სერიული გამოცემების დიდი მოყვარული არ გახლავართ. არც ყბადაღებულ “50 წიგნს” მივყვები და არც მის “სამართალმემკვიდრე” “49-ს”. ნავსის გატეხვა მხოლოდ “დიოგენემ” მოახერხა და მათი “დიოგენეს ბიბლიოთეკისა” და “ამერიკელების” მომდევნო წიგნს სულმოუთქმელად ველი ხოლმე… და აი სულ ახლახანს “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” ახალი სერია დაიწყო. პირველ გამოცემებსა და დაანონსებულ “კინო-წიგნებს” თუ გადავხედავთ, ალბათ ძალიან საინტერესო ბიბლიოთეკა გამოვა. ასე რომ, ჩავერთოთ ამ პროექტშიც – შევადაროთ ერთმანეთს საყვარელი ფილმები და წიგნები, ან ჯერ წავიკითხოთ და შემდეგ შევაფასოთ ეკრანიზაციები 🙂
ფილმები “ცისფერი მთები” და “საუზმე ტიფანისთან” გამორჩეულად მიყვარს. ეკრანიზაციების განსაკუთრებულმა ღირსებებმა დიდი ხნის წინ მიბიძგა პირველწყაროებისკენ და წიგნებიც “შემომეკითხა”. დღემდე ვფიქრობ, რომ “ცისფერი მთები” ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ფილმია და რეზო ჭეიშვილზე უკეთესად ცოტას თუ მოუხერხებია ჩვენი ხასიათისა და რეალობის გადმოცემა (კი ამბობენ, საბჭოთა სისტემის ნგრევაზეაო, მაგრამ საკმარისია ჩვენს დღევანდელობას შევავლოთ თვალი, რომ ამ ამბის მარადიულობას ვირწმუნებთ). თითოეული პერსონაჟი საოცრად ინდივიდუალური და დაუვიწყარია… განსაკუთრებული გმირი ჰყავს ტრუმენ კეპოტსაც. ჰოლი გოლაითლი, მიუხედავად ამერიკული ლიტერატურისა და ჰოლივუდური კინემატოგრაფის სიმდიდრისა, მაინც ანათებს – ანათებს, როგორც ამერიკული ოცნება, ნიუ-იორკი, ტიფანის ბრილიანტები…
ჩემს ფავორიტ ფილმებს მიეკუთვნება “ფორესტ გამპიც”, თუმცა წიგნამდე ვერა და ვერ მივედი. ტომ ჰენქსი ისე კარგად ასრულებს ჭკუასუსტი (ერთი შეხედვით, თორემ ვინაა იდიოტი, კიდევ საკითხავია) ფორესტის როლს, რომ პირველწყაროს “უკეთესობა” ვერ წარმომედგინა და, სიმართლე გითხრათ, ასეც აღმოჩნდა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უინსტონ გრუმის ნაწარმოები მოსაწყენია – ფორესტი შესაშური იუმორითა და სარკაზმით გვიამბობს თავის ძალიან უცნაურ ისტორიას გზაზე, რომელიც უნაღშეზღუდულთა სკოლიდან დიდ ბიზნესამდე გაიარა. მათ შორის კი იყო ამერიკული ფეხბურთი, ვიეტნამის ომი, კოსმოსი, ჰოლივუდი, მუსიკა და ა.შ… ეს ფორესტ გამპია – ამერიკის მოქალაქე!
P.S. სტანისლავ ლემის “სოლარისსა” და რობერტ ბლოხის “ფსიქოპათზე” უკვე ვისაუბრეთ. მათი ეკრანიზაციების ღირსებებზე რეჟისორთა სახელები მეტყველებენ… ახლა კი კორმაკ მაკარტისა და იან მარტელის წიგნებს დაველოდოთ 🙂 პირველი ფილმი არ მინახავს და დიდი ინტერესით ველოდები.
P.P. S. სულ ბოლოს ჰოლი გოლაითლის ცნობილ სიმღერასაც მოვუსმინოთ 🙂
ივნ 30, 2014 @ 22:13:47
მშვენიერი სერიაა, ეს კინობიბლიოთეკა. ხარისხიც მომწონს და შერჩევის კრიტერიუმებიც გასაგებია და მისაღები. იმედია, ასე გააგრძელებენ. პრინციპში, სულაკაურს ასეთი რაღაცები არ ეშლება.
LikeLiked by 1 person
ივნ 30, 2014 @ 22:22:27
ეს სერია მეც ძალიან მომწონს 🙂
LikeLiked by 1 person
ივლ 05, 2014 @ 10:53:00
ძალიან საინტერესო ბლოგი გაქვს :))
LikeLike
ივლ 05, 2014 @ 22:12:39
მადლობა 🙂
LikeLike