აკა და გოგი – ქართული გაზაფხული

12982_564379943634481_186189736_n გაზაფხული ისე როგორ გავიდოდა, მშობლიური ლიტერატურისთვისაც რომ არ “შემევლო ხელი”. ჰოდა ქინდლი დროებით გვერდით გადავდე, თაროებიდან წიგნები გადმოვიღე და “გზას გავუდექი”.

აკა მორჩილაძის “აგვისტოს პასეანსი” ისეთი წიგნია, ამ მწერლის მოყვარულებმა რომ უკვე “დავამუღამეთ”. გაგანია აგვისტოში ვაკეში “პასეანსი იშლება” და ტრადიციული თბილისური ამბები ხდება – თავისი “უაზრო” მკვლელობით, “სვეცკი” გოგოებით, ნარკომანი ბიჭებით, ცოლის სახელზე გაფორმებული ბიზნესით, ღალატით, დეტექტივის ელემენტებით… მეტი რაღა გითხრათ – თბილისია რა… სანთლის შუქზე წასაკითხ ბულვარულ რომანს რომ ჰგავს მისი ისტორია, მაგრამ სინამდვილეში სულ სხვანაირი ქალაქი რომ არის…

გოგი გვახარიას “ცრემლიანი სათვალე” სულ სხვანაირი წიგნია – თავიდან ბოლომდე სინამდვილეზეა აგებული. თავად გოგის თუ დავესესხებით, “ამ ორმა ხატმა – ეკრანმა და მაყურებელმა – მთელი ჩემი ცხოვრების წესზე, “პირად ისტორიაზე”, ე. ი. ბიოგრაფიაზე იმოქმედა… ჩემი სათვალე ხშირად ილაქებოდა ხოლმე ცრემლით – ხან კინოგმირები მატირებდნენ, ხანაც ცოცხალი ადამიანები – რეალური ცხოვრება, რომელიც ჩემს თაობას მძიმე და მართლაც სატირალი გვქონდა. ამ ცრემლის ისტორია თაობის ისტორიაა – იმ თაობისა, რომელიც ხრუშჩოვის გადაყენებისა და “ოტტეპელის” დასრულების შემდეგ მივიდა სკოლაში, ბრეჟნევის ეპოქაში ისწავლა და “პერე­სტროიკის” ხანაში დაიწყო მუშაობა… მერე კი დაიშალა, დანაწევ­რდა – სამოქალაქო ომით, აფხაზეთით, ქვეყნიდან გაქცევით, კულტურის დანგრევითა და კულტურის ნაცვლად ფსევდოკულტურით, ნარცისების ბაღნარის აშენებით. კინოს მოყვარულები ცნობილი “ვუაიერისტები” რომ არიან, ამას უკვე თავად აღიარებენ. ჩვენ ყურება უფრო გვიყვარს, ვიდრე ცხოვრება; დაკვირვება, ცქერა და თვალთვალი მთელ ქვეყანას გვირჩევნია; ჩვენ თითქოს არა ვართ ამქვეყანაზე, არ ვმონაწილეობთ ისტორიულ პროცესებში. მხოლოდ ვაკვირდებით… და ვითომ რატომ არ უნდა მოინდომოს კაცმა, დაწეროს ერთი წიგნი მაინც იმაზე, რაც ნახა და რასაც დააკვირდა?!” და მანაც მოინდომა… მოინდომა და ისეთი წიგნი დაწერა, რომ სათვალეს რომ ვატარებდე, უთუოდ დაიბინდებოდა… სწორედ იმიტომ დაიბინდებოდა, რომ თითოეული სიტყვა ჩვენი წარსულია და არა გამოგონილი გმირების (გასაგებია, რომ გმირებიც არსაიდან არ მოდიან – მათ ნამდვილი ადამიანები ქმნიან, მაგრამ მაინც) ცხოვრება… ზოგჯერ ძნელად თვალისგასასწორებელი, მაგრამ მაინც ჩვენი წარსული – ჩვენი საერთო წარსული, იმიტომ რომ ჩვენი აწმყო და ჩვენი მომავალი ამ წარსულიდან მოდის – იმ ფილმებიდან და იმ წლებიდან, რომლებიც “გვიბინდავენ სათვალეს”…

აკა მორჩილაძის “მორიდებული ზურმუხტი” ზუსტად ისეთი წიგნია, მე რომ მიყვარს – ეთნოგრაფიული რომანი. ერთი პირობა იმასაც კი იფიქრებთ, რომ რეალურად მომხდარ ისტორიას კითხულობთ, მაგრამ სინამდვილეში იმერეთში მომხდარი აჯანყება, “სახელგაცვლილი” თბილისი და ფოთი, იზაბელა ცხადაძის ხელიდან გამქრალი უცნაურად მორიდებული ზურმუხტი და ბევრი გმირი თუ ეპიზოდი აკამ ან თავად მოიგონა, ან კი ცნობილი მწერლებისგან ისესხა (კონკრეტულ ჩამონათვალს ბოლო გვერდზე ნახავთ), ქართული “ტრადიციული” თვისებებითა და ჩვენი ყოველდღიურობით “შეაზავა” და საოცრად საინტრესო საკითხავი შემოგვთავაზა – ძალიან დინამიური, “ქართული” წიგნი, რომელსაც ვერც კი მოწყდებით. ხუმრობა ხომ არ არის – იმპერატორის წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება დაუგეგმავთ, რომელშიც მარგალიტე აბაშიძე, ბუჭუტა აბაშიძე, გლახუნა ბაქრაძე, ძმები კალმახიძეები და კიდევ ბევრი ნაცნობ-უცნობი ქართველი ჩაურთავთ და სანამ მათ ბედ-იღბალს არ გაიგებთ, წიგნს რა ძალა გადაგადებინებთ გვერდით. მერე რა, რომ არც თუ მოკრძალებული ზომისა გახლავთ…

P.S.  აკას ტემპს თუ გავითვალიწინებთ, “მორიდებულ ზურმუხტს” უკვე ახალს ვერ ვუწოდებთ (უფრო ახალიც გამოვიდა), თუმცა არც ისეა საქმე, რომ ვერ იშოვოთ. ასე რომ, თუ დაინტერესდით, “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას”, ან სულაც ნებისმიერ წიგნის მაღაზიას მიმართეთ. ყველა წიგნს მარტივად მოიძიებთ.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: