ჩარლი გორდონი დაახლოებით სამი წლის წინ გავიცანი. მაშინ დენიელ კიზმა მასზე ჩატარებული ექსპერიმენტის შესახებ ძალიან მოკლედ, მაგრამ საოცრად ემოციურად მიამბო… იმდენად, რომ ეს განცდა დღემდე არ მავიწყდება…
ნაწარმოების ვრცელი ვერსია ბევრად უფრო შთამბეჭდავია. ჩარლი აქაც, ისევე როგორც მოთხრობაში, გონებასუსტია (არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ…) და ოპერაციამ ჩვეულებრივი ინტელექტის მქონე ადამიანად უნდა აქციოს. წინასწარ არავინ იცის, რამდენ ხანს გასტანს ოპერაციის შედეგი, მაგრამ ჩარლის გონებრივი პროგრესი თვალნათლივ ჩანს მის ჩანაწერებში. ის უფრო და უფრო ნაკლებ გრამატიკულ შეცდომას უშვებს და მეტს აზროვნებს. საწყისს ეტაპზე ყველაფერი ძველებურადაა. ის კვლავ წარუმატებლად ეჯიბრება თაგვ ელჯერნონს, რომელმაც უკვე გაიარა ინტელექტის ხელოვნურად გაუმჯობესების ოპერაცია. მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა ხვდება, რომ ადამიანები არც ისე კეთილები არიან, როგორც მას ჰგონია და ე.წ. მეგობრები მხოლოდ დასცინიან… და მარტო რჩება, უფრო სწორად, მანამდეც მარტო იყო, როგორც მის მდგომარეობაში მყოფი ადამიანების უმეტესობა…
მოთხრობისგან განსხვავებით, რომანში დიდი ადგილი აქვს დათმობილი ჩარლის წარსულს – დედას, რომელიც ჯერ იბრძვის შვილის “დაჭკვიანებისთვის”, შემდეგ კი დანით უპირებს მოკვლას; დას, რომელიც ფიქრობს, რომ ძმა მას არცხვენს; მამას, რომელიც იცავს შვილს, მაგრამ ბოლოს იძულებული ხდება, რომ სახლს მოაცილოს… გენიოსად ქცეული ჩარლი ეტაპობრივად იხსენებს მათ და კიდევ ერთხელ რწმუნდება, რომ ე.წ. “განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები” მარადიული მარტოობისთვის არიან განწირულნი. დიახ, ის აღარ არის ასეთი, მაგრამ მეგობრები არ ჰყავს და ვერც სიყვარულშო აღწევს წარმატებას…
ელჯერნონ-გორდონის ეფექტი ჯერჯერობით რეალობას არ შეესაბამება. ჩარლი გორდონი არ არსებობს და არც თაგვი ელჯერნონია ნამდვილი, მაგრამ დენიელ კიზი ერთ რამეზე აუცილებლად დაგაფიქრებთ – კი მაგრამ, რა გვიშლის ხელს იმაში, რომ ჩვენგან ოდნავ განსხვავებული ადამიანები გვიყვარდეს, თუნდაც მათ ჩვენზე დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი ჰქონდეთ? ბოლოსდაბოლოს ადამიანობა რაღაც ციფრებით გამოიხატება თუ სულიერებით? არადა ამ ადამიანებს ბავშვურად სუფთა სული აქვთ… რა მოხდება ყველამ რომ მივიტანოთ “ყვავილები ელჯერნონის საფლავზე”?!
P.S. თუ ჯერ არ იცნობთ ჩარლი გორდონს, მაშინ გირჩევთ (მეტიც – გთხოვთ), რომ მოიძიოთ “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” ერთ-ერთი პირველი ტომი (თინათინ ხომერიკის თარგმანი). მერწმუნეთ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ.
ივნ 06, 2015 @ 18:36:26
ძალიან ემოციური და კარგი წიგნი ❤
LikeLiked by 1 person
აგვისტო 30, 2016 @ 10:22:30
დიდი სიამოვნებით წავიკითხე. მადლობა ჩემ შვილს, ირინეს, მან მირჩია. თქვენ რჩევასაც დავუჯერებდი და წავიკითხავდი.
ფილმი არ მინახავს. რაღაცნაირას “გამოფხიზლებას” მაგონებს. სწორედ ის დენირო და უილიამსი რომ თამაშობენ და როგორც ამბობენ ნამდვილ ამბავზეა აგებული
LikeLiked by 1 person