“ჩვენ დღედაღამ მოედნებზე უნდა ვყოფილიყავით. საქმე ბოლომდე უნდა მიგვეყვანა – სკკპ-ს ნიურბერგისთვის უნდა მიგვეღწია. ზედმეტად ადრე დავბრუნდით სახლებში…”
დღეს 2015 წლის აგვისტოა. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 24 წელზე მეტი გავიდა – ზუსტად იმდენი, რამდენიც ჩემი დაბადებიდან… მე არ ვარ დაბადებული საბჭოთა კავშირში და “კლასიკურ საბჭოელებს” პირადად არც ვიცნობ (საბდნიეროდ), თუმცა კარგად ვიცი (სამწუხაროდ), რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღემდე ვერ ეგუებიან ახალ ყოფას და ამის მიზეზი ერთადერთია – ისინი არიან “დაბადებულები საბჭოთა კავშირში”…
საბჭოთა კავშირში დაბადებულებისთვის დღევანდელობა “სექენდ ჰენდია”. ზოგიერთი მათგანი დიდი სიხარულით შეხვდა გორბაჩოვის ეპოქას და ახალი ცხოვრების დაწყებას, თუმცა უმეტესობა იმედგაცრუებული დარჩა. მრავალდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ვერც დაპირებული ბინები მიიღეს, ვერც ნანატრი თავისუფლებით დატკბნენ… ძალაუფლება პარტიული მუშაკებიდან მილიონრებზე გადავიდა, ხალხისთვის კი არაფერი შეცვლილა. რუსეთი ისევ თავისით “მომუშავე” “პეჩკის” მოლოდინში დარჩა… ხალხის მეორე ნაწილი წითელ მოედანზე არ გასულა – ზოგი შიშის, ზოგი კი უკვდავი იდეის გამო. მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის წინდაწინვე მიუღებელი გახლდათ ცხოვრება პარტიის გარეშე…
თუმცა საერთო ორთოდოქს კომუნისტებსა და თავისუფლებისთვის მებრძოლებს შორისაც აღმოჩნდა – საბჭოთა კავშირში დაბადებულები სიკვდილმა მოხიბლა. ისინი (განსაკუთრებით რუსები) ძალიან მარტივად ასრულებდნენ სიცოცხლეს თვითმკვლელობით ან ცდილობდნენ მაინც… დიახ, სუიციდს გამართლება არ აქვს (მე ასე მგონია), მაგრამ ძნელია არ უთანაგრძნო სვეტლანა ალექსიევიჩის გმირებს (რომლებიც, ისევე როგორც მის სხვა წიგნებში, რეალურად არსებობენ და საკუთარ ან ახლობელთა ისტორიებს გვიამბობენ), რომლებსაც სიცოცხლის გაგრძელების სურვილი აღარ აქვთ. ამის მიზეზები კი მხოლოდ საბჭოთა კავშირში დაბადებულთათვისაა გასაგები… მართლაც, ძნელია იპოვო საკუთარ თავში ძალა და წინ წახვიდე მაშინ, როდესაც მთელი ცხოვრება გჯეროდა, რომ სიმართლეს ემსახურებოდი – იქნებ კლავდი, ასმენდი, მაგრამ ამას სამშობლოსა და პარტიისთვის აკეთებდი; ან ფაშისტებს ებრძოდი და დღეს აღარავის სჭირდები; მშვიდად ცხოვრობდი აფხაზეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში ან შუა აზიაში, მაგრამ შემდეგ საკუთარი თვალით ნახე, როგორ ხოცავდნენ ერთმანეთს ძმები; დაბადებიდან გულაგში ცხოვრობდი და იქიდან გამოსვლის შემდეგაც კი ვერ შეძელი საკუთარ თავში მონის დაძლევა – ვერც სრულიად უცნობ დედასთან ურთიერთობაში და ვერც ქმარ-შვილის გვერდით; ახალგაზრდა კაცს პატიოსნად ცხოვრება გინდოდა, მაგრამ მილიცია მუდმივად გამცირებდა; ომში “კაცური ვალის” მოსახდელად წახვედი და შინ დაბრუნებულს ცარიელი სახლი დაგხვდა… შეიძლება არც ერთი ზემოთხსენებული მიზეზი არ გაქვს, მაგრამ მაინც დგამ ამ ნაბიჯს – უბრალოდ იმიტომ, რომ საბჭოთა კავშირში დაიბადე, მაგრამ აქ ცხოვრება არ შეგიძლია… არ გინდა მეორადი ცხოვრება… ან გინდა, მაგრამ არ გაცლიან – თვითმკვლელობასაც კი არ გაცლიან და გკლავენ… აი, ამდენი და კიდევ მეტი რამის გადატანა გიწევს, როცა ხარ დაბადებული საბჭოთა კავშირში, რომელიც მესამე რაიხივით უნდა გასამართლებულიყო და ასე არ მოხდა… მაგრამ რა გვიშლის ხელს, რომ საკუთარ თავში გავასამართლოთ სოვიეტიზმი? ჩვენ მაინც – ადამიანებმა, რომლებიც არ ვართ დაბადებულები საბჭოთა კავშირში…
P.S. სამწუხაროდ, არც ერთი წიგნი ქართულად არ არის თარგმნილი. თუმცა მადლობა მაინც “არტანუჯს” ეკუთვნის. რომ არა მათ მიერ შემოთავაზებული “ჩერნობილის ლოცვა”, სვეტლანა ალექსიევიჩის შესახებ არაფერი მეცოდინებოდა და ძალიან ბევრს დავკარგავდი. იმედია, ერთ წიგნზე არ შეჩერდებიან და პოსტში გამოყენებული ფრაზებიც ჩემზე უკეთეს მთარგმნელს იპოვის 🙂
P.P.S. პოსტის გამოქვეყნებიდან წელიწადზე მეტი გავიდა და გამომცემლობა “არტანუჯმა” ქართული თარგმანიც შემოგვთავაზა.
ბოლო კომენტარები