”თუ ღმერთი არსებობს, ის არ უნდა ამსხვრევდეს და არ უნდა სპობდეს ადამიანებს – მისსავე ქმნილებებს. მე გულწრფელად მწამს, რომ ის არსებობს. მას შეუძლია გარდაქმნას თავისი ქმნილება ტანჯვის გზით, რომელიც ცოდნის გზაცაა. მაგრამ არა სამარადისო განწირვით!”
მარი მეტრაიე 1901 წელს დაიბადა შვეიცარიის მთებში. ის არც მწერალი გახლდათ, არც მსახიობი… მისი ცხოვრება თითქოს საინტერესო სულაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ასე არ არის. რატომ? იმიტომ რომ მარი ქალი იყო, ძალიან ძლიერი ქალი…
სწორედ მარის განსაკუთრებულობის გამო გადაწყვიტა მარი-მაგდელენ ბრუმანმა მისი მონაყოლის ჩაწერა და შემოგვინახა კელტური ლეგენდები, მეტრაიეთა ოჯახისა და გარშემომყოფთა ამბები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარი – ქალი, რომელმაც შეძლო შეუძლებელი. მან გადალახა ყველა წინააღმდეგობა და სამშობლოს დატოვების გარეშე მიაღწია თავის წილ პატარა წარმატებას. სხვაგვარად არც შეიძლებოდა, რადგან მარი არ ჰგავდა სხვებს – ის მცენარეებსა და ფერიებს ესაუბრებოდა, არ იყო გამოკეტილი საზოგადოებრივ და რელიგიურ ჩარჩოებში… ის თავისუფალი გახლდათ!
იქნებ იფიქროთ, რომ მე-20 საუკუნის დასაწყისის კათოლიკურ სოფელში ასე ცხოვრება შეუძლებელი იქნებოდა… მაგრამ თქვენ ცდებით. დიახ, ეს არ იყო ადვილი, მაგრამ სურვილისა და მოქმედების შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება იქცეს რეალობად. მთავარია, რომ საკუთარი სქესისა თუ უბრალოდ არსებობის გამო სინდისის ქენჯნა არ ვიგრძნოთ და ერთხელ და სამუდამოდ მივხვდეთ, რომ ღმერთმა შექმნა ყველა ადამიანი – მიუხედავად სქესისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური თუ სხვაგვარი შეხედულებებისა… ღმერთი არავის ადანაშაულებს და არავის განსჯის. მას არ სძაგს ცოდვილები და ცდილობს მათ გარდაქმნას სასჯელის გარეშე. ღმერთი სიყვარულია და სახარებაშიც სწორედ ეს წერია. უბრალოდ ზოგიერთები მას არასწორად კითხულობენ. ჩვენც ვცადოთ და სწორად ვიკითხოთ “ახალი აღთქმაც”, სხვა წიგნებიც და იქნებ ნელ-ნელა ღმერთს მივემსგავსოთ. დიახ, შეიძლება ჩვენ ვერასდროს გავხდეთ სამყაროს შემოქმედივით სრულყოფილნი, მაგრამ შეგვიძლია გავუტოლდეთ მარის და გავხდეთ მასავით მაგარი გოგო (ან ბიჭი. მისი თანამემამულენი ხომ ამბობდნენ, ჩვენ ერთი კაცი გვყავს და ისიც ქალიაო). ჩვენც შეგვიძლია ვიპოვოთ ღმერთი, რომელიც მხოლოდ ჩვენს სულში ცხოვრობს და ერთი სახელი არ აქვს, ღმერთი რომელსაც ჩვენ ვუყვარვართ! მთავარია, გამბედაობა გვეყოს. შემდეგ კი მშვიდად დაველოდებით წამს, როდესაც ჩვენს “სახეს გადაფარავს ღიმილის მტვერი” (თამაზ ბაძაღუა)…
P.S. თუ დაინტერესდით, ამ წიგნს ქართულად (რუსულად და ინგლისურად ვერაფრით მივაგენი) მოიძიებთ. მარი მეტრაიეს ნაამბობი დათო აკრიანმა გადმოაქართულა.
ივნ 06, 2015 @ 11:56:24
მარიმ აღმაფრთოვანა… მეც ძალიან მომეწონა და უცებ გადმოვიტანე ჩემი შთაბეჭდილებები ბლოგზე…
LikeLiked by 1 person