რუსეთი სალტიკოვ-შჩედრინის თვალით

ორი რუსეთის არსებობის გჯერათ? გჯერათ, რომ დღევანდელი მდგომარეობა მხოლოდ პუტინის ბრალია (ან იქნებ ჩვენი) და ერთ დღეს ყველაფერი მარტივად მოწესრიგდება (ბოლო-ბოლო ერთმორწმუნეები ვართ)? მაშინ მიხეილ სალტიკოვ-შჩედრინის წიგნები გადაშალეთ და აუცილებლად მიხვდებით, რომ “რუსული პრობლემის” სათავეს ბევრად უფრო ღრმად აქვს ფესვები გამდგარი. რუსული საზოგადოების დაცემა დღეს და გუშინ არ დაწყებულა და, სამწუხაროდ, ჯერ არ დადგა ის დრო, როდესაც ამას გააცნობიერებენ (ერთეულები არ არის საკმარისი) და გამოასწორებენ…

გაინტერესებთ რა დაწერა ასეთი სალტიკოვ-შჩედრინმა? მან შექმნა ერთი ქალაქის ისტორია და მოგვითხრო ბატონი გოლოვლიოვების შესახებ… თან ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ მრავალმხრივი ემოციები გამოიწვია ჩემში…

ქალაქი გლუპოვო რეალურად არ არსებობს და მწერალმა მე-19 საუკუნის ბოლოს გამოიგონა, თუმცა ისტორიას თუ გადახედავთ, სატირის მიღმა თანამედროვე რუსეთსაც კი ამოიცნობთ. ჩანაწერები პირველი მმართველით იწყება და უკანასკნელით მთავრდება. თითქოს რუსეთის ისტორიაც ასეთია – მხოლოდ დიქტატორების ცვლა და მეტი არაფერი. გლუპოვოს მმართველებში ბევრი რუსეთის მეფეებსაც კი ხედავს და, რა თქმა უნდა, ასეცაა, მაგრამ სადისტ, სულელ, აღვირახსნილ, “უნცაურ” ხელმძღვანელებში მეფის რუსეთის შემდგომ მმართველებსაც ამოიცნობთ… ეს იმიტომ, რომ რუსეთი გლუპოვოს მსგავსად მუდამ ბელადს ეძებს და ვერაფრით გამოდის ამ “ჩაკეტილი წრიდან”…

“რუსულ გავლენას” ვერც გოლოვლიოვები აღწევენ თავს – მათთან ერთად ჩვენც. გამოგიტყდებით და, თუ გლუპოვოში მოგზაურობისას ბევრი ვიცინე (ბევრი ვიფიქრე კიდეც – აქ კომედია მეორახარისხოვანია), გოლოვლიოვოში შემეშინდა, ძალიან შემეშინდა… წარმოვიდგინე, რომ გოლოვლიოვოში სუფრასთან ვზივარ და უცებ მივხვდი, რომ ასეთი ოჯახი უამრავია და არა მხოლოდ რუსეთში (თუმცა იქ ალბათ განსაკუთრებით ბევრი)… უამრავი დედა აგროვებს ქონებას მხოლოდ ქონებისთვის და არა შვილებისთვის (რომელ მზრუნველობაზეა ლაპარაკი, როდესაც შვილების სიკვდილს სრული სიმშვიდით ხვდება), ლუკმასაც კი ამადლის ქმარ-შვილს და შედეგს შესაბამისს იღებს – სიბერეში თავად ხვდება “დამადლებულის” პოზიციაში… უამრავ შვილს ენგრევა ცხოვრება ოჯახის (განსაკუთრებით დედის) გულგრილობის გამო… უამრავ თაობას უწევს წინაპრების ცოდვების ზიდვა… და რაც ყველაზე მთავარი და საშინელია, უამრავი “იუდუშკა” არსებობს – ანგარებიანი, ხარბი, ბოროტი, გულცივი, აღვირახსნილი ადამიანი,რომელიც მხოლოდ იმაზე ოცნებობს, როგორ ჩაიგდოს ხელში მთელი გოლოვლიოვო… და ამ დროს ის მშვიდად ზის სუფრასთან, ლოცულობს, მორწმუნე ქრისტიანის ნიღაბს მიღმა იმალება და რეალურად სისხლს სწოვს ყველას… ასეთი საზიზღარი გმირი ბევრ მწერალს არ ჰყავს… ასეთი “ცოცხლად” ამაზრზენი…

P.S. სამწუხაროდ, ეს წიგნები  ქართულად არ შემხვედრია. დიახ, სალტიკოვ-შჩედრინის რუსულად წაკითხვა ერთი დიდი სიამოვნებაა (დავეთანხმოთ ვასილი აკსიონოვს იმაში, რომ რუსეთმა ჭეშმარიტად დიდებული ლიტერატურა და საიდუმლო პოლიცია შექმნა), მაგრამ მაინც მგონია, რომ მისი გაცნობის შესაძლებლობა იმ მკითხველებსაც უნდა ჰქონდეთ, რომლებიც მხოლოდ ქართულ ენაზე კითხულობენ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: