ცოტა ხნის წინ ქალურ ისტორიებზე ვისაუბრეთ. ამჯერად კი სამი ისეთი წიგნი შევარჩიე, რომელთა თემაც ასევე ქალებია, თუმცა სხვა კუთხით – ეს ქალები რასობრივი და გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლნი არიან.
პირველი წიგნი ქეთრინ სთოქეთის “მოსამსახურე” გახლავთ. ამ ნაწარმოებს დიდი ხნის მანძილზე სკეპტიკურად ვუყურებდი, რადგან ფილმი გამოსვლისთანავე ვნახე და ჩემი ერთ-ერთი ფავორიტიც გახდა. ვშიშობდი, რომ მის პირველწყაროში ახალს ვერაფერს აღმოვაჩენდი. მით უფრო, რომ თემაც ერთგვარად გაცვეთილია და რთულია მკითხველის გაოცება. თუმცა ქეთრინმა ეს შეძლო. ახალგაზრდა ჟურნალისტმა სქითერმა ჯერ ვერც კარიერა აიწყო და ვერც პირადი ცხოვრება. შავკანიანი მოსამსახურეები ეიბილინი და მინი მუდმივ შიშში ცხოვრობენ. თითქოს მათ არაფერი აერთიანებთ და დაუწერელი კანონების თანახმად არც უნდა ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ სქითერი სხვებს არ ჰგავს. სქითერი მაგარი გოგოა, ძალიან მაგარი გოგო. მას მოსამსახურეებთან მთავარი რამ აკავშირებს – უსამართლობის განცდა. მიუხედავად საფრთხისა, ისინი წიგნის დაწერას გადაწყვეტენ, რადგან არ ესმით, რატომ არ შეიძლება განსხვავებული კანის ფერის ადამიანებმა ერთი სველი წერტილით ისარგებლონ, ერთ სკოლაში იარონ, ერთნაირი ცხოვრება ჰქონდეთ. რატომ უნდა ეშინოდეთ მოსამსახურეებს, რომ თეთრკანიანი ქალბატონები ქურდობას დასწამებენ, სამუდამოდ ულუკმაპუროდ დატოვებენ, ფიზიკურადაც კი გაანადგურებენ. რატომ უნდა ითმინონ მუდმივი შეურაცხყოფა… 544 გვერდის მანძილზე მე სქითერის გვერდით ვიყავი, ვიცინოდი, ვტიროდი და 60-იანი წლების მისისიპიში გამეფებული უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდი! თქვენ კი თუ არ გვეთანხმებით და შავკანიანებს (ან თუნდაც სხვა უმცირესობებს) თქვენზე დაბლა მდგომ ადამიანებად მიიჩნევთ, მაშინ მინის საფირმო შოკოლადის ტორტს მოგართმევთ! გემრიელად მიირთვით 😉
მეორე წიგნი ტონი მორისონის “საყვარელია”. ეს ისტორია ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე წინა (ქეთრინი მძიმე თემას იუმორით “აზავებს”), ძალიან მძიმე. თითქოს ავტორს მე-19 საუკუნის მიწურულის ოჰაიოში გადავყავართ და საკუთარი თვალით ვხედავთ ყველაფერს – როგორ წვავენ ცეცხლზე შავკანიან მონას, მეორეს კი ცხოველივით აბამენ, როგორ სცემენ მონა ქალს, როგორ აუპატიურებენ მას და როგორ კლავს ის საკუთარ შვილს, რათა მოძალადეების ხელში არ მოხვდეს, როგორ ერევა გონება გაუპატიურებული ქალის ქმარს… ამ ყველაფრის შემდეგ კი საიქიოდან დაბრუნებულ ქალიშვილსაც ვხვდებით, რომელიც დედის სიყვარულს გამოედევნა და ეგოისტი მოჩვენების სახით მოგვევლინა… ეს ერთი შეხედვით არარეალური ამბავი ნამდვილია. ეს ტრაგიკული ისტორია ნამდვილად მოხდა, ისევე როგორც სხვა მრავალი ისტორია რასიზმზე…
მესამე წიგნი – მარგარეტ ეტვუდის “მხევლის წიგნი” – გენდერულ დისკრიმინაციას ეხება. მომავლის მსოფლიოში (კონკრეტულად აშშ-ზეა საუბარი, თუმცა სხვა ქვეყნებსაც მშვენივრად ერგება) ფუნდამენტალიზმის განსაკუთრებულმა სახეობამ გაიმარჯვა და ქალებს ოფიციალურად აეკრძალათ საკუთრების ფლობა, მუშაობა, წერა, კითხვა – ყველაფერი. მათი ერთადერთი ფუნქცია დარჩათ – თვეში ერთხელ მეთაურებს უნდა ეახლონ და ზუსტად 9 თვეში ჯანმრთელი შვილი აჩუქონ. სხვა შემთხვევაში ისინი უსარგებლო ნივთებად მიიჩნევიან. ვიზიტებს შორის მხოლოდ საყიდლებზე სიარული შეუძლიათ, ოღონდ მდუმარედ და მოგონებების გარეშე. “ახალ ღმერთს” არ სურს რომ მათ წარსულზე იფიქრონ და შვილები ან ქმრები გაიხსენონ… ამ ისტორიას ერთ-ერთი მხევალი მოგვითხრობს, რომელსაც სახელიც კი აღარ აქვს. ის მეთაურის საკუთრებაა… და რა გარანტია გვაქვს, რომ ჩვენც არ გველის მისი ბედი? ხომ შეიძლება ერთ “მშვენიერ” დღეს “რელიგიის” სახელით ჩვენც მხევლებად გვაქციონ? ვიფიქროთ ამაზე!
P.S. “მოსამსახურე” და “საყვარელი” “პალიტრა L”-მა შემოგვთავაზა. “მხევლის წიგნი” კი, რომელიც უმნიშვნელოვანესი წიგნია, გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” თარგმნა და პოსტის გამოქვეყნებიდან თითქმის ერთი წლის თავზე მისი მოძიებაც შეგიძლიათ.
ივნ 07, 2014 @ 02:37:58
“მოსამსახურე” რომ ვნახე უზომოდ მომეწონა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა მხოლოდ ერთხელ ვუყურე ფილმს, თან საკმაოდ დიდი ხნის წინ და დღემდე დეტალებში მახსოვს. სხვათაშორის მსგავსი თემის წიგნები/ფილმები ყოველთვის ერთ რამეზე მაფიქრებს, რამდენად მიიუღებელია ჩვენთვის დღეს ის, რასაც წარსულში ფერადკანიანებს უკეთებდნენ და მაინც როგორ გვიჭირს იმის წარმოდგენა, რომ ჩვენც იგივეს ვაკეთებთ.ვაკრიტიკებთ, ვამცირებთ, ვრიყავთ, სიკვდილს ვანდომებთ უმცირესობის (ნებისმიერი ტიპის) წარმომადგენლებს. რატომღაც ვერ წარმოგვიდგენია, რომ მომავალ თაობებს იგივე რეაქცია ექნებათ ჩვენს საქციელზე. ასე მგონია, რომ დისკრიმინაცია, სხვისი ჩაგვრა ადამიანთა მასის, ბრბოს განუყოფელი ნაწილია, რომელიც არასდროს გაქრება, უბრალოდ დროთა განმავლობაში სამიზნეს ვიცვლით ხოლმე, ეს არის და ეს.
სთოქეთის ეს წიგნი ჩვენთან სად იყიდება? ქართულად, რუსულად ან ინგლისურად, არ აქვს მნიშვნელობაა
LikeLike
ივნ 07, 2014 @ 12:53:06
ქართულად “პალიტრა L”-მა გამოსცა და ყველგან არის. რუსულად და ინგლისურადაც ხელმისაწვდომია ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც უცხოენოვანი ლიტერატურის განყოფილება აქვთ.
LikeLike
ივნ 07, 2014 @ 19:35:57
მოსამსახურე ფილმი მაქვს ნანახი და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. დიდხანს ვფიქრობდი წამეკითხა, თუ არა წიგნი, რადგან ფილმის ყურების შემდეგ არ მიყვარს წიგნის წაკითხვა. უფრო პირიქით ვამჯობინებ, მაგრამ ახლა ვფიქრობ წავიკითხო. იმედია ფილმზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.
LikeLike
ივნ 07, 2014 @ 21:05:34
მეც ასეთი “მეთოდი” მაქვს, მაგრამ ამჯერად ვცადე და გაამართლა 🙂
LikeLike
ივნ 07, 2014 @ 21:08:15
მეც ვაპირებ ვცადო 🙂
LikeLiked by 1 person
ივნ 10, 2014 @ 15:00:45
პირველი ორი წაკითხული მაქვს, მესამეს გადმოვწერ ახლა, მადლობა. პ.ს. მოსამსახურე წიგნად ჯობია, იმჰო :დ
LikeLike
ივნ 10, 2014 @ 20:53:23
მიხარია, თუ გამომივიდა დაინტერესება 🙂
წიგნი ყოველთვის ჯობია 🙂 უიშვიათესი გამონაკლისების გარდა…
LikeLike
ივნ 12, 2014 @ 16:52:08
dzaan magari filmia da wign ufro uketesi iqnebaa aucileblad wavikitxav :)) ^_^
LikeLiked by 1 person