აკას სამყარო

აკა მორჩილაძეს ვინ არ იცნობს. საკმარისია ერთხელ გადაშალოთ მისი რომელიმე წიგნი და ვეღარ მოსწყდებით (მე თქვენ გეტყვით და იშვიათად წერს). სამუდამოდ დარჩებით ძველი და ახალი თბილისის “ტყვეობაში”… მეც ზუსტად ასე დამემართა – მისი ტიფლისური საუბრებით მოხიბლულმა “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს” მოვკიდე ხელი (ზედმეტად ადრე კი მომივიდა) და დღემდე აკასთან ვარ 🙂 აი, ახლაც მის ოთხ წიგნზე ვისაუბრებთ.

“ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები” ძალიან დიდი ხნის წინ წავიკითხე, თუმცა მეხსიერებაში მხოლოდ დასასრული შემომრჩა (ისიც იმიტომ, რომ ერთი ფილმის ბოლოს ემთხვევა). ამიტომ ფესტივალზე რომ დავინახე, გვერდი ვერაფრით ავუარე და კიდევ ერთხელ “გავემგზავრე” 90-იანების თბილისში, ქალაქში, რომელიც მშიერი თოლიებით, ლტოლვილებით, “მაგნას” კოლოფებით, შეიარაღებული მოქალაქეებით, ბრმა ტყვიებით,  ქუჩის ძაღლებით, უშუქობაში გაყინული და “სიგუას ნამცხვრის” მჭამელი ხალხით გაივსო. ზაზა კობახიძისა და მისი ნაცნობ-მეგობრების ამბავი მთელი თაობის ისტორიაა და ჩემი მოკრძალებული აზრით, ამ დაკარგული თაობის შესახებ ასე არავის მოუყოლია (თავად აკასაც კი სხვა წიგნებში). ეს ის წიგნია, რომელიც მომავალს შემორჩება და წარსულზე უამბობს…

“ვენერას სიზმარი” სულ სხვანაირი წიგნია – სახალისო “90-იანური” ამბავი მოულოდნელი დასასრულით. ხეზე მშვიდად მძინარე ბუს ხმაურზე გაღვიძებია და ისეთი რამ უნახავს, რომ აკასთვის მოყოლა გადაუწყვეტია. აკამაც თავისებური შენიშვნებით შეავსო ისტორია და ისეთი რომანი გამოუვიდა, “საბასაც” კი გამოჰკრა ხელი. აბა, წიგნს, რომელშიც სამხედრო აჯანყებაცაა, არსენა ოძელაშვილიც (“ის” არა ღონდ), ღვინისა და იარაღის “დამმახინჯებელი” თაობაც, ვინ აჯობებდა…

“წიგნი” კი რომანი არ არის. მოთხრობების კრებულია და მერე რა მოთხრობების. აქეთ საიათნოვა გამოპარულა მონასტრიდან და ცოლის შერთვა განუზრახავს, იქეთ ნურადინ ფრიდონს სიმართლისა და გამონაგონის გამორჩევისთვის მიუყვია ხელი და ჩვენი შოთა სიცრუეში დაუდანაშაულებია, ლუარსაბ თათქარიძე ჭამით კი არ მომკვდარა, ომში წასულა, ვარსქენ პიტიახში არც თუ ისე ცუდი კაცი ყოფილა და უკანასკნელ გზაზე ვახტანგ გორგასალსა და ერეკლე მეფეს ერთად გაუცილებიათ, ილია ჭავჭავაძესა და ალექსანდრე ყაზბეგს ჰოლმსი და უოტსონი დაუხსნიათ ხიფათისგან… მოკლედ, ათასი რამ მომხდარა და ჩვენ არც კი გვეცოდინებოდა, აკა რომ არა…

“შენი თავგადასავალი” “ლონდონური” ამბავია (როგორც “ძირს სიმინდის რესპუბლიკა”, თუმცა ეს უკანასკნელი ჯერ არ წამიკითხავს და დაწვრილებით ვერაფერს გეტყვით), ამბავი პეტრე ჯაფარიძისა, იგივე ჯორჯიასი, იგივე პიტერ (ჯორჯ) ჯეფერსისა, რომელმაც სულ ერთი ტაბლეტი ნარკოტიკი გადაყლაპა და წარსული დაუბრუნდა- საკუთარი და ქვეყნის წარსული. თუ სხვებს თავი თვითმფრინავი ეგონათ, ჯორჯიას გონებაში მთელი საბჭოთა კავშირი, 1989 წლის 9 აპრილი, 90-იანები გაცოცხლდა თავისი ტკივილით, აგრესიით, დაგროვილი ბოღმით და უსუსურობის განცდით, გენერალი როდიონოვით, ბებერი დეიდებით, რომლებსაც ჰარიეტი და ეტელი ერქვათ, კიროგათი, რომელიც სიკვდილის წინ ილიად იქცა, ძმები რივერებით, რომლებმაც ბოლო წუთებში ასევე იცვალეს სახე, ზანგი სემით, რომელიც აშკარად ქართველი იყო, ინგლისის პერით, რომელსაც “ერგო პატივი” პირველი შიდსიანი ლორდი ყოფილიყო, ჟუსაკებით, რომლებიც ალბათ დიუმასაც აღარ ახსოვდა… მოკლედ აკამ ისეთი კოქტეილი შემოგთავაზა, რომელიც არ ათრობს, მაგრამ ორმაგ ემოციებს კი იწვევს – ერთდროულად სიცილი და ტირილი გინდება…

P.S. თუ აკას ჯერ არ იცნობთ, გირჩევთ, რომ სცადოთ. “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები”, “შენი თავგადასავალი”, “ქართულის რვეულები”, “ობოლე” და “მადათოვი” ნახეთ. თუ არც ერთი მოგეწონათ, მაშინ “თქვენი” მწერალი არ ყოფილა… მაგრამ მე მაინც მგონია, რომ მოგეწონებათ… ერთი მაინც 🙂

Advertisements

5 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Jun 13, 2014 @ 22:24:17

    “წიგნი” ალტერნატიური ისტორიაა გარკვეულწილად, მისტიფიკაცია, აკას ხულიგნობა და ძალიანაც მომწონს 🙂 “შენი თავგადასავალი” ჩემი უსაყვარლესი აკა იქნებოდა, “ფალიაშვილი” რომ არა.

    “სიმინდის რესპუბლიკას” გირჩევ. ძალიან კარგია 🙂

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 14, 2014 @ 13:03:17

      აუცილებლად წავიკითხავ 🙂 ოდესმე ალბათ დავეწევი აკას ტემპს 😀

      Like

      Reply

  2. FantasyWorld
    Jun 14, 2014 @ 18:39:16

    მე მეჩვენება თუ ელვის სისწრაფით უშვებს ეს კაცი წიგნებს? 😀 იმდენჯერ მინდოდა და ვერ მოვახერხე ჩავჯდომოდი. ზოგადად უფრო კლასიკოსებს ვკითხულობ და თანამედროვე ლიტერატურას ჯერ იმდენად ვერ მივადექი. ძლივს მოვრჩი სკოლას და ჩავუჯდები დღეიდან. ოღონდ ჯერ ორუელის 1984 და სულაკაურის კინობიბლიოთეკა მაქვს წასაკითხი 😀 აკამ იქამდე შეიძლება კიდევ ერთი-ორი წიგნი გამოსცეს 😀

    Like

    Reply

    • Kejeradze
      Jun 14, 2014 @ 20:57:37

      არ არის გამორიცხული 😀 მარტო წელს ოთხი გამოვიდა 😀 თითქმის ყოველ ჯერზე ვყიდულობ რამდენიმეს და მაინც ვერ დავეწიე 😀

      ორუელი ❤

      Like

      Reply

  3. Trackback: “თეთრი სერია” – გაგრძელება | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: