არბატის შვილები

p1773005მოსკოვი, მე-20 საუკუნის 30-იანი წლები. ახალგაზრდების ჯგუფი ცხოვრებას იწყებდა. ისინი “არბატის შვილები” იყვნენ და ისეთივე უღრუბლო მომავალს ელოდნენ, როგორი ბავშვობაც ჰქონდათ. საშა, ვარია, ნინა, მაქსი, იურა, ლენა, ვადიმი და ვიკა ახალი 1934 წლის დადგომას ერთად შეხვდნენ და არც კი იცოდნენ, რომ ეს წელი მათთვის და მთელი საბჭოთა კავშირისთვის გადამწყვეტი გახლდათ – სტალინმა (რომელიც რიბაკოვმა აკსიონოვის მსგავსად ჩვეულებრივ პერსონაჟად აქცია) ამ წელს გადაწყვიტა საკუთარი პოზიციების უკიდურესად გამყარება და ეს პროცესი კიროვის მკვლელობით დაიწყო. თუმცა არბატის შვილების გზები უფრო ადრე გაიყო – საშას მშვიდი ცხოვრება სულელურ კედლის გაზეთს შეეწირა და ის დროზე ადრე გაუყენეს ციმბირის გზას…

1937 წლიდან შიში სხვების ოჯახებშიც შევიდა და არბატის შვილები საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს – ზოგი ორთოდოქსი კომუნისტიდან იმედგაცრუებულ მოქალაქედ იქცა, ზოგი – გაუბედურებულ ქალად და მოქალაქედ, რეპრესიის მსხვერპლად, ჯაშუშად, ნკვდ-ს ნამუსგარეცხილ თანამშრომლად, წითელარმიელად, “ჩამშვებად”… ყველამ თავისი შეხედულებისამებრ აირჩია ცხოვრების გზა – ან შიშს დამორჩილდა, ან საკუთარ სინდისს… ჰიტლერის გამოჩენამ საბოლოოდ გაანადგურა საბჭოელთა ცხოვრება. პარანოიით დაავადებული სტალინი კიდევ უფრო დიდი მონდომებით შეუდგა საკუთარი მოქალაქეების განადგურებას. ტრილოგიაში აღწერილი 10-წლეულის განმავლობაში “დიდი ბელადის” უშუალო ხელშეწყობით (იმედია, არ ეთანხმებით გავრცელებულ ფრაზას – “სტალინმა არაფერი იცოდა”) ფიზიკურად და სულიერად ანადგურებდნენ არა მხოლოდ ოპოზიციონერებსა და მათ აქტიურ ან თუნდაც პასიურ მომხრეებს, არამედ თავგადაკლულ კომუნისტებსაც. “სირცხვილის კორიდორებში” ატარებდნენ და ხშირად გულაგშიც კი  უშვებდნენ სკოლის მოსწავლეებს (მხოლოდ იმიტომ, რომ მათი მშობლები ხალხის მტრებად გამოაცხადეს, ან იმიტომ რომ სტალინის ბიუსტს უსაფრთხოებისთვის თოკი მოაბეს). ადამიანებს უკვალოდ აქრობდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი საყვარელი ადამიანების ბედით დაინტერესდნენ… არავინ იცოდა, ვის კართან შეჩერდებოდა შავი მანქანა, არავინ იცოდა, რას უმზადებდა თუნდაც საკუთარი შვილი…

შემდეგ ომი დაიწყო და “მსოფლიოს საუკეთესო სარდალმა” განურჩევლად ყველა – “სამშობლოს მტრები” და ჯერ კიდევ თავისუფალი (ფიზიკურად) ადამიანები – ერთიანად მოისროლა დიდ სასაკლაოზე (საკუთარი შვილიც კი არ დაინდო). სიკდილმა ყველა გაათანაბრა. ფერფლმა და მტვერმა ყველა დაფარა…

P.S. სამწუხაროდ, ქართულად არც ამ ტრილოგიის (ზოგიერთი ვერსიით, ტეტრალოგიის) თარგმანი გვაქვს. არადა, “მოსკოვური საგისა” არ იყოს, ეს სერიაც ბევრ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: