ლილე იროელთან შეხვედრის ბედნიერება დიდი ხანია არ გვქონია. გამოგიტყდებით და ეს მამაცი გმირი ძალიან მომენატრა… ასევე მომენატრა მისი არაჩვეულებრივი ქალიშვილი აია. სწორედ მასთან ერთად დავადექით გზას ახალი თავგადასავლისკენ…
იროელებთან ბოლო შეხვედრის შემდეგ მრავალი წელი გავიდა. აია დალების სამეფოდან კოლხეთში გადაბარგდა, რათა მამის სურვილის შესაბამისად კაისას ბიბლიოთეკას გაცნობოდა… დიახ, დიახ, ჩვენი უსაყვარლესი კაისა დაბრუნდა… თუთაც, თეკლაც, კოპალაც, ღვთისშვილებიც, ნაიც… ბევრი ახალი და ძალიან საინტერესო გმირიც გამოჩნდა (გერგე, ცვატა, მესეფები და ა.შ.), მაგრამ კაისას დაბრუნებამ ყველაზე მეტად გამახარა, რასაც, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვი სამსალაზე, რომელიც ნუ იტყვით და თურმე ცოცხალი ყოფილა – ბალღამის სახით შერევია მიწას და წლების შემდეგ სამყაროს ხელში ჩაგდება დაუსახავს მიზნად… ხელის შემშლელად კი სხვა ვინ მოევლინებოდა, თუ არა იროელები და მათი მეგობრები. მათ გარდა, სხვა ვინ შეძლებდა სტიქიონად ქცევას, მოტირალ დათა ხელოვნების გამოყენებას და ბოროტი ძალის დამარცხებას… ვერც ნისლების ეპოქაში დაბრუნებას გაბედავდა ვინმე… ვერავინ შეძლებდა სამყაროს გადარჩენას ნატო დავითაშვილის გმირების გარდა…
P.S. ლილეს თუ იცნობთ, ეს წიგნიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. თუ არა, მაშინ პირველი ნაწილიდან დაიწყეთ. მერწმუნეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფენტეზი “თქვენი” ჟანრი არ არის, იროელები მაინც შეგაყვარებენ თავს… ეს ნაწილი კი კიდევ ერთი რამითაა ღირშესანიშნავი – ის პირველია “იროელთა ქრონიკების” გამოცემათა შორის, რომელსაც “ბათუმური” დელფინი ამშვენებს 🙂 იმედია, გაგრძელება იქნება და კაისას ბიბლიოთეკას არ დააგვიანდება 😉
%(count)s კომენტარი (+add yours?)