ლიტერატურის მოყვარულებს ალბათ მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ბათუმში ახალი გამომცემლობა დაარსდა. დიახ, ეს სულ ახლახანს მოხდა, მაგრამ პირადად ჩემთვის (და ალბათ ბევრი მკითხველი დამეთანხმება) “წიგნები ბათუმში” უკვე ერთ-ერთი უსაყვარლესი გამომცემლობა გახდა და მათ ახალ გამოცემებს დიდი ინტერესით ველოდები. ჯერჯერობით “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ოთხი წიგნი გვაქვს, საყმაწვილო ხაზი კი ორი ძალიან კარგი წიგნით დაიწყო. ახლა სწორედ მათზე უნდა ვისაუბროთ.
ფილმი “ხიდი ტერაბითიაში” დიდი ხნის წინ ვნახე და ძალიანაც ვისიამოვნე, თუმცა ქეთრინ პატერსონის გაცნობაზე არ მიფიქრია. როგორც აღმოჩნდა, ვცდებოდი. მიუხედავად იმისა, რომ დასასრული უკვე ვიცოდი (ფილმის შემთხვევაში სწორედ ეს გახლდათ მთავარი ხიბლი), წიგნი დიდი ინტერესით წავიკითხე და მეტიც – ჯესის ცხოვრებამ სრულად “დამიპყრო” და თავი მის ადგილას წარმოვიდგინე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, რომ უცებ გავხდი პატარა ბიჭი, რომელიც მშობლების უყურადღებობას განიცდის, დებთან და თანასკოლელებთან ურთიერთობა უჭირს, საკუთარ ნიჭს მალავს და “უაზროდ” ცხოვრობს. ლესლი მის ცხოვრებაში სწორედ ამ დროს ჩნდება და მასთან ერთად “აშენებს” ტერაბითიას – ოცნების სამყაროს, სადაც თუ გინდა, მეფე ან დედოფალი გახდები, ან არ გახდები… ტერაბითიას წესები არ აქვს. მთავარია, ტერაბითიამდე მისასვლელი ხიდი გადო. ამას კი ლესლისნაირი მეგობრის გარეშე ვერ იზამ… თუ მოახერხებ და საკუთარ “სამეფოს” – ტერაბითიას – აღმოაჩენ, შემდეგ ყველაფერი გამოვა… ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია… მგონია, რომ ჯესის ყველაფერი გამოუვა, იმიტომ რომ ის უკვე თავისუფალია…
თუ ჯესისა და ლესლის “დისნეის” დახმარებით უკვე ვიცნობდი, ჩემი და მწვანეთითება ტისტუს შეხვედრა მთლიანად ბათუმელების დამსახურებაა.რომ არა ისინი, ვერასდროს გავიგებდი, რომ მორის დრიუონმა საფრანგეთის ისტორიაზე დაფუძნებული სერიისგან სრულიად განსხვავებული წიგნიც დაწერა – კეთილი ზღაპარი, რომელიც ერთნაირად საყვარელია დიდებისა და პატარებისთვის. ქვემეხთქალაქის სასახლეში მცხოვრები ყველასგან გამორჩეული მწვანეთითება ბიჭის (რატომ მწვანეთითება? არ გეტყვით 🙂 ) ამბავი, რომელმაც ბოროტების დამარცხების ახალ ხერხს მიაგნო, გულგრილად არავის ტოვებს. მერე რა, რომ 23 წლის ასაკში წავიკითხე – დასასრულს ცრემლები მაინც მომადგა…
P.S. თუ ეს წიგნები ჯერ არ წაგიკითხავთ, აუცილებლად წაიკითხეთ. ასაკის გამო უარს ნუ იტყვით (“კეთილი” ცრემლები ნებისმიერ ასაკში სასარგებლოა). თუ ბავშვები გყავთ, მათაც აუცილებლად წაუკითხეთ. მერწმუნეთ, პატარებს სწორედ ასეთი კეთილი წიგნები სჭირდებათ.
P. P. S. ბოლოს “დისნეის” “ხიდი ტერაბითიაშიც” გავიხსენოთ 🙂
აპრილი 14, 2015 @ 16:52:54
“ხიდი ტერაბეთიაში” ჩემთვის ერ-ერთი ფავორიტი წიგნია ❤
LikeLiked by 1 person