ჰერტა მიულერის სამყარო

რუმინული წარმოშობის გერმანულენოვანი ნობელიანტი მწერალი ჰერტა მიულერი ფაშისტური გერმანიის მხარეს მებრძოლი მამისა და ეთნიკურად გერმანული წარმომავლობის გამო დეპორტირებული დედის შვილი გახლავთ. სწორედ დედისა და მის მდგომარეობაში მყოფი სხვა ადამიანების (მათ შორის პოეტ ოსკარ პასტიორის) მოგონებებს წარმოადგენს “სუნთქვის საქანელა” – საბჭოთა ბანაკის ისტორია. მთავარი გმირი 17 წლის ლეო ე.წ. “ინტერნირებულთა ბანაკში” აღმოჩნდა, რეალურად კი – გულაგში. 5 წლის შემდეგ ის უკან დაბრუნდა, თუმცა ვეღარასდროს დაივიწყა სიცივითა და შიმშილით გარდაცვლილი ადამიანები, შიმშილის ანგელოზი, რომელიც მარად მხარზე ეჯდა, რწყილები, ტილები და ბაღლინჯოები, მძიმე შრომა, ზემდგომთა სისასტიკე… აწ უკვე მოხუც ლეოს ძველებურად აბეზრებდნენ თავს მოგონებები. ის რეალურად უკან არასდროს დაბრუნებულა. მისი სუნთქვის საქანელა საბჭოთა სისასტიკემ ჩაწყვიტა და მხოლოდ მისი მოსიარულე სხეული დააბრუნა რუმინეთში…

“მწვანე ქლიავის მიწა” რუმინეთის სხვა მძიმე პერიოდს ეხება. მთავარი გმირი და მისი მეგობრები – ედგარი, გეორგი და კურტი – ჩაუშესკუს რეჟიმის პირობებში ცხოვრობდნენ და შეძლებისდაგვარად ებრძოდნენ ტოტალიტარიზმს, რომელიც დიდად არ განსხვავდებოდა საბჭოთა რეჟიმისგან (რეჟიმი ხომ ასევე კომუნისტური იყო). საიდუმლო პოლიცია აქაც წარმატებით ებრძოდა ურჩ ახალგაზრდებს (თავად ჰერტა მიულერიც კი ემსხვერპლა მათ და საბოლოოდ გერმანიაში გადავიდა) და ან ფიზიკურად ანადგურებდა, ან ემიგრაციაში ისტუმრებდა, რაც სულიერ განადგურებას უეჭველად ნიშნავდა, ზოგჯერ კი – სიკვდილსაც… თითქოსდა მომაკვდავი დიქტატორი კი სულაც არ აპირებდა ჯოჯოხეთში გამგზავრებას… ისტორია ხომ გვამცნობს, რომ რუმინელი სისხლისმსმელი მმართველი მხოლოდ რევოლუციის შემდეგ დასაჯეს – მას შემდეგ, რაც მან უამრავი მოქალაქე იმსხვერპლა…

P.S. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჰერტა მიულერის ეს წიგნები ქართულად არ გვაქვს. თუმცა ამბობენ, რომ “მწვანე ქლიავის მიწას” მალე შემოგვთავაზებენ (შესაძლოა, სათაური სხვაგვარად თარგმნონ).

P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე თვეში “სუნთქვის საქანელა” “სიესტამ” შემოგვთავაზა.

4 Comments (+add yours?)

  1. salomeaa
    ოქტ 08, 2014 @ 18:45:06

    ჰერტა მიულერის ,,მეფე დაიხრება და კლავს” მაქვს წაკითხული და ეს ქალი პირველი მოთხრობის წაკითხვისთანავე შემიყვარდა. სამწუხაროდ რუსულ ენაზე ვერ ვკითხულობ და ქართულ ენაზე თუ თარგმნიან ძალინ ბედნიერი ვიქნები:)))))

    Like

    პასუხი

  2. Trackback: ორი ფესტივალი | კეჟერაძის ბლოგი
  3. Trackback: ისევ ჰერტა… | კეჟერაძის ბლოგი

დატოვე კომენტარი