ოთხი ამბავი დიქტატურაზე

მიხეილ ბულგაკოვის “ზოიკას ბინა” – ზოიკა ნეპის ეპოქაში ცხოვრობს, მაგრამ დღესაც იცხოვრებდა… ზოიკას ბინას უყოფენ და იძულებულია “ბიზნესმენი” გახდეს… ზოიკა ნამდვილი საბჭოთა ქალია, რომელიც დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და თავის გატანას ცდილობს – ყალბი საბუთები, ქრთამი, ნეპოტიზმი და სხვა მაქინაციები მისი “ფირმისთვის” არაფერია… ზოიკა სხვანაირად ვერ იარსებებს – ეს სსრკ-ა!

ანტონიო ტაბუკის “მიაჩნია პერეირას” – პერეირას მიაჩნდა, რომ ის აპოლიტიკურ გაზეთში მუშაობდა და მშვიდად უძღვებოდა კულტურის სვეტს, თავისუფალ დროს კი გარდაცვლილი ცოლის პორტრეტს ესაუბრებოდა. პერეირას მიაჩნდა, რომ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრობდა, მაგრამ სწორედ ამ დროს ევროპაში ფაშიზმი დაიბადა, კონკრეტულად პორტუგალიაში კი სალაზარი “მეფობდა”… და პერეირამ მიიჩნია, რომ ჟურნალისტი თავისუფალი უნდა იყოს. მერე რა, თუ ის უკვე მოხუცი და არც თუ ჯანმრთელია. ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის ღირს, ყოველთვის!

მიგელ ანხელ ასტურიასის “სინიორ პრეზიდენტი” – სინიორ პრეზიდენტი (სინამდვილეში მანუელ ხოსე ესტრადა კაბრერა) გვატემალას მართავდა. მერე და როგორ მართავდა – ხალხი ხოტბას ასხამდა დიდ ბელადს და საერთოდ ვერ ამჩნევდა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ჩვეულებრივი ამბავი გახდა. მოქალაქეები ქრებოდნენ და სასაფლაოზე ჩნდებოდნენ, ან ციხეში, საიდანაც გზა ან ისევ სამუდამო განსასვენებლამდე, ანაც ბორდელამდე მიდიოდა. პოლიტიკურ ინტრიგებს ეწირებოდა ყველა – დამნაშავე, უდანაშაულო, დიდი, პატარა. სინიორ პრეზიდენტს სჭირდებოდა შედეგი – უპირობო ძალაუფლება – და სულ არ აინტერესებდა სამშობლოდან გადახვეწილი, გაყიდული, მოკლული, შიმშილით დახოცილი, დარდით განადგურებული, ნაწამები, პოლიტიკურ ინტრიგებში გახლართული, დამსმენებად ქცეული ქვეშევრდომები… იმიტომ, რომ ის დიქტატორი იყო, გვატემალელი დიქტატორი!

ოლდოს ჰაქსლის “საოცარი ახალი სამყარო” – ოლდოს ჰაქსლი საოცარ ახალ სამყაროზე გვიამბობს (სათაური იქნებ გეცნოთ კიდეც – შექსპირისეულია), სადაც ქალები აღარ მშობიარობენ. მოსახლეობის გამრავლებაზე ინკუბატორი ზრუნავს და წიწილებივით ჩეკავს ბავშვებს, თან წინასწარ განსაზღვრული ფუნქციებით. ბავშვები კასტებად იბადებიან, შესაბამის სამოსს ატარებენ და ქრისტეს ან ალაჰის კი არა, ფორდის მიმდევრები არიან. მათ არ აქვთ სიყვარულის, ქორწინების უფლება. ისინი ყველას ეკუთვნიან და ხორცის ნაჭერივით ხელიდან ხელში გადადიან. მხოლოდ შრომა ევალებათ და მუდმივი ჰიპნოზიც ამას შთააგონებთ… მაგრამ საოცარ ახალ სამყაროში ჯონი გამოჩნდება, რომელიც ტრადიციული გზით დაიბადა და დედამ გაზარდა. მისი გონება ჩვეულებრივად მუშაობს და რეალობას სრულად აღიქვამს… დანარჩენი თავად ნახეთ (უამრავ ალუზიას შეგნებულად არ შევეხე) და შეიგრძენით ტოტალირიზმის “სურნელი”…

P.S. თუ დაინტერესდით, ოთხივე წიგნის ქართულ თარგმანს მოიძიებთ. ტაბუკი და ასტურიასი “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ” შემოგვათავაზა, ჰაქსლი – “სიესტამ”, ბულგაკოვის ეს პიესა კი ელექტრონულ ფორმატში მოიპოვება. ჩემი მოკრძალებული აზრით, ზემოთხსენებული წიგნები ყურადღებას ნამდვილად იმსახურებენ.

Advertisements

1 Comment (+add yours?)

  1. Author
    Jul 17, 2014 @ 10:26:48

    ჰაქსლი მაინტერესებს ძალიან. ამ პოსტის შემდეგ – კიდევ უფრო 🙂

    Liked by 1 person

    Reply

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: