ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მწერალი მილან კუნდერა ყოველთვის ჩეხეთსა და ტრფობაზე წერს და რა გასაკვირია, თუ თავისი მეორე (პირველზე ოდნავ ქვემოთ) პროზაული ნაწარმოები, უფრო სწორად კი, ნოველების კრებული, სწორედ ასე დაასათაურა – “სალაღობო ტრფობანი”. ეს წიგნი 7 ნოველას აერთიანებს, რომელთა მთავარი თემაც სიყვარულია, “მამაკაცური” სიყვარული (ამ გრძნობას სწორედაც რომ ქართული თარგმანი შეეფერება). შვიდივე გმირი ნამდვილ დონ ჟუანად მიიჩნევს თავს და ერთი შეხედვით კომიკურ სასიყვარულო ისტორიაში ებმება, თუმცაღა, მე თუ მკითხავთ, სასაცილო აქ ბევრი არაფერია. “სალაღობო ტრფობანი” ერთი დიდი ტრაგედიაა – მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ჩეხების ტრაგედია, რომლებსაც სიყვარული “ნადირობაში” არევიათ და ტრაგიკულ გარემოს ცინიზმით ებრძვიან, თუმცა ამით შვებას კი არა, უარეს სევდას გრძნობენ და ჩვენც გვიზიარებენ…
თავისი პირველი რომანი კი კუნდერამ ხუმრობას მიუძღვნა. “სალაღობო ტრფობანის” პირველი ნოველისა არ იყოს, ლუდოვიკ იანმა უხეიროდ იხუმრა და ვერ გაითვალისწინა, რომ უკვე მხიარულ ჩეხეთში კი არა, საბჭოეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობდა (აქ უკვე ძალაუნებურად ზემოთხსენებული კრებულის სულ ბოლო ნოველა გაგახსენდებათ). როდის იყო, რომ მოსკოვს სიცილის ან ტკივილისგან გამოწვეული ცრემლებისა სჯეროდა… და ლუდოვიკიც ისტორიის სანაგვეზე მოისროლეს, გააბოროტეს და ხუმრობის სურვილი სულ მთლად დაუკარგეს… ამ ტრაგიკულ ისტორიას კი მასთან ერთად კიდევ სამი პერსონაჟი გვიამბობს, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს თხრობას – კუნდერას ეს არასდროს ეშლება.
“სიცილისა და დავიწყების წიგნი” კუნდერას ცხოვრებაში გადამწყვეტი ყოფილა. სწორედ ამ წიგნის შემდეგ ჩამოართვეს მას ჩეხეთის მოქალაქეობა და, ინგლისური გამოთქმისა არ იყოს, ერთი წუთით კომუნისტთა ფეხსაცმელებში თუ ამოვყოფთ თავს, მივხვდებით, რომ სწორადაც მოიქცნენ. ასეთი ჩაკეტილი საზოგადოება ვერ აიტანდა სიმართლეს საბჭოთა ოკუპაციისა და მაშინდელი ჩეხეთის ცხოვრების შესახებ. ყველა ამბავი დავიწყებისთვის განწირულ თავისუფლებასა და ცინიკურ სევდაში გადაზრდილ სიცილზე “ზედმეტად” რეალურად აჩვენებდა მსოფლიოს სიმართლეს.
“უკვდავება” კი სულ სხვანაირი წიგნია. მწერალს თუ დავუჯერებთ, ის აუზთან შემთხვევით დანახულმა ერთადერთმა ჟესტმა შთააგონა და ამ უმნიშვნელო ეპიზოდისგან “ამოიზარდა” რომანი უკვდავებაზე – ორი ქალის, გოეთეს, ბეთჰოვენის, ჰემინგუეის, პროფესორის, კუნდერას უკვდავებაზე… წიგნზე უფრო მუსიკა შეგვიძლია ვუწოდოთ, უცნაური, მისტიკური მუსიკა – ზუსტად ისეთი, ნამდვილ პოსტმოდერნს რომ შეეფერება…
P.S. თუ დაინტერესდით, შეგიძლიათ შეიძინოთ “სალაღობო ტრფობანი” “დიოგენესგან”. ჩემი აზრით, ბატონი მილანის გაცნობა სწორედ ამ კრებულით უნდა დაგვეწყო. სამწუხაროდ, სხვა ზემოთხსენებული წიგნები ჯერჯერობით ნათარგმნი არ არის. თუმცა ასევე “დიოგენემ” გამოსცა “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”, “შეუცნობელი” და “გამოსათხოვარი ვალსი”. იმედი ვიქონიოთ, რომ კუნდერასთან “მეგობრობას” კვლავაც განაგრძობენ 🙂
მაისი 10, 2014 @ 20:50:14
კუნდერა…ჩემი დიდი იმედგაცრუება..
LikeLike
მაისი 10, 2014 @ 21:29:59
მე მომწონს, მაგრამ მე და ბატონმა მილანმა ჯერჯერობით ამოვწურეთ ერთმანეთი :))
LikeLike
მაისი 11, 2014 @ 11:32:16
სწორედ ეგ ამოწურვადობაა სწორედ ის “იმედგაცრუება” )))
LikeLike
მაისი 11, 2014 @ 15:29:02
ამოწურვაში ვიგულისხმე, რომ მნიშვნელოვანი ყველაფერი წავიკითხე :)) ყველაფერი კარგი მარტო დოსტოევსკის აქვს ჩემთვის – ისიც თანაბრად არა 😀 მოკლედ, გემოვნების ამბავია, როგორც ზოგადად ლიტერატურა 🙂
LikeLike
მაისი 11, 2014 @ 18:55:19
აი, მე სხვა ამოწურვადობა ვიგულისხმე…ხომ , მესმის, რასაც გულისხმობ :*
თუმცა, გემოვნებაზე დავა ძალიან მომწონს 🙂 საინტერესოა.
ბევრი რამის გათვალისწინებაც შეიძლება და ა.შ.
LikeLike
ივნ 23, 2014 @ 10:41:49
უცნაურია კუნდერა, ან ძალიან მოსწონთ, ან ძალიან იმედგაცრუებულები რჩებიან მისგან.
მე მიყვარს 🙂
LikeLiked by 1 person