აკა ის კაცია, ისტორიებს რომ “თლის” და წიგნებში “აწყობს”. გადაშლი ამ წიგნებს და თითქოს მისი გმირები ცოცხლდებიან, ფურცლებიდან გადმოდიან, ხელს გტაცებენ და ხან ძველ თბილისში ამოგაყოფინებენ თავს, ხანაც – შუაგულ ვაკეში.
“მწერლებსა და წიგნებზე” კი სულ სხვანაირი წიგნია. აკა არც ჩვეულ ალუზიებს მიმართავს, არც სიუჟეტს “ხლართავს”. აკი ხშირად ამბობს, მწერლობა არ მინდაო და აი, მოირგო კიდეც მკითხველ-კრიტიკოსის როლი (ოღონდ კრიტიკოსიც ისეთივეა, როგორიც მწერალი – “ჩვენიანი”).
ჩვენთან დიალოგსაც (ამას თხრობას ვერ ვუწოდებთ – ზუსტად დიალოგია – თითქოს ფინჯანი ყავის თანხლებით ვსაუბრობთ) ისეთი კაცის გაცნობით იწყებს მწერალი რომ არ იყო, მაგრამ წიგნებს წერდა და ცნობილი მსახიობის სეხნიაც გახლდათ (რიჩარდ ბარტონი). შემდეგ ამბროზ ბირსზე გვიამბობს, კიდევ ვაშინგტონ ირვინგზე, ნათანიელ ჰოთორნზე… მოკლედ, აკასთან შეხვედრას თუ გადაწყვეტთ, ჩასანიშნად უნდა მოემზადოთ – ღმერთმა არ ქნას და რამე გამოგრჩეთ – საინტერესო მოგზაურობას გამოაკლდებით.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოსმენის გარდა, შეგიძლიათ აკას შთაბეჭდილებებს თქვენიც მიამატოთ და წარსული გაიხსენოთ. აკა კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ ჰოლმსი უბრალოდ გმირი კი არა, ნამდვილი შედევრია, პო – უმაგრესი “ჰორორისტი”, დები ბრონტეები კი ძალიან მაგარი გოგოები იყვნენ… ვინ იცის, იქნებ ჰიტკლიფივით კეტრინ ერნშოუს ხმაც კი შემოგესმათ ქარიან ღამით… დიკენსის წიგნებიდან კი უდავოდ იგრძნობთ ბუხრისეულ სითბოს, მარკ ტვენს თუ მიუბრუნდებით, კიდევ ერთხელ ისიამოვნებთ ნამდვილ ამერიკაში – მდინარე მისისიპიზე – მოგზაურობით. ფოლკნერსაც თუ შეხვდებით, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ ამერიკაში იყავით – აბა, კომპსონებზე, სართორისებსა და სნოუპსებზე უკეთ ვინ გაგაცნობთ ჭეშმარიტ, თავისუფალ ამერიკას… “ვეფხისტყაოსანსა” და “ჰამლეტზე” აღარაფერს ვამბობ – კი იფიქრებთ, ახალი რაღა უნდა შევიტყოთ ამ ათასგზის გამოკვლეული მართლაც დიადი ნაწარმოებების შესახებო, მაგრამ მერწმუნეთ, შეიტყობთ! სულ სულ ბოლოს კი იქნებ ბავშვობაში დაბრუნებაც მოისურვოთ და განძთა კუნძულზე გამგზავრება გადაწყვიტოთ – კი ამბობენ პატარა ბიჭების წიგნიაო, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ დიდ გოგოებსაც არასდროს ავიწყდებათ კაპიტანი ფლინტის ჩახლეჩილი ხმა და მთელი ცხოვრება ჩაესმით: “რვიანები! რვიანები! რვიანები!”…
მაისი 13, 2014 @ 19:32:24
აკა-პუბლიცისტი ❤ ფეხბურთზე და სხვა ამბებზე ადრეც წერდა, მაგრამ ეს ლიტ.რევიუები განსაკუთრებით მომეწონა.
LikeLike
მაისი 13, 2014 @ 21:25:34
აკამ ფიზიკაზე ან ქიმიაზე რომ დაწეროს, მაინც საინტერესო გამოუვა 😀
LikeLike
მაისი 16, 2014 @ 03:18:35
ჩემდა სამწუხაროდ დავაფიქსირე , რომ აკას წიგნებიდან მხოლოდ “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” და “აგვისტოს პასეანსი” მაქვს წაკითხული :((( დიდი ხანია მადათოვის ტრილოგიას ვუტრიალებ და იმასაც ვერ მოვაბი თავი 😦
LikeLike
მაისი 16, 2014 @ 12:42:37
მშურს თეთრი შურით 🙂 მთავარი წინ გქონია 🙂
LikeLike
ოქტ 25, 2014 @ 15:20:28
ამჟამად ვკითხულობ ამ წიგნს. ნახევარი წავიკითხე და უზომოდ მომწონს. ,,ქართულის რვეულებიც” წავიკითხე და ათასჯერ წავიკითხავ, იმდენად კარგია. მთელი ხუთი თუ ექვსი რომანი მაქვს წასაკითხი. ბიბლიოთეკაში აქვთ და გამოვიტან. წაკითხული მაქვს სამივე მადათოვი, სანტა ესპერანსა, ყარაბაში და აგვისტოს პასეანსი. ამათ შორის მადათოვი მასშტაბურია, დანარჩენი ქართული სივრცისაა, მაგრამ თანამედროვეობაში ყველას ჯობია.
LikeLike
ოქტ 25, 2014 @ 20:48:54
თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში კიდევ მყავს რამდენიმე ფავორიტი, მაგრამ, ჩემი მოკრძალებული აზრით, აკა უკვე კლასიკოსია 🙂
LikeLike