ფილიპ როთი თითქმის ორი წლის წინ გავიცანი (ასე სწრაფად გაირბინა დრომ სერია “ამერიკელების” დაწყებიდან). ალექს პორტნოის ამბავმა მაშინ დაუვიწყარი შთაბეჭდილება დამიტოვა და მას შემდეგ სულ მინდოდა ამ მწერალთან დაბრუნდება. თუმცა ხომ იცით, რომ წიგნები მაშინ მოდიან, როცა ამის დრო დგება. ამჯერადაც ჩემი და ფილიპის შეხვედრა “დიოგენეს” დამსახურებით მოხდა – სერია “დიოგენეს ბიბლიოთეკის” ფარგლებში “ამერიკული პასტორალის” გამოსვლამ “ამერიკული ტრილოგიის” სრულად წაკითხვა “მაიძულა”.
ტრილოგია სწორედ ამ “ახალი” წიგნით – “ამერიკული პასტორალით” იწყება. სამი წიგნის გამაერთიანებელი (ამერიკასა და ამერიკელ ებრაელებს თუ არ ჩავთვლით) ნათან ცუკერმანი თავისი ნაცნობისა და კერპის – სეიმურის, იგივე “შვედის” – ცხოვრების შესახებ გვიამბობს. შვედი სკოლის საუკეთესო სპორტსმენი, შემდეგ კი წარმატებული ოჯახური ბიზნესის მემკვიდრე და “მის ნიუ ჯერსის” მეუღლეა. თითქოს სხვა რა უნდა ინატროს ამერიკის მოქალაქემ… მაგრამ შვედის მშვიდი ცხოვრება წამში ინგრევა (უფრო სწორად კი ეს პროცესი ნელა, მაგრამ შეუმჩნევლად მიმდინარეობს) – სანიმუშო მამის ქალიშვილი კომუნიზმში “ვარდება” და ერთი ხელის მოსმით ანადგურებს ამერიკულ ოცნებას…
ტრილოგიის მეორე ნაწილი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება (ჩემი მოკრძალებული აზრით, რა თქმა უნდა) საოცრად შთამბეჭდავ დასაწყისს, მაგრამ არც “კომუნისტზე გავთხოვდი” გახლავთ ინტერესს მოკლებული. ნათანის უფროსი მეგობრის (უფრო ზუსტად, მასწავლებლის ძმის) აირა გოლდბერგის (ვერც წიგნის სათაურსა და ვერც მთავარი გმირის სახელზე პასუხს ვერ ვაგებ – სამწუხაროდ, ქართული თარგმანი ჯერ არ გვაქვს:) ) ამბავი საოცრად რეალურია (რამდენიმეჯერ ისიც კი გავიფიქრე, ნამდვილად ხომ არ არსებობდა). ე.წ. “კუდიანებზე ნადირობის” ეპოქაში “გაკომუნისტებული” ამერიკელი ებრაელის აღზევება და დაცემა მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ…
“ადამიანური ლაქა” ტრილოგიის ღირსეული დაბოლოებაა. ნათანის კიდევ ერთ ნაცნობთან – (ამჯერად “მოწიფულ” ასაკში “დამეგობრებულთან”) – ქოულმენ სილკთან – ახლოს ვერც შვედი მივა და ვერც აირა (მიუხედავად თავიანთი ღირსებებისა). პროფესორი სილკი მთელს ცხოვრებას საკუთარ თავთან ბრძოლაში ატარებს – თავის აფროამერიკულ წარმომავლობას გამოგონილ ებრაელობაზე “ცვლის” (რასიზმის უცნაური “ფორმაა”, არა?) და 1998 წელს, როდესაც მთელი ამერიკა ბილისა და მონიკას “რომანს” განიხილავს, მის ცხოვრებაში გარდამტეხი წამი დგება. ქოულმენი უკან მოიხედავს და აღმოაჩენს, რომ წარსულში დარჩა უარყოფილი ოჯახი, დაკარგული სიყვარული, გარდაცვლილი ცოლი, სიცრუეში აღზრდილი შვილები, დაკარგული სამსახური… აწმყოში კი – მხოლოდ სიცარიელე და 37 წლით უმცროსი საყვარელი… მომავალში – ბერძნული ტრაგედიის მსგავსი დასასრული… ფილიპ როთის შესანიშნავი “ამერიკული ტრილოგიის” დასასრული…
P.S. თუ დაინტერესდით, ტრილოგიის პირველ და ბოლო ნაწილებს მარტივად მოიძიებთ. როგორც უკვე აღვნიშნე, “ამერიკული პასტორალის” ქართული გამოცემა “დიოგენეს” ეკუთვნის, “ადამიანური ლაქა” კი “პალიტრა L”-მა შემოგვთავაზა (ამ უკანასკნელის ეკრანიზაციაც არსებობს).
P.P.S. სულ ბოლოს კი მოვუსმინოთ კომპოზიციას, რომელიც “ადამიანურ ლაქას” თავიდან ბოლომდე ფონად გასდევს:
ბოლო კომენტარები