულ სხვანაირად ეწყობა – სანამ საქმეს ხელს მისტერ ფო ანუ დანიელ დეფო მოკიდებდა, მანამდე თავად ამ ამბის მონაწილე სიუზან ბარტონი გვიამბობს კუნძულზე დასახლებული აწ უკვე ხანში შესული კაცისა და მისი აფრიკელი “თანამოქალაქის” ამბავს. შემდეგ წიგნის დაწერის ისტორიასაც გვაცნობს… რა თქმა უნდა, ეს ყველაფერიც გამოგონილია (ოღონდ ამჯერად უკვე დეფოს კი არა, კუტზეეს ფანტაზიის ნაყოფი), თუმცა, ჩემი მოკრძალებული აზრით, კუნძულზე წასაღებად არ გამოდგება – პესიმისტი კრუზოს ამბავი დიდად ვერ გაგამხნევებთ და საკითხავადაც რამდენიმე საათზე მეტ ხანს არ გეყოფათ. ასე რომ, თუ მაინც გადაწყვეტთ გემით მოგზაურობას, ყოველი შემთხვევისთვის ისევ დეფო გააყოლეთ ხელს 🙂

ფრანც კაფკას “გოდოლი” – კ. სოფელში ჩამოვიდა… და პირდაპირ კაფკას აბსურდულ სამყაროში ამოყო თავი. “პროცესის” გმირის არ იყოს, ისიც გოდოლის გარშემო მოძრავ ბიუროკრატიულ მანქანას შეეჯეხა და ხსნისა და ჭეშმარიტების ძიებაში დაიბნა…  “ამაზე ხელნაწერი წყდება”… სამწუხაროდ, არ მახსოვდა რომ “ამერიკის” გარდა, კაფკას დაუმთავრებელ რომანებს “გოდოლიც” მიეკუთვნება. ქინდლ-ვერსიის მე-80 პროცენტზე წყვეტა ჩემთვის უსიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა… ამიტომ შთაბეჭდილებაც “წყვეტილი” დამრჩა – დადებითი, თუმცა არასრული…

ძმები სტრუგაცკების “პიკნიკი გზის პირას” – ერთ “მშვენიერ” დღეს ჰარმონტს უცხოპლანეტელები ესტუმრნენ, ესტუმრნენ და “საჩუქრებიც” დაუტოვეს – ზონები. ზონაში უამრავი მეცნიერებისთვის სასარგებლო ნივთიერებაა, თუმცა ამავე დროს ზონაში შესვლა სახიფათოა – ერთი არასწორი ნაბიჯი იქ სამუდამოდ დარჩენას ნიშნავს, თუმცა ეს “საუკეთესო” ვარიანტია. ზონაში მიღებული დასხივება შემდგომ თაობებში მუტაციას იწვევს… წესით, ასეთი პერსპექტივა საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ზონას არავინ გაეკაროს, მაგრამ არსებობენ თავზე ხელაღებული ადამიანები – სტალკერები. რედრიკ შუჰარტიც სტალკერია. ზონის გარდა მას აღარაფერი დარჩენია – რწმენა არ გააჩნია, ცხოვრებამ გააბოროტა და სიკეთესაც მხოლოდ ბოროტების გზით თუ გააკეთებს… ზონის გარეშე ის არ არსებობს, ზონის გარეშე ის ვერ ხვდება, რა სურს, ვერ ხვდება, რომ ყველასთვის ბედნიერება უნდა…

P.S. თუ დაინტერესდით, კუტზეესა (“ინტელექტის” სერია “ნობელიანტები”) და კაფკას (“წიგნის სახელოსნო”) ქართული თარგმანის მოძიება შეგიძლიათ. მურაკამი ლიტერატურულ ჟურნალში უკვე დაიბეჭდა და იმედია მალე წიგნადაც გამოვა. ძმები სტრუგაცკების ეს ძალიან კარგი წიგნი (შეგნებულად არ გითხარით ბევრი რამ და თუ წიკითხავთ, ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებთ) კი ჯერჯერობით არ გვაქვს (ყოველ შემთხვევაში, ახალი), მაგრამ შეგიძლიათ ნახოთ ანდრეი ტარკოვსკის “სტალკერი”. წიგნისგან განსხვავდება, მაგრამ თუ ამ რეჟისორს აფასებთ, ნამდვილად არ ინანებთ.

P.P.S. სულ ბოლოს ჰაჯიმესა და შიმამოტოს საყვარელ სიმღერებსაც მოვუსმინოთ  🙂

10 Comments (+add yours?)

  1. SopHia!
    Mar 20, 2014 @ 21:31:19

    რაღაცნაირად შემეცოდა ბოლოს ჰაჯიმე…

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 20, 2014 @ 21:45:31

      ბოლოს შემეცოდა თუ შემეცოდა 😦 მანამდე აღვშფოთდი იუკიკოს გამო…

      Like

      Reply

      • SopHia!
        Mar 21, 2014 @ 23:05:17

        თავიდან საერთოდ არ მომწონდა ჰაჯიმეს ქცევები თავის “გოგოებთან” მიმართებაში…
        იუკიკოც მეცოდებოდა სულ… ((
        ჰაჯიმე თავისმა ქცევებმა და ხასიათმა მიიყვანა იმ მდგომარეობამდე,მაგრამ მაინც ძალიან შემეცოდა…

        Like

        Reply

  2. rockermeloman
    Mar 22, 2014 @ 21:11:18

    რა წინ ხარ ამ ცხოვრებაში ნათ :დ ამ პოსტშიც ერთადერთი ნოველა მაქვს წაკითხული – მურაკამი :/ კარგი იყო, მომეწონა, დასასრული იყო ჩემთვის განსაკუთრებით კარგი, სრული და ლოგიკური ))

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 22, 2014 @ 21:42:54

      მხოლოდ 2-ნახევარი ნაბიჯით ვყოფილვარ წინ 😀 მურაკამის ამბავი ვიცი – “გზაში წაკითხულ წიგნებს” მოვუსმინე და “დავაწინაურე” ჰარუკი 😉 🙂

      Like

      Reply

  3. salomeaa
    Mar 27, 2014 @ 11:27:31

    ჰარუკი მურაკამის ,,ნადირობა ცხვარზე” ჩემი საყვარელი წიგნია და მურაკამზე შეყვარებული ვიყავი. 2 წლის წინ “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით” დაბეჭდილი არ იყო, მეგობარმა Pdf ვერსია გამომიგზავნა, ამოვბეჭდე, წიგნად ავკინძე და როგორც კი დრო ვიხელთე, წავიკითხე. მაგრამ იმედგაცრუების გემო დამიტოვა:( ვერ მივხვდი, რა უნდოდა, სად წაგვიყვანა, რატომ წაგვიყვანა, სიუჟეტიც რაღაც ძალიან ბანალური მეჩვენა, ბავშვობის სიყვარულთან შეხვერდა, მისი იდუმალი გაუჩინარება. რა ვიცი არაფერი არ იყო ახლოს ჩემთან, არც ერთი ფრაზა. იმასაც ვფიქრობდი, იქნებ მურაკამი არ არის, იქნებ სხვა ავტორის არის მეთქი: )

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Mar 27, 2014 @ 13:06:30

      ნადირობასთან თითქმის არაფერი აქვს საერთო. ბოლომდე ვერც მე მივხვდი, რა უნდოდა. სულ ბოლოს მივხვდი და ვაღიარე, რომ მურაკამი მაინც მურაკამია 😀

      Like

      Reply

  4. darknessrose
    Sep 11, 2015 @ 15:23:58

    “სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით” დაბეჭდილია? ბიბლუსში არ ქონდათ :/ pdf ვერსია ვიპოვე და ღირს წაკითხვა?

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Sep 11, 2015 @ 16:58:23

      წიგნად არ მინახავს. ცუდი არ არის. თან პატარაა და ნებისმიერ შემთხვევაში დროის დაკარგვა არ გამოვა 🙂

      Liked by 1 person

      Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: