ჯოილენდში მოგზაურობის შემდეგ არცთუ მცირე დრომ განვლო (სახლიდან შორს ყოფნისას ერთ დიდ წიგნს ქინდლის გამოყენება ვარჩიე). რამდენიმე მეტ-ნაკლებად კარგი წიგნის შემდეგ თაროდან “მისტერ მერსედესი” გადმოვიღე და რაღაც ძალიან საინტერესოსთვის მოვემზადე, თუმცა რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა…
პირველი გვერდები დეტექტივზე მეტად სასიყვარულო ისტორიის დასაწყისს ჰგავდა, თუმცა როდესაც დასაქმების მაძიებელთა რიგებში ნაცრისფერი მერსედესი შეიჭრა და უმუშვრები გადათელა, ყველაფერი თავდაყირა დადგა – ჩემი წარმოდგენაც შეიცვალა და გადამდგარი დეტექტივის – ბილ ჰოჯიზის – ცხოვრებაც…
მისტერ ჰოჯიზი სევდიანად მისჩერებოდა ტელევიზორს, მე – წვიმიან ქუჩას… და უცებ ბილმა წერილი მიიღო მკვლელისგან, რომელსაც მოკლული და დასახიჩრებული ადამიანები არ ეყო და დეტექტივთან “წათამაშება” გადაწყვიტა… თუმცა წლების მანძილზე დამნაშავეებთან მებრძოლი ჰოჯიზი გაუწონასწორებელ ოლივიას სულაც არ ჰგავდა და მისი თვითმკვლელობამდე მიყვანა არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც ბატონ მანიაკს ეგონა… და გამწარებულმა ისეთი გრანდიოზული “გამოსვლა” ჩაიფიქრა, რომ ეს საკმაოდ მოცულობითი წიგნი საოცარი სისწრაფით “ჩამაკითხა” – მერე რა, თუ მკვლელის ვინაობა არ იყო გამოსაცნობი. სამაგიეროდ, ბოლო წუთამდე არ ვიცოდი ბავშვობიდან გამოყოლილი ფსიქიკური დარღვევები მკვლელს გააკეთებინებდა იმას, რაც ჩაიფიქრა, თუ ჰოჯიზი და მისი “თანაშემწეები” – ჯერომი და ჰოლი – დაასწრებდნენ მას… ბოლო გვერდამდე დაძაბული ველოდი ახალ შეტყობინებას mercedeskiller-ისგან სოციალურ ქსელში Under Debbie’s Blue Umbrella ან ახალ ტრაგედიას…
P.S. ამბობენ, მისტერ კინგი ჰოჯიზს კიდევ შეგვახვედრებსო 🙂 მგონი, ურიგო ამბავი არ უნდა იყოს. თან ჩვენ ხომ “დიოგენე” გვყავს, რომელიც სიახლეს არ გამოგვაპარებს 🙂
%(count)s კომენტარი (+add yours?)