ზაფხული სულაკაურთან ერთად

1394327_484209401611315_273841973_nჯონ გრინის “ბედის ვარსკვლავის ბრალია” – „არა, ეს კიბოთი დაავადებულის შესახებ დაწერილი მორიგი წიგნი არ არის… ასეთ წიგნებში კიბოთი დაავადებული საქველმოქმედო აქციებს მართავს სხვების დასახმარებლად, ამ საქმიანობაში ცხვირჩარგული კი სიკეთის განსახიერება ხდება. ის უყვართ და აფასებენ, რადგან კიბოსთან საბრძოლველად მემკვიდრეობას ტოვებს…“ ეს არის ჰეზელ გრეისისა და ავგუსტუს უოტერსის ისტორია, რომლებსაც სიყვარული ძალიან შეუფერებელ დროს ესტუმრათ – მაშინ, როდესაც უკურნებელ სენს ებრძოდნენ. ებრძოდნენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – არ ნებდებოდნენ და ოცნებობდნენ კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ყოველი წუთი უკანასკნელი ყოფილიყო მათთვის, შესაძლოა ვერც კი გადაეტანათ გრძელი გზა ამსტერდამისკენ, რომელიც მათ საყვარელ მწერალთან აშორებდა… და მათ გაიმარჯვეს – დაამარცხეს სიბრალული და უიმედობა…

სალმან რუშდის “ფლორენციელი ჯადოქარი” – ფლორენციელ ჯადოქრად წოდებული გრძნეული მონღოლი პრინცესა ყარა ყიოზი მშობლიური აზიიდან ევროპაში გადაიხვეწა და ლამის მთელი კონტინენტის გული დაიპყრო. მისი დამარცხება სიკვდილმაც კი ვერ შეძლო და უკან დააბრუნა… თუმცა ნამდვილი ჯადოქარი ის კი არა, სალმან რუშდია, რომელმაც ერთ წიგნში ჩაატია უამრავი ამბავი – აზია და ევროპა, მოგზაურობა, შური, სიყვარული, მეგობრობა, მისტიკა, რელიგია, ამერიგო ვესპუჩი, ნიკოლო მაკიაველი, მედიჩები, ქრისტეფორე კოლუმბი… ისტორიები ერთიანდება და ჯადოსნურ წიგნს ქმნის, რომელსაც ვერ მოსწყდებით და ხან ფლორენციაში ამოჰყოფთ თავს, ხანაც – მე-16 საუკუნის ინდოეთში…

ჰარუკი მურაკამის “კაფკა პლაჟზე” – 15 წლის კაფკა (სახელი, რა თქმა უნდა, შეიცვალა) სახლიდან გაიქცა და სიკოკუზე დასახლდა, მაგრამ თავისუფლების ნაცვლად სულის საშინელ ლაბირინთებში აღმოჩნდა. მამის “ოიდიპოსურმა” წყევლამ უცხო ქალაქშიც არ მოასვენა. მერე ციდან თევზები წამოვიდა, წლების წინ გაურკვეველი უბედური შემთხვევის დროს დაზარალებულმა უკვე მოხუცმა კაცმა ქვის პოვნა გადაწყვიტა… მას და კაფკას უამრავი აუხსნელი რამ გადახდათ თავს. ჩვენ კი ამ ყველაფერს ისე ვკითხულობთ, თითქოს ზღვის ხმას ვუსმენთ და თან სურათს ვუყურებთ, რომელსაც ასე ჰქვია: “კაფკა პლაჟზე”…

ჯერალდ დარელის “ჩემი ოჯახი და სხვა ცხოველები” – მისტიკურ-ტრაგიკული ისტორიების შემდეგ საუკეთესო განტვირთვა ძველი საყვარელი წიგნის გადაკითხვაა. რადგან კუნძულ სალტკროკაზე ცოტა ხნის წინ ვიყავი, ამჯერად კორფუ შევარჩიე და დარელებთან ერთად გავემგზავრე. მერედა რა კოლორიტულ საზოგადოებაში ამოვყავი თავი – ჯერი ცხოველებს ამრავლებდა, ლარი და ლესლი  – იარაღსა და წიგნებს, მარგო – დიეტებს, დედა კი არცთუ ჩვეულებრივ შვილებსა და ასევე ორიგინალურ ბერძენ მეზობლებს ვერ აუდიოდა. მათთან ერთად რა აღარ გადამხდა. ალბათ ბავშვობიდან გახსოვთ მათი მხიარული (აბა, დედას ჰკითხეთ, თუ ეცინებოდა) თავგადასავლები, თუ არა, აუცილებლად გაიცანით ეს ოჯახი. საბავშვო წიგნი კია, მაგრამ მოგვიანებითაც არანაკლებ სასიამოვნოდ იკითხება. ნებისმიერი ასაკის მკითხველს გულიანად სიცილი გარანტირებული აქვს 🙂

P.S. როგორც სათაურიდან მიხვდით, ოთხივე წიგნის ქართული თარგმანი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას” ეკუთვნის. თუ დაინტერესდით, მარტივად მოიძიებთ.

13 Comments (+add yours?)

  1. mecmikvarkhar
    ივლ 07, 2014 @ 23:10:44

    გრინის ეკრანიზაციას სულ მალე ვნახავთ 🙂

    Like

    პასუხი

  2. Nian
    ივლ 10, 2014 @ 20:27:35

    ბედის ვარსკვლავის ბრალია ძალიან მომეწონა, წიგნიც და ფილმიც 🙂 ❤

    Like

    პასუხი

  3. odilavadze
    ივლ 16, 2014 @ 23:11:44

    ლუკრეცია გამოგრჩა? 😉

    Like

    პასუხი

  4. Trackback: ალასკას ძიება | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი