“მოთხრობა სიბნელეში უცნობის ნაჩქარევ კოცნას ჰგავს” – სტივენ კინგი
სიმართლე გითხრათ, მოთხრობები დიდად არ მიყვარს. ზუსტად ისეთი მკითხველი ვარ, როგორიც სტივენ კინგმა დაახასიათა შესავალში – ხანგრძლივ ურთიერთობებს ვანიჭებ უპირატესობას და ამიტომ რომანების მოყვარული გახლავართ… თუმცა მისტერ კინგმა მოახერხა და რამდენიმე დღით მოთხრობების კრებულს მიმაჯაჭვა…
პირველი და ყველაზე ვრცელი მოთხრობის – “ნისლის” – პოპულარობა სამართლიანი აღმოჩნდა. აბა, მიდით და თუ მაგრები ხართ, სულმოუთქმელად ნუ ჩაიკითხავთ უცნაურ ნისლში გახვეული ქალაქის ამბავს, რომლის მოსახლეებსაც ბურუსიდან გამოვარდნილი არსებები ესხმიან თავს. თავიდან მუტანტი ობობები, რვაფეხის “გარე ბიძაშვილები” და გიგანტურ ბუზებზე მონადირე ფრინველები ყველაზე დიდი უბედურება გეგონებათ, მაგრამ რელიგიური ფანატიზმი რომ იმძლავრებს, იქნებ სუპერმარკეტიდან პირდაპირ მათ ხახაში მოგინდეთ “ჩახტომა”… დასასრულზე საერთოდ ვერაფერს გეტყვით – ისეთი აქვს, რომ საყვარელ სტივენს იქნებ ორიოდე მკვახე სიტყვაც კი აკადროთ (სცენარისტს კიდევ “უარესი” ფანტაზიისთვის მეტიც ერგება) 🙂
ნისლიდან მალევე გამოაღწევთ, მაგრამ გაიხსენეთ, რომ ჩონჩხების გუნდში კიდევ ბევრი “წევრია” და თუ გსურთ, რომ გაიგოთ, როგორ აღმოაჩინა მისის ტოდმა მოკლე გზები, რა კავშირია სათამაშო მაიმუნსა და სიკვდილს შორის, რა იმალება ტბაში, როგორ იშლებიან და ჩნდებიან ადამიანები ცხოვრებაში ტექსტ-პროცესორის დახმარებით, რა ხდება ქვიშის სამყაროში, რატომ შეიძლება ხელის ჩამორთმევა საშიში იყოს და ა.შ., მაშინ “პალიტრა L”-ის “ჩემი რჩეული მსოფლიოს” მე-3 და მე-4 ტომები უნდა გადმოიღოთ და “გზას გაუდგეთ”… ოღონდ არ შეგეშინდეთ 😉
ნოე 13, 2014 @ 12:37:43
“სცენარისტს კიდევ “უარესი” ფანტაზიისთვის მეტიც ერგება” – ერგება, კი 😀
მე ვერ ვუყურე, არ მაქვს საკმარისად მყარი ნერვები, მაგრამ მეუღლე დამიზაფრა და გადმოცემულმა შინაარსმა მეც გვარიანად დამტვირთა. არ ვიცი, “ნისლის” წაკითხვას გავბედავ თუ არა, თუმცაღა ვიცი, რომ ფილმის ფინალი ბევრად უფრო დამძიმებულია.
“ღმერთების ტექსტ-პროცესორი” წავიკითხე, სანამ კრებული სახლში მომქონდა და საინტერესო იყო – თანაც უჩვეულო ფაბულა ჰქონდა კინგისთვის.
LikeLike
ნოე 13, 2014 @ 13:11:39
ფილმის ფინალი წიგნისგან განსხვავდებაო, რომ მითხრეს, მთლად ბედნიერ დასასრულს თუ არა, უკეთესს მაინც ველოდი 😀
LikeLike
ნოე 13, 2014 @ 17:59:30
ნახე ფილმიც?
LikeLike
ნოე 13, 2014 @ 22:19:12
ვნახე და ვინანე… მიუხედავად იმისა, რომ არ იყო ცუდი ფილმი… ასეთი “საზიზღარი” დასასრული არ მინდოდა…
LikeLiked by 1 person
ნოე 13, 2014 @ 19:52:31
კინგის წიგნებიდან “მწვანე ბილიკი” მაქვს წაკითხული მხოლოდ, ამიტომ ჯერ მის საშიშ და დამზაფვრელ სტილს ვერ “ჩავუჯექი”, მაგრამ მაინტერესებს ძალიან. ერთადერთი მგონია, რომ “უძილობა” არ მომხიბლავს, რატომღაც ვფიქრობ, რომ გამაწამებს. შენი მიმოხილვები როგორც ყოველთვის ათჯერ უფრო მეტად მანდომებს წაკითხვას. მიყვარს ამ გამოცემის წიგნები. კინგის გამოცემა რომ დაიწყეს, კაცმა არ იცის რამდენჯერ წავედი საყიდლად, მაგრამ ყოველ ჯერზე რაღაც სხვა ავიღე. ორი დღის წინაც, მურაკამის “კაფკა პლაჟზე” შემომეყიდა. იმედია მივაღწევ სტივენამდეც 😀
LikeLiked by 1 person
ნოე 13, 2014 @ 22:20:47
“მწვანე გზა” ჩემი ფავორიტია 🙂 “უძილობა” ცოტა გაწელილივითაა, მაგრამ, საერთო ჯამში, არ არის ცუდი… დანარჩენები მაშინ “მოვა”, როცა ამის დრო მოვა 😉 ახლა მურაკამის დრო ყოფილა 🙂
LikeLike