თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე მე-17 წელია იმართება. გარდა ამისა, წელს კიდევ ერთი ფესტივალი დაემატა სახელწოდებით “წიგნი და მუსიკა”. რამ გამოიწვია გამომცემლობების ორ ნაწილად გაყოფა და ზოგადად რა პრობლემებია საგამომცემლო ბიზნესში, ამაზე აქ არ ვისაუბრებ და პირდაპირ საქმეზე გადავალ 🙂
“წიგნი და მუსიკა” ფილარმონიაში გაიმართა და, სიმართლე გითხრათ, რომ არა “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა”, არც დავესწრებოდი. მათაც სულ რამდენიმე ჩემთვის სასიხარულო სიახლე ჰქონდათ: ჯონ გრინის “ალასკის ძიება” და “ჰარი პოტერის” ახალი ტირაჟი (თან ისეთი ლამაზი…). ჰარუკი მურაკამის “ნორვეგიულ ტყეს” რამდენიმე დღით დააგვიანდა, მაგრამ სამაგიეროდ აკა მორჩილაძის ხუთივე “გამოტოვებული” წიგნი ახლა ჩემს თაროზეა 🙂
ბევრად უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახლდათ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. შესაბამისად, ექსპო ჯორჯიას სრულად ათვისებას ერთი დღე არ ეყო და სამდღიანი “ლაშქრობა” დასჭირდა 🙂 თუმცა აჯობებს, თუ თანმიმდევრულად მივყვებით ჩვენს საყვარელ გამომცემლობებს.
“ილიას უნივერსიტეტის გამომცემლობამ” “ამბერის ქრონიკების” მორიგი ხუთწიგნეული შემოგვთავაზა და ამით კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ მისტერ როჯერს უსინდისოდ ვექცევი 🙂 თუმცა პირობას ვდებ, რომ 2015წელს ამ სერიის გარეშე არ დავასრულებ 🙂
“პალიტრა L”-თან ტრადიციულად განსაკუთრებული ხალხმრავლობა გახლდათ და მათ სტენდს ძლივს მივუახლოვდი. სიახლეებიდან Liberteens-ის “წიგნის ქურდი”(რომელსაც უახლოეს მომავალში წავიკითხავ) შევნიშნე. სავარაუდოდ, “გამღებიც” უნდა ყოფილიყო, თუმცა გამოგიტყდებით და არც მიძებნია. სამაგიეროდ, ძლივს აღმოვაჩინე აკას “ტავერნა ათი სექტემბერი. ქალაქის მელიები”. ამ ავტორის დამფასებლები დამეთანხმებით, რომ ასეთ ორიგინალურ წიგნს ვერ გამოვტოვებდი 🙂
წელს განსაკუთრებით იაქტიურეს “ინტელექტმა” და “არტანუჯმა”. თუ ამ უკანასკნელმა აკას წიგნს “ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს” დათო ტურაშვილის “მე რომ ფეხბურთელი ვიყო”-ც (ახალი ტირაჟი) მიუმატა და სვეტლანა ალექსიევიჩის “ჩერნობილის ლოცვა” თარგმნა, “ინტელექტმა” მთლად მილორად პავიჩის სერია გამოსცა (სულ ცოტა ხნის წინ ნათარგმნ მანსა და ლიოსაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) და მისი ქვრივიც მოიპატიჟა.
ძალიან კარგი სიახლეები შემოგვთავაზა ოჩოპინტრემაც – დოსტოევსკის “ორეული”, ნოტომის “მკვლელის ჰიგიენა” და “შიშის ველი”. ეს უკანასკნელი შერლოკ ჰოლმსის მორიგი თავგადასავალი გახლავთ და იქნებ წამიკითხავს კიდეც, მაგრამ ვერაფრით ვიხსენებ 🙂 ასე რომ, ყველაფერი წინ მაქვს.
ტრადიცია არ დაარღვია “დიოგენემ” და, მიუხედავად პრობლემებისა, მაინც უამრავი სიახლე შემოგვთავაზა: სამი წიგნი “ამერიკელების” სერიიდან (სტივენ კინგის “კერი”, ჯეფრი იუჯინიდისის “თვითმკვლელი ქალწულები”, თრუმენ კეპოუტის “ხელის აუკანკალებლად”) და ხუთი “დიოგენეს ბიბლიოთეკიდან” (სალმან რუშდის “ჯოზეფ ანტონი” და ეშმაკეული აიები”, ელის მანროს “ძვირფასი სიცოცხლე”, ჰერმან ბროხის “მთვარეულები” და მაიკლ ონდააჩის “ინგლისელი პაციენტი”). ამას ცოტა ხნის წინ გამოსული “ბნელი კოშკის” მეორე ნაწილიც დაუმატეთ და მიხვდებით, რომ “დიოგენეს” სტენდი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ 🙂
საგანგებოდ ბოლოსთვის შემოვინახე ფესტივალის დებიუტანტი, მაგრამ უკვე უსაყვარლესი გამომცემლობა “წიგნები ბათუმში” 🙂 მათი ყველა გამოცემა გარანტირებულად კარგია (მეტ-ნაკლებად, რა თქმა უნდა), მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულო გახლდათ ნატო დავითაშვილის “აიას გზა” და დავით ჭოჭუას “ალდენორი”. არა, არც “მხველის წიგნის” გამოსვლა მწყენია, არც “წყვდიადის მარცხენა ხელის”, “მეტრო 2033”-ს, “აქ ხარ ღმერთო? ეს მე ვარ მარგარეტის”, “ბიჭი ზოლიან პიჟამაში”-ს, “ბედნიერების მექანიზმების”, “მხედვარის” (არა, ეს ცოტა მეწყინა, იმიტომ რომ, სანამ ყველა ნაწილი არ გამოვა, არ წავიკითხავ 🙂 ).თავის დროზე “ფანტასტიკური ბიბლიოთეკის” პირველი წიგნების, ვერბერის “ჭიანჭველებისა” და საბავშვო თარგმანების გამოცემამაც ძალიან გამახარა, მაგრამ სამამულო ფენტეზი მაინც გამორჩეულია 🙂
P.S. გარდა ზემოთჩამოთვლილი კარგი სიახლეებისა, კიდევ მოხდა სასიხარულო ამბები – “სიესტამ” ჰერტა მიულერის “სუნთქვის საქანელა” გამოსცა, “აგორამ” – პატრიკ მოდიანოს “დორა ბრუდერი” (ვერაფრით გადამეწყვიტა, ამ მწერლის რომელი წიგნი მეცადა და ეს პრობლემაც გადაჭრილია), მაღაზიების დახლებზე კი კვლავ გამოჩნდა მარი მეტრაიეს “ღიმილის მტვერი”, რომელიც ყოველთვის ჩემს მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე იწურება. როგორც ჩანს, ეს ფესტივალი “საჩემოდ” იყო “განწყობილი” 🙂
P.P.S. მგონი, ძალიან ბევრი ვილაპარაკე 🙂 თუმცა ფესტივალების მთავარი და ყველაზე სასიამოვნო ნაწილი – “დაგემოვნება” – ჯერ კიდევ წინაა 🙂 თქვენ კი, თუ ჯერ ვერ ესტუმრეთ ექსპო ჯორჯიას, ან კიდევ დაგრჩათ “მოსანადირებელი” სასურველი გამოცემები, წიგნები ხვალაც გელიან 🙂
მაისი 30, 2015 @ 21:31:43
მეტრაიეს ღიმილის მტვერი ისედაც იაფია, 6 ლარიც არ ღირს და სანტაში აქვთ ხოლმე ნათ :*
პ.ს. ჩემთვის გამოცანად რჩება აკას ამდენ წიგნს რა გაკითხებს 😀 არა, მომწონს და ვაფასებ, მაგრამ ამდენი? 😀
LikeLike
მაისი 30, 2015 @ 21:42:21
მე რომ მომინდება, მაშინ ქრება მაინცდამაინც 😀 უკვე მაქვს და მშვიდად ვარ 😀
შიგადაშიგ სხვებს “ვუნაცვლებ” 😀 ფილარმონიაში სხვა ვერაფერი ვნახე საჩემო და მგონი საბოლოოდ ამოვწურე აკა 😀 თან საფეხბურთო ამბებს როგორ გავუშვებდი ხელიდან 😉 😀
LikeLike
მაისი 30, 2015 @ 21:44:12
ფილარმონიაში მეც ვიყიდე აკა, გამონაკლისის სახით :დ სარბიელის ორი ტომი წამოვიღე, თან მაგას ჩემს გარდა სხვებიც წაიკითხავენ სახლში და ღირდა :დ
მაინტერესებს აკა, მარა იმდენია, ყველას ნამდვილად ვერ და არ წავიკითხავ და რომელი გამოვარჩიო ეგეც არ ვიცი
LikeLike
მაისი 30, 2015 @ 21:49:53
სარბიელზე რიგი დგას უკვე. ისეთი წლებია, ყველა თაობას რომ ახსოვს 😀
ერთი დადებითი აქვს – იშვიათი გამონაკლისის გარდა 1-2 საათში იკითხება 😀 მაგრამ მგონი, “ქართულის რვეულებსა” და “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებზე” უკეთესი ჯერ არაფერი დაუწერია 🙂
LikeLike
მაისი 30, 2015 @ 23:15:23
ქართულის რვეულები არ ვიცი და “ძველის გულებისა და ხმლისა” იყო კარგი და მადათოვის ტრილოგია ძალიან კარგი
LikeLike
მაისი 30, 2015 @ 23:18:48
ე.წ. “ვაკურ” და “ლონდონურ” ამბებშიც აქვს კარგი რაღაცები, მაგრამ “ძველებურები” მაინც მირჩევნია 🙂 მადათოვი ❤
LikeLike
მაისი 31, 2015 @ 19:47:14
შენი თავგადასავალიც კარგია :3
LikeLiked by 1 person
ივნ 01, 2015 @ 17:06:46
ყველაზე მეტად ჰერტა მიულერის ,,სუნთქვის საქანელა” გამიხარდა. ,,ინგლისელი პაციენტი” და ,,მხევლის წიგნი” მეც სიამოვნებით შევიძინე.
მარი მეტრაიეს “ღიმილის მტვერი” დავიწყე და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგმა გოგომ მირჩია, მაინც ყელში გამეჩხირა და 70 გვერდის მერე ვეღარ წავიკითხე და რამდენჯერაც გამახსენდება სულ მინდა დავამთავრო და გული რატომღაც აღარ მიმდის.
LikeLike
ივნ 01, 2015 @ 18:36:08
“სუნთქვის საქანელა” და “მხევლის წიგნი” ძალიან კარგია. “ინგლისელი პაციენტიც” არ უნდა იყოს ურიგო 🙂 წიგნი ფილმს თითქმის ყოველთვის ჯობნის და როცა ეკრანიზაცია ასეთი კარგია, მაიკლ ონდააჩისგანაც კარგს ველოდები 🙂
“ღიმილის მტვერს” ამ დღეებში მივხედავ. იმედია, მოლიდინს გამიმართლებს 🙂
LikeLike
ივნ 02, 2015 @ 09:37:47
🙂 “შიშის ველი” თუ ორიგინალში არ წაგიკითხავს, ალბათ არ გექნება წაკითხული.
ქართულად აქამდე არ იყო ნათარგმნი.
LikeLike
ივნ 02, 2015 @ 16:06:04
შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები მხოლოდ ქართულად და რუსულად მაქვს წაკითხული 🙂 “შიშის ველაც” სიამოვნებით წავიკითხავ 🙂
LikeLike
ივნ 04, 2015 @ 11:42:56
🙂 ბლოგიდან მივხვდები, მოგეწონება თუ არა ^_^
LikeLiked by 1 person
ივნ 04, 2015 @ 18:15:47
ჰოლმსის არმოწონება ვერ წარმომიდგენია 🙂
LikeLike