წიგნზე ან ფილმზე გიტირიათ – განსაკუთრებით ისეთზე, რომელიც ძალიან მარტივი სიუჟეტით გამოირჩევა? შეიძლება არა და იქნებ არც ჯონ ბოინის წიგნსა და მის ეკრანიზაციაზე იტიროთ, მაგრამ ძლიერ ემოციას კი ვერსად გაექცევით. ალბათ იკითხავთ, მეორე მსოფლიო ომის შესახებ ისეთი რა უნდა წავიკითხოთ, რაც აქამდე არსად გვინახავსო… მერწმუნეთ, პატარა ბრუნოს ისტორია (მიუხედავად სიმარტივისა და ბევრი უზუსტობისა) უნიკალურია…
ბრუნო აუშვიცის ბანაკის კომენდანტის შვილია, მაგრამ თავად წარმოდგენა არ აქვს ამაზე – სიკვდილის მანქანის სახელსაც კი ვერ წარმოთქვამს (ვერც ფიურერისას)… მას არც ომის შესახებ სმენია რამე და არც ებრაელების. ჩვენთვის ჰოლოკოსტი ბავშვობიდან ცნობილი თემაა, მან კი – “ჭეშმარიტმა არიელმა” – არაფერი იცის და ჰგონია, რომ ბანაკშიც მისნაირი თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ… უფრო სწორად – უფრო ბედნიერი ადამიანები, რადგან იქ ბევრი ბავშვია. მერე რა, თუ მათ ზოლიანი პიჟამები აცვიათ… ბრუნოს წარმოდგენაში მის ახალ მეგობარს საწუწუნო არაფერი აქვს… ორივე პატარა ბიჭი ერთ დღესაა დაბადებული, მაგრამ გერმანელი მოვლილი და გულუბრყვილოა, ებრაელი – გამხდარი და ნაადრევად გაზრდილი (იმდენადაც კი, რომ ბრუნოს ფერად სამყაროში მუქი ფერების შეტანას ერიდება – თითქმის არასდროს უყვება საკუთარ ცხოვრებაზე და ყველაფერს პატიობს)…
ასეთი მარტივი სიუჟეტი მოიფიქრა ჯონ ბოინმა, ძალიან მარტივი ენით დაწერა, უცნაურად სიმბოლური ფინალი დაურთო (რომელიც ფილმიდან უკვე ვიცოდი, მაგრამ ბოლო გვერდამდე ფსიქოლოგიურად ვამზადებდი საკუთარ თავს ასეთი დარტყმისთვის), მაგრამ მაინც საოცარი ისტორია შექმნა… წაიკითხეთ და თქვენც ჩემსავით თვალწინ დაგიდგებათ მავთულხლართების ორი მხარე და მათ შორის ორი ჩაჭიდებული ხელი – ერთი ჯანმრთელი, მეორე კი ავადმყოფურად გამხდარი. რატომ? იმიტომ, რომ ბავშვები არაფერ შუაში არიან. მათ არაფერი დაუშავებიათ და, მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ შეუძლიათ სიყვარული…
P.S. ბრუნოს გაცნობა უკვე ქართულ ენაზეც შეგიძლიათ. თარგმანი შემოგვთავაზა გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში”… თუ ეკრანიზაციაც არ გაქვთ ნანახი, ისიც აუცილებლად მოიძიეთ.
სექ 29, 2015 @ 12:35:38
მარტო სათაურის წაკითხვაზეც ამეტირა 😦 რომ გამახსენდა 😦
LikeLiked by 1 person
სექ 29, 2015 @ 19:04:46
ფილმი ძალიან მიყვარს ❤ წიგნმა, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმედები გამიცრუა
ზუსტად ეგ უამრავი უზუსტობა მაღიზიანებდა, არ შემიძლია მასეთ რაღაცებზე თვალის დახუჭვა
თან მითუმეტეს ჰოლოკოსტისნაირ სეროზულ თემას როცა ეხება საქმე. ბრუნოც თავისი ასაკისთვის ზედმეტად მიამიტი მეჩვენა. რა ვქნა, არაჩვეულებრივი ეკრანიზაციის გამო მეტს მოველოდი.
LikeLike
სექ 29, 2015 @ 20:32:33
დაკვირვებული ვარ, რომ თუ ჯერ ფილმს ვუყურე, წიგნი ნაკლებად მომწონს… ესეც ის შემთხვევაა…
LikeLike