ოპრიჩნიკის დღე

მოსკოვი, 2027 წელი… რუსეთში ნანატრი მონარქია აღდგა და კავკასიიდან ჩინეთამდე გადაჭიმული იმპერია “რუსეთის დიდმა კედელმა” “სოდომური” მსოფლიოსგან გამიჯნა. თუმცა მტრები შინაც დარჩნენ და მათთან საბრძოლველად ოპრიჩნიკები დაიძრნენ, რათა ამოეძირკვათ “წმინდა რუსეთის” მოწინააღმდეგენი…

სწორედ ერთ-ერთი გამორჩეული ოპრიჩნიკის ერთ დღეს აღწერს სოროკინი და თანაც ისე, რომ თითქოს საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ მიქრის “ნაპახმელიარი” (სიტყვა ნაბახუსევი მასთან მიმართებაში ზედმეტად ხატოვნად ჟღერს) ანდრეი ტრადიციული წითელი მანქანით (კიდევ კარგი, ძაღლის თავის მიმაგრება არ დაავიწყდა – ეს ხომ უმნიშვნელოვანესი სიმბოლოა ოპრიჩნიკის მანქანაზე) “საქვეყნო საქმეების” შესასრულებლად. მერე რამდენი რამაა გასაკეთებელი – მოღალატე ჩამოსახრჩობია, მისი შვილები – ობოლთა თავშესაფარში ჩასაბარებლები, ცოლი – კოლექტიურად გასაუპატიურებელი, სახლი – გადასაწვავი… შემდეგ “ბიზნესის” საქმეა მოსაგვარებელი – ოპრიჩნიკი ანდრეი ხომ ერთ-ერთია იმ მცირედთაგან, რომელსაც ხელში სახელმწიფო ბეჭედი აქვს “ჩამონტაჟებული” (ჩვენ კი სულ სხვა მხრიდან ველით ანტიქრისტეს ბეჭედს)… დედოფალიც მხოლოდ მას ენდობა – სასურველი “მამრებისთვის” ჯადოს გასაკეთებლადაც მას აგზავნის და ვახშამზეც კი ეპატიჟება (თუ საუზმეზე – დედოფალს რას გაუგებ)… არასასურველი ვარსკვლავების “ჩაქრობასაც” მას ავალებს… ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ოპრიჩნიკს პირადი ცხოვრებაც ხომ აქვს – უნდა ილოცოს, იტრაპეზოს, მეგობარ ოპრიჩნიკებთან ერთად გაერთოს აბანოში და არაყს ცოტაოდენი “შესასუნთქ-გასაჩხერიც” მიაყოლოს… მერე იქნებ დიდებული ხელმწიფის მიერ “შავ სიაში” შეყვანილი “ურჩი ქვეშევრდომის” სისხლსაც კი “გამოჰკრან ხელი”…

…ასეთი “წარმატებული” დღის შემდეგ ოპრიჩნიკი მშვიდად დაიძინებს. ვალი ხელმწიფისა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წინაშე მოხდილია – ზოგი “ცოდვილი” მოკლულია, ზოგი – კედლის მიღმა გაგდებული. დანარჩენებს კი მოევლებათ – ეს ხომ ოპრიჩნიკის მხოლოდ ერთი დღეა. ხვალ ახალი დღე იქნება და ახალი სისხლი…

P.S. ალბათ ბევრი ეპიზოდი გეცნოთ. ჩვენს მეზობლებს ხომ აღწერილ მოვლენებამდე 13 წლით ადრე უკვე ბევრი მეთოდი აქვთ ათვისებული და “რადიაციული ღრუბელი” მათგან ნელ-ნელა ჩვენკენაც მოიწევს… ამიტომ სანამ ოპრიჩნიკები შემოგვესეოდნენ, სასწრაფოდ უნდა წავიკითხოთ ეს წიგნი. მით უფრო, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ ძალიან სასარგებლო საქმე გააკეთა და ნოდარ ლადარიას თარგმანი შემოგვთავაზა. იმედია, ერთ წიგნზე არ შეჩერდებიან და სხვა მნიშვნელოვან მწერლებსაც მიქცევენ ყურადღებას.

2 Comments (+add yours?)

  1. მოლი ბლუმი
    Nov 01, 2014 @ 00:16:17

    უპირობოდ შედევრია

    Liked by 1 person

    Reply

  2. Trackback: ახალი წელი ტერი პრატჩეტთან ერთად | კეჟერაძის ბლოგი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: